GE

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მანდატურის სამსახურის დახვეწის შესახებ, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორები განათლებისა და შს სამინისტროები არიან, პარლამენტს გადაეგზავნა. კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დაიწყება. განათლების კომიტეტზე კანონპროექტს 15 მაისამდე გაიტანენ, იქამდე კი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

კანონპროექტით გათავლისწინებული ღონისძიებების ნაწილი უნდა განხორციელდეს 2018 წელს, ხოლო ნაწილი შემდგომ წლებში. მიმდინარე წელს განსახორციელებელი ქმედებების შესასრულებლად კი საჭირო გახდება დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებაც, რაც, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

კერძოდ, სკოლებში უნდა განთავსდეს ვიდეო სათვალთვალო კამერები ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლომდე. დღეის მდგომარეობით 2082 საჯარო სკოლიდან ვიდეო სათვალთვალო კამერები განთავსებულია მხოლოდ 429 სკოლაში. ამასთან, იმის გათვალისიწნებით, რომ საკანონმდებლო მოთხოვნით მანდატურის მოსამზადებელი კურსი უნდა მოიცავდეს ფიზიკურ მომზადებასაც, გაიზრდება მანდატურის მოსამზადებელი კურსის ღირებულება.

დღეის მდგომარეობით 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300  მანდატური, ამასთან, 2018 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატურის დამატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან იგეგმება 200 მანდატურის დამატება 100 საჯარო სკოლაში. განახლებული კურსით მომზადება შეეხება როგორც უკვე გადამზადებულ ისე ახალ მანდატურებსაც.

კანონპროექტით გათვალისიწინებული ღონისძიებები 2018-2019 წლებში 10.6 მილიონი ლარი დაჯდება.

კანონპროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დამატებას გეგმავს, რისთვისაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისიწნებულია 446.4 ათასი ლარი. ზემოაღნიშნული ფსიქოლოგების კოორდინაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური მოახდენს. რაც განხორციელდება „უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებით.

მანდატურის სამსახურის ფუნქციას ემატება სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე სკოლისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა. ამ ფუნქციის შესრულებასაც მანდატური უზრუნველყოფს „უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის“ პროექტით გათვალისიწნიებული ასიგნებებით.

კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის 2018 და 2019 წლებში აუცილებელი იქნება ჯამურად 10.6 მილიონი ლარი.

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია კანონპროექტში

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური