GE

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია კანონპროექტში

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მანდატურის სამსახურის დახვეწის შესახებ, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორები განათლებისა და შს სამინისტროები არიან, პარლამენტს გადაეგზავნა. კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დაიწყება. განათლების კომიტეტზე კანონპროექტს 15 მაისამდე გაიტანენ, იქამდე კი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ცვლილებათა პაკეტში საკანონმდებლო ორგანოსთვის გადაგზავნამდე არაერთი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის მანდატურის დანიშვნის, განათლებისა და მოვალეობების მიმართულებით.

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და ათავისუფლებს მანდატურის სამსახურის უფროსი. ასევე, მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის როტაცია. ხოლო სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იქნება მანდატურის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისას დასაბუთებული მიმართვა წარუდგინოს მანდატურის სამსახურის უფროსს.
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური არის შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
  • მანდატური საკუთარ მოვალეობას ასრულებს, როგორც სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესისას, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დროს.

იმასთან ერთად, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შიდა და გარე პერიმეტრის მაკონტროლებელი ვიდეოსათავლთვალო კამერების არსებობა სავალდებულო გახდება, განხორციელდება მანდატურის სამსახურის მხრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა. ინფორმაციის მიმოცვლის წესს განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები დაამტკიცებენ.

მანდატურის ასაკი და განათლება:

მანდატურის ასაკი ნაცვლად არსებული 20 წლის ზღვარისა,  21 წლამდე აიწევს. ნაცვლას სრული ზოგადი განათლებისა, საკანონმდებლო ცვლილების განხოცრიელების შემდგომ მანდატურობის კანდიდატობისათვის აუცილებელი იქნება სრული ზოგადი და პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება.

მანდატურის მოსამზადებელი კურსების ფარგლებში განხორციელდება მანდატურის ფიზიკური მომზადება. კურსები საქართველოს განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ბრძანებით დამტკიცდება.

მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება:

მანდატურს ემატება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების უფლება, მოსწავლის დათვალიერება ხორციელდება მეტალოდეტექტორის გამოყენებით ფიზიკური შეხების გარეშე, სკოლის იმავე სქესის მანდატურის, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში – სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

დაუშვებელია მოსწავლის უკონტაქტო დათვალიერება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესისის დარღევავზე ან/და შესაძლო სამართალდაღევევაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დაღვალიერების შედეგად გამოვლინდება დისციპლინური გადაცდომა ან შესაძლო სამართალდაღვევა.

მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას დამატებით უნდა ესწერებოდეს სკოლის წარმომადგენელი. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. ზემოაღნიშნული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს.

უკონტაქტო დათვალიერებამდე უნდა მოხდეს მოსწავლის გაფრთხილება ზედაპირული დათვალიერების შესახებ. თუკი აღმოჩენილია კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომლის ფლობაზე რეაგირებაც სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს, ნივთი გადაეცემა მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს საგნის ხასიათის გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის ან მოსწავლეთა ქმედებებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთლეობას, ან თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და სხვაგვარად შეუძლებელია კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენა, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია, მოსწავლის ან მოსწავლეთა განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული, საამისოდ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

მოსწავლის განცალკევება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

ფიზიკური ძალის გამოყენება მანდატურის მიერ:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ფიზიკური ძალის გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
  • მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება აქვს შემდეგ შემთხვევებიში: ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას; ბ) თუ საფრთხე ემუქრება სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოსთვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს ვარაუდი რომ პირი მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფებს. დ) სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას;
  • ფიზიკური ძალის გამოყენებამდე მანდატურმა უნდა გააფთხილოს პირი, რომ ის ფიზიკური ძალის გამოყენებას აპირებს.
  • აკრძალულია ფიზიკური ძალის გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
  • მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, მოსწავლის მშობელსა და განათლების სამინისტროს.
  • მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება ენიჭებათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

კანონპროექტი ითვალისწინებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებას, დაამტკიცოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.

კანონპროექტის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული წესის ფარგლებში სისტემურად მოწესრიგდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, მათ შორის, განისაზღვრება ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  1. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სხვა პირების მიერ განსახორციელებლი მოქმედებები;
  2. სკოლის ვიდეო თვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი;
  3. სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების წესი;
  4. მოსწავლის უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერების წესი;
  5. მოსწავლის განცალკევების წესი და განცალკევების შემდგომ სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/ანდა ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები;
  6. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების, მოსწავლის განცალკევებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმის ფორმა და შედგენის წესი;
  7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ უსაფრთხოების საკითხებზე სკოლებისათვის რეკომენდაციის მიცემის წესი, ასევე, სკოლების მიერ აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით უკუკავშირის წესი;
  8. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკა;
  9. საგანამანთლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ მეტალო დეტექტორის გამოყენების წესი;
  10. სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადანაწილებისა და როტაციის წესი;
  11. საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურობის კანდიდატის შერჩევის წესი;
  12. სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები:

1. ა) საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემის მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება;

დ) მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;

ე) მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ;

ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;

ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;

თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;

ი) დამოუკიდებლად ან საგანამანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე წესრიგისა და დისციპლინის დაცვა;

კ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული ბაზის შექმნა;

მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენება.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატური მიწვევის საფუძველზე ესწრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს და გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.

„განათლების სამინისტროს არც შნო და არც უნარი არ გააჩნია, რომ სკოლაში წესრიგი დაამყაროს“

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური