GE

მართალია თუ არა, რომ უცხო ენის შესწავლა ბავშვობაში სჯობს? – რა აჩვენა კვლევებმა

მოსაზრება, რომ უცხო ენის შესწავლა უფროსებთან შედარებით ბავშვებს უფრო უმარტივდებათ, საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. თუმცა საქმე ასეც არ არის, ვინაიდან ადამიანებს, რომლებიც უცხო ენას ზრდასრულ ასაკში შეისწავლიან, მეტი პრივილეგია აქვთ.

ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე ინგლისურ-ესპანურ ბაღში დილა როგორც ყოველთვის ხმაურით იწყება. მშობლები ბავშვებს ქურთუკების გახდაში ეხმარებიან. აღმზრდელები მათ ეხუტებიან და მხიარულად ეგებებიან: ,, Buenos dias!“. სათამაშო მოედანზე გოგონა coleta-ს (ესპანურად ,,კიკინა“) შეკვრას ითხოვს, შემდეგ თავის მეგობარს ბურთს აწვდის და უკვე ინგლისურად ეუბნება: „დაიჭირე!“.

ბაღის დირექტორის, კარმენ რამპერსადის თქმით, ამ ასაკში ბავშვები ენას კი არ შეისწავლიან, არამედ ისრუტავენ მას. ის, თუ როგორი სისხარტით ითვისებენ პატარა პოლიგლოტები უცხო ენას, მისი სიტყვების საუკეთესო ილუსტრაციაა. ბაღის ბევრი აღსაზრდელისთვის ესპანური მესამე ან მეოთხე უცხო ენაა. მათი მშობლიური ენებია: ხორვატული, ივრითი, კორეული, ჰოლანდიური და სხვ.

იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა სირთულეების გადალახვა უწევთ ხოლმე უფროსებს უცხო ენის გაკვეთილზე, ნათელი ხდება, რომ ამ საქმეს რაც შეიძლება ადრე უნდა შევუდგეთ. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ენებთან ადამიანების დამოკიდებულება არც ისე ცალსახაა. მოწიფულ ასაკში ახალი უცხო ენის შესწავლის დაწყებას კი ბევრი დადებითი მხარე აქვს. თუმცა თავისი პლუსები ნებისმიერ ასაკს გააჩნია. პატარები სხვის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს სმენით უკეთ აღიქვამენ. სკოლამდელი ასაკის ბავშვები სწორ წარმოთქმასა და ინტონაციას გასაოცარი სისწრაფით ითვისებენ. უფროსებს კი დავალებაზე უკეთესად კონცენტრირება შეუძლიათ და სიტყვების მარაგის გაფართოებისთვის საჭირო უნარები გააჩნიათ. ცხოვრებისეული გამოცდილება ბავშვებთან შედარებით მათ მეტ პრივილეგიას აძლევს.

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ანტონელა სორეისი, რომელიც ბავშვების მეტყველების განვითარებას სწავლობს, აღნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ენის შესასწავლად საჭირო უნარები არ უარესდება. მაგალითად მას გააზრებული სწავლება (პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილი) მოფყავს. მისი თქმით, პატარა ბავშვები ამ ტიპის სწავლებას პრაქტიკულად ვერ აღიქვამენ, ვინაიდან მათ ყურადღების კონცენტრაცია და ფიქრის პროცესის გაკონტროლება არ შეუძლიათ. მათი მეხსიერება სხვანაირად ფუნქციონირებს.

ერთ-ერთი კვლევის დროს ისრაელის მეცნიერებმა მონაწილეებს ხელოვნურად შექმნილი გრამატიკული წესის დასწავლა და მისი გამოყენება სთხოვეს. მეცნიერები ერთმანეთს 3 სხვადასხვა ჯგუფს ადარებდნენ: 8 და 12 წლის ბავშვები, უფროსკლასელები. უკანასკნელები ამოცანას წარმატებით გაუმკლავდნენ. 12 წლის ბავშვებმა კი ყველაზე პატარა ჯგუფზე უკეთესი შედეგი აჩვენეს. აღნიშნული კვლევის შედეგები უფრო ხანგრძლივი და მასშტაბური ექსპერიმენტის დასკვნას ემთხვევა. მასში მონაწილეობა 2000-მდე ადამიანმა მიიღო. მათი მშობლიური ენა კატალონიური ან ესპანური იყო და ისინი ახალი, ინგლისური ენის შესწავლას შეუდგნენ. ის, ვინც ენის სწავლას უფრო გვიან იწყებდა, უფრო სწრაფად ითვისებდა მას. ამგვარად, ისრაელის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ექსპერიმენტის უფროსი მონაწილეები ასაკთან ერთად შეძენილ უნარებს იყენებდნენ. პატარები კი ენას გაუაზრებლად, პედაგოგის მოსმენითა და მასზე მიბაძვით ითვისებენ.

ვის უფრო უადვილდება?

ადამიანი ახალი ენის ათვისებას სწრაფად იწყებს. ჩვილობის დროს ჩვენ 600-მდე თანხმოვნისა და 200-მდე ხმოვანი ბგერის გარჩევა შეგვიძლია, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ ენაში გვხვდება. თუმცა ცხოვრების პირველივე წლის განმავლობაში ჩვენი ტვინი იმ ხმებზე ეწყობა, რომლებიც ყველაზე ხშირად ესმის. ბავშვები საუბარს მშობლიურ ენაზე იწყებენ. ახალშობილებიც პირველი გამოცემული ხმით იმ ენის იმიტირებას ცდილობენ, რომელიც მუცლად ყოფნის დროს ესმოდათ. ასეთი სპეციალიზაცია იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ უსარგებლო უნარებს თანდათან თავიდან ვიშორებთ. მაგალითად იაპონელი ბავშვები ადვილად ანსხვავებენ ,,ლ“-ს და ,,რ“-ს, ზრდასრულისთვის კი ეს ბევრად რთულია.

პროფესორი სორეისი აღნიშნავს, რომ ცხოვრების პირველი წლები მშობლიური ენის ათვისებისთვის უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებისგან იზოლირებული ბავშვების კვლევამ აჩვენა, რომ თუ მეტყველება ცხოვრების ადრეულ ეტაპზე არ არის ათვისებული, მისი ანაზღაურება მოგვიანებით ძალიან რთულია. თუმცა მოულოდნელი ფაქტია, რომ ეს წესი უცხო ენას არ ეხება.

,,მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ნებისმიერ ასაკს განსხვავებული პირობები აქვს“, – ამბობს დანიელა ტრენკიჩი, იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლინგვისტი. მისი თქმით, ბავშვისა და უფროსის ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მისი აზრით ბავშვისა და ზრდასრული ადამიანის სამეტყველო უნარების შედარება შეუძლებელია. მაგალითად მას მოჰყავს სიტუაცია, როდესაც ოჯახი საზღვარგარეთ სახლდება. როგორც წესი, ბავშვები ახალ ენას მშობლებზე ბევრად უფრო სწრაფად ითვისებენ. ალბათ ასე იმიტომ ხდება, რომ პატარებს ახალი უცხო ენა სკოლაში სისტემატურად ესმით. მათ მშობლებს კი, სამსახურში ბევრი კონტაქტი და საუბარი არ უწევთ. გარდა ამისა, ბავშვებს ენის ათვისების უფრო ძლიერი მოთხოვნა აქვთ, ვინაიდან ის მათ სოციუმში გადარჩენისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს. ის აუცილებელია მეგობრების შეძენისთვის, კოლექტივში გაერთიანებისთვისა და ახალ გარემოსთან შეგუებისთვის.

ტრენკიჩის აზრით, ახალი უცხო ენის შესწავლისთვის ემოციური კაშირის შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 2013 წელს ზრდასრულ ბრიტანელებზე კვლევა ჩატარდა. მათ იტალიური ენის შესწავლა დაიწყეს. დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ საუკეთესო შედეგები იმ ადამიანებმა ანახეს, რომლებმაც სხვა სტუდენტებთან და პედაგოგებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება შეძლეს. ფსიქოლინგვისტის აზრით, თანამოაზრეებთან ერთად უცხო ენის შესწავლა ბევრად უფრო პროდუქტიული და სასიამოვნოა.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ონლაინ ტესტირება ჩაატარეს. მასში მონაწილეობა თითქმის 670 000-მა ადამიანმა მიიღო. მათ დაადგინეს, რომ მატარებლის დონეზე ინგლისური გრამატიკის დაუფლებისთვის ადამიანმა მისი სწავლა არაუგვიანეს ათი წლისა უნდა დაიწყოს. დროთა განმავლობაში დასწავლის უნარი ნელ-ნელა სუსტდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანი თავის სამეტყველო შესაძლებლობებს მთელი ცხოვრების მანძილზე აუმჯობესებს, მათ შორის მშობლიურ ენაშიც.

ტრენკიჩის აზრით, მატარებლის დონეზე გრამატიკის ფლობა სპეციფიკური უნარია და ის ბევრი ადამიანისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. ,,ადამიანები ხშირად კითხულობენ: რა შესაძლებლობებს მომცემს უცხო ენის ცოდნა? მეტის გამომუშავებას შევძლებ? უფრო დიდი ხელფასი მექნება? უფრო ჭკვიანი გავხდები? მაგრამ სინამდვილეში უცხო ენის ფლობის უზარმაზარი პრივილეგია ადამიანებთან ურთიერთობასა და სოციალური კავშირების დამყარების შესაძლებლობაში მდგომარეობს“, – ამბობს დანიელა ტრენკიჩი.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური