ფიზიკის მასწავლებელმა 473 უფასო ვიდეოგაკვეთილი ჩაწერა, რომლებსაც მილიონობით მოსწავლე უყურებს
რიშელიევსკის ლიცეუმის პედაგოგმა, პავლე ვიქტორმა სპეციალიზირებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის ფიზიკის გაღრმავებული კურსი შექმნა. თავის გაკვეთილებს ის სამი წლის მანძილზე წერდა და YouTube-ზე ათავსებდა. კურსი ჯამში 473 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს. თემების მიხედვით დახარისხებული მასალის ნახვა YouTube არხზე ,,РЛ Физика” და პედაგოგის პირად არხზე არის შესაძლებელი.
ვიდეოებს 8,3 მილიონზე მეტი ნახვა აქვთ. ყველაზე პოპულარული გაკვეთილი ფიზიკურ სიდიდეებსა და მათ გამოთვლებს ეხება – 150 ათასი ნახვა. ლიცეუმის საიტზე ნათქვამია, რომ დღეისათვის ეს ინტერნეტში ხელმისაწვდომი ფიზიკის ყველაზე სრულყოფილი კურსია. ის მე-9-11 კლასების გაღრმავებული პროგრამის ყველა თემას მოიცავს, დაწყებული ,,მექანიკით“ დასრულებული ,,ბირთვული ფიზიკით“.
ვიდეოების ქვეშ მოსწავლეები კომენტარებსა და კითხვებს ტოვებენ. მათზე პასუხის გასაცემად მასწავლებელი დღეში საშუალოდ ერთ საათს ხარჯავს. მისი თქმით, ზოგ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად კარგად დაფიქრებაა საჭირო, რაც მას შთაგონების წყაროს აძლევს. ვიდეო გაკვეთილებს ბევრ ქვეყანაში (უკრაინა, ყაზახეთი ბელორუსი, გერმანია) უყურებენ. პავლეს თქმით, მისი მაყურებლების დიდ ნაწილს სტუდენტები შეადგენენ. ასევე არიან უფროსი თაობის წარმომადგენლები, სავარაუდოდ პედაგოგები, რომლებიც ვიდეოებს გაკვეთილის მოსამზადებლად უყურებენ.
როგორ დაიწყო ყველაფერი
გაკვეთილების ტრანსლირების იდეა სპონტანურად გაჩნდა. ავადმყოფობის დროს, მოსწავლეები, გაკვეთილზე ვირტუალურად დასასწრებად მასწავლებელს Skype-ს ჩართვას სთხოვდნენ. ამგვარად, პედაგოგმა რამდენიმე ასეთი გაკვეთილი ჩაწერის გარეშე ჩაატარა. მისი თქმით, ეს მარტივი არ იყო, ვინაიდან დაფის საჭირო ნაწილის საჩვენებლად კომპიუტერის გადაადგილება უწევდა. გამოსახულების ხარისხიც დაბალი იყო. შემდეგ ლიცეუმში რამდენჯერმე გამოაცხადეს კარანტინი. ფიზიკისთვის კი, სწავლების უწყვეტი პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. პავლე ვიქტორის თქმით, პედაგოგისთვის დაგროვებული მასალის მოკლე ვადებში მოყოლა და ახსნა რთულ ამოცანას წარმოადგენს. ამიტომ, მან გაკვეთილების ვიდეოზე ჩაწერა და მათი ინტერნეტში განთავსება დაიწყო. ლიცეუმის ადმინისტრაციამ და მოსწავლეების მშობლებმა მის იდეას მხარი დაუჭირეს. ისინი პედაგოგს გაკვეთილების მაღალ ხარისხში ტრანსლირებისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვაში დაეხმარნენ.
რთული სამუშაო
თავიდან პავლე ვიქტორს თავისი ჩანაფიქრი ძალიან მოეწონა. მაგრამ ის ვერც კი წარმოიდგენდა რაში გადაიზრდებოდა ეს ყველაფერი. მალე გასაგები გახდა, რომ ეს ძალიან რთული სამუშაოა. ჩაწერისთვის მომზადებას, ყოველდღიურ ტრანსლირებას, კომენტარების დამუშავებასა და კითხვებზე პასუხების გაცემას, ძალიან ბევრი დრო სჭირდებოდა. თუმცა უკან დახევა გვიანი იყო, პედაგოგმა საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა. მისი თქმით, კურსის ბოლო გაკვეთილის ჩაწერის შემდეგ მან შვება იგრძნო, თუმცა მალე ეს გრძნობა ნოსტალგიით შეიცვალა.
წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ ლიცეუმის ადმინისტრაციამ დისტანციური სწავლების კურსებზე მუშაობა სხვა საგნებშიც გადაწყვიტა. სასწავლო დაწესებულებას უკვე აქვს YouTube არხები უკრაინული ენისა და მათემატიკის გაკვეთილებით.
წარმატების საიდუმლო
პავლე ვიქტორის აზრით, ონლაინ კურსის წარმატება მისმა ბუნებრივობამ განაპირობა. ,,რატომ გამომივიდა ყველაფერი? მე, უბრალოდ, ვატარებდი გაკვეთილებს, სპეციალურად არც სტუდიაში წავსულვარ და ჩემს ვიდეოებს მემონტაჟეც არ შეხებია. ეს უბრალოდ ეთერია და ამ ყველაფერს ორი უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, ეს მინიმალურ შრომას მოითხოვს. გარდა ამისა ყველაფერი იმდენად ბუნებრივად მიმდინარეობს, რომ მაყურებელს გაკვეთილზე დასწრების შეგრძნება უჩნდება“,- ამბობს პედაგოგი.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: culturemeter