GE

მათემატიკა აბიტურიენტებისთვის – „პასუხების ფურცელზე ნაწილობრივ ამოხსნილი ამოცანის პასუხიც უნდა გადაიტანოთ“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე 2023 წლის აბიტურიენტებს, რომლებმაც არჩევით საგნად მათემატიკის ჩაბარება გადაწყვიტეს ურჩევს, რომ საგამოცდო პროგრამაში ყველა საკითხი მნიშვნელოვანია და მეცადინეობის პროცესში ბეჯითად უნდა იშრომონ. ამის შესახებ საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა 10 იანვარს, „რადიო იმედის“ ეთერში ისაუბრა.

რა გეგმით უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა მათემატიკაში, რომ საგამოცდო ტესტი წარმატებით დაძლიოს – ინსტრუქცია სპეციალისტისგან

„გასულ წელთან შედარებით მათემატიკის საგამოცდო ტესტმა განიცადა სტრუქტურული ცვლილება და საგამოცდო პროგრამა და საკითხების ჩამონათვალი უცვლელია. რა ცვლილებებზეა საუბარი: ტესტი შედგება 41 დავალებისაგან. აქედან 37 დავალება არის არჩევითი პასუხებით, ეს არის დავალებები, რომლებსაც თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი. აქედან მხოლოდ ერთი არის სწორი და თქვენი ამოცანაა, ეს ერთი სწორი პასუხი მოძებნოთ და ასევე სწორად შეიტანოთ პასუხების ფურცელზე, რომელიც არის A3 ფორმატის ქაღალდზე დაბეჭდილი. პასუხები უნდა გადაიტანოთ ზუსტად ამ დავალებისთვის გამოყოფილ ადგილას. დანარჩენი 4 დავალება კი არის წერითი და თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ეს დავალება წერილობით უნდა ამოვხსნათ ისე, რომ ნაჩვენები იყოს ამოხსნის გზა, ყველა ლოგიკური გადასვლა დაფიქსირებული. წერითი დავალებები სულ არის 4. 2 არის 3-ქულიანი დავალება და 2 არის 4 – ქულიანი“, – განაცხადა ზაზა თევდორაძემ.

„რადიო იმედის“ ეთერში მან აბიტურიენტებისთვის აქტუალურ კითხვებსაც უპასუხა.

სამქულიანი დავალების შეფასება და 0 ქულის მიღების ალბათობა

– სამქულიანი დავალება არ ფასდება მხოლოდ ნული ან სამი ქულით. თქვენ შეიძლება, მიიღოთ ნებისმიერი შუალედური ქულაც. ყოველი ასეთი დავალებისთვის დგება შეფასების სქემა, რომელიც ურიგდებათ გამსწორებლებს, საგამოცდო კომისიის წევრებს. ამ შეფასების სქემაში დეტალურად არის გაწერილი, სრული ამოხსნის რა ნაწილისთვის იწრება 1 ქულა, რისთვის 2 ქულა, სამი ქულა და თუ დავალება 4 ქულიანია, ოთხი ქულა. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ სრულადაც კიდეც რომ ვერ ამოხსნათ ამოცანა, ის ნაწილი, რაც გააკეთეთ, აუცილებლად უნდა გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე. იქნებ ეს ნაწილი თქვენ არ იცით, მაგრამ გამსწორებელმა იცის, რამდენი ქულით შეაფასოს. შეიძლება, თქვენი 3-ქულიანი დავალება შეფასდეს 2 ქულით, ან 1 ქულით ან სულაც შესაძლოა, 3 ქულით შეფასდეს და საერთოდ არ დაგაკლდეთ ქულა. ეს ხდება მაშინ, როცა ბოლო, ფინალურ ეტაპზე იმდენად უმნიშვნელო ხარვეზია დაშვებული, რომელმაც ამ ხარვეზმა ვერ მიგიყვანათ საბოლო სწორ პასუხამდე, მაგრამ ამ ხარვეზში არ დაგაკლდეთ ქულა.

ტექსტის მაქსიმალური ქულა არის 51. 37 ქულას (დახურული დავალებებით მიღებული) პლუს 14 (წერითი დავალებებით მიღებული) თქვენ იცით, რომ მინიმალური ბარიერი მათემატიკისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი არის 20%-ზე მეტი, ანუ 11 ქულას თუ დააგროვებთ, მინიმალური ბარიერი გარანტირებულად გაქვთ გადალახული. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ბარიერზე უფრო მაღალ ბარიერს აწესებს. თქვენი სურვილი თუ არის, მაგალითად, ჩააბაროთ რომელიმე პროგრამაზე სადაც არის 50-პროცენტიანი ბარიერი, 11 ქულა, რასაკვირველია, არ გეყოფათ ამ ბარიერის დაძლევისათვის, მაშ ამას მივაქციოთ ყურადღება.

ამოცანის პირობის გადატანის საჭიროება პასუხების ფურცელზე

– თითონ დავალების პირობის გადაწერა არც საჭიროა და არც მიზანშეწონილი. თქვენ ამ ამოცანისთვის გამოყოფილი გაქვთ კონკრეტული სივრცე პასუხების ფურცელზე და იქ უნდა დაწეროთ უშუალოდ ამოხსნა. ამოხსნა უნდა იყოს დეტალური და არ უნდა იყოს ნახტომისებური, უნდა ჩანდეს როგორ მოხდა ევოლუცია და პირველიდან როგორ მიიღეთ მეორე მოცემულობა და ა.შ ამიტომ, ნუ გადაწერთ თავად დავალების პირობას, პირდაპირ დაიწყეთ ამოხსნა.

მექანიკურ შეცდომებზე ქულის დაკლების ალბათობა

– აქ შეცდომას გააჩნია. ყველაფერი გაწერილი იქნება თავად შეფასების სქემაში. ასევე, გააჩნია რა ეტაპზეა დაშვებული შეცდომა. თუ თქვენ შეცდომა დაუშვით საწყის ეტაპზე, რომელმაც გამოიწვია ამოცანის დრამატული შეცვლა და ძალიან გამარტივდა, მაშინ, მინიმუმ 2 ქულა დაგაკლდებათ (თუ ეს არის 3 ან 4-ქულიანი) დავალება. მაგრამ შესაძლოა, შეცდომამ არ გამოიწვიოს ამოცანის გამარტივება დრამატულად და მაშინ 1 ქულა დაგაკლდებათ. თუ შეცდომა სულ ბოლო ეტაპზეა დაშვებული, შედეგი უკვე მიღებული გაქვთ, მაგრამ შემდეგ, გამოთვლაში, გამარტივებაში რაღაც შეცდომაა დაშვებული, მარტივი შეცდომა, რომელსაც ჩვენ მექანიკურ ხარვეზს ვეძახით, ამ დროს ქულა საერთოდ არ დაგაკლდებათ და მიიღებთ მაქსიმალურ ქულას მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პასუხი არ არის მიღებული. მაგალითად: თორმეტის რაღაც მესამედი ყველამ ვიცით, რომ ოთხია, მაგრამ, რატომღაც დაგებინდათ გონება, ცუდად შეხედეთ და დაწერეთ სხვა რამე. ვთქვათ, დაწერეთ, რომ უდრის ხუთ მეორედს, ცუდად შეკვეცეთ. აი ამას ყურადღება არ მიექცევა და ის თორმეტი მესამედი, რომელიც სწორი პასუხი იყო, ის დაფიქსირდება, როგორც საბოლოო შედეგი და თქვენი ნაშრომი მაქსიმალური ქულით შეფასდება.

რა შემთხვევაში არ სწორდება ნაშრომი

– გამოქვეყნებულ კრებულში ნახავთ პროგრამას და ბოლოში არის ტესტის ნიმუში თავისი ამოხსნით. მოცემული ხშირად დაშვებული შეცდომები და ძალიან გთხოვთ, ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს შეცდომები არ გავიმეოროთ. გაეცანით ამ კრებულის ბოლოს ტიპურ შემთხვევებს და ისწავლით, როგორ არ უნდა მოიქცეთ.

ასევე იხილეთ:

საგამოცდო კრებულები და ტესტის ნიმუშები, რითი სარგებლობაც 2023 წლის აბიტურიენტებს შეუძლიათ

2023 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური