როგორ დავალაგოთ უნივერსიტეტები წარმატებით – 5 ეტაპი რჩევის სახით და მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს
2024 წლის აბიტურიენტებისთვის მთავარი საზრუნავი ახლა უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების წარმატებით დალაგებაა და როგორც თავად ამბობენ, „მომგებიანი პრიორიტეტული სია“ მარტივი გასათვლელი სულაც არ არის. EDU.ARIS.GE მათ დახმარებას შეეცადა და მივმართეთ ანა შვანგირაძეს, ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორს 14- წლიანი გამოცდილებით, რომელიც უკვე მე-5 წელია, რაც აბიტურიენტებს უნივერსიტეტების დალაგებაში ეხმარება.
სპეციალისტის რჩევებთან ერთად, გაგიზიარებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარ გაფრთხილებას ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა.
პირველი ეტაპი
თქვენ უფლება გქონდათ აგერჩიათ ერთი უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამა და ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები. გადახედეთ და ნახეთ, როგორ გაქვთ დალაგებული. ზუსტად დათვალეთ რაოდენობა. განსაზღვრეთ, რომელი უნივერსიტეტი იყო თქვენთვის პრიორიტეტული.
მეორე ეტაპი
ამოიწერეთ ყველა საგნის ის საგამოცდო შედეგი – ქულები, რომლებიც მოიპოვეთ. თუ არ გაქვთ, გადმოიწერეთ 2024 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის.
მესამე ეტაპი
თქვენს მიერ შერჩეული უნივერსიტეტები და მიმართულებები მოძებნეთ ცნობარში, გაიგეთ, რა მოთხოვნები ჰქონდათ კონკრეტულ უნივერსიტეტებს და აკმაყოფილებთ თუ არა მათ. ყურადღება გავამახვილოთ აკრედიტაციის ვადებზე. ასევე ყურადღება მივაქციოთ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალს, რაც ზოგიერთი აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანია.
მეოთხე ეტაპი
ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩამოწერეთ უნივერსიტეტები და გვერდით მიუწერეთ პლუსი, მინუსი. აქ გაითვალისწინეთ, რა იყო მათ მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თითოეულ საგანში, რამდენ სტუდენტს იღებდნენ.
მეხუთე ეტაპი
გადარჩევის შემდეგ, რაც დაგრჩებათ თავად განსაზღვრეთ.., მე გირჩევთ, პროფესიებიდან ამოხვიდეთ და არა უნივერსიტეტიდან. რადგან თქვენ პროფესიის შესწავლისთვის აბარებთ.
თუ გაქვთ უამრავი მიმართულება და მაინც ხედავთ რისკს, რომ გარეთ დარჩებით, ან სულაც არ ხედავთ ამ რისკს, ნუ იტყვით – „მე ხომ გადავლახე ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“. არა, თქვენ უნდა გადალახოთ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ზღვარი! ამიტომ, ცნობარით იხელმძღვანელეთ. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ კონკურსს, თუ რამდენს აქვს არჩეული ესა თუ ის საგანი, არის თუ არა ჩვენი ქულა საკმარისი ამა თუ იმ პროგრამაზე მოსახვედრად.
რას ნიშნავს ზღვრის გადალახვის მიუხედავად უნივერსიტეტის გარეთ დარჩენის რისკი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან.
EDU.ARIS.GE გიზიარებთ „ნაეკის“ საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის დეტალურ განმარტებებს კითხვაზე: როგორ გვირჩევთ ფაკულტეტების დალაგებას, შეიძლება მაღალი ქულით ვერ მოვხვდეთ უნივერსიტეტში?
„რა თქმა უნდა, დალაგებას გირჩევთ იმ პრიორიტეტის მიხედვით, რასაც თქვენ ფიქრობთ და გინდათ. თქვენ უფლება გაქვთ, ერთი უნივერსიტეტის გნებავთ ყველა პროგრამა აირჩიოთ, გნებავთ სხვადასხვა უნივერსიტეტის ერთი პროგრამა აირჩიოთ ან სულ სხვადასხვა არჩევანი გააკეთოთ იმ საგნის მიხედვით, რომელსაც თქვენ აბარებთ, მაგრამ ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ სასურველი პროგრამები ჩამოწერეთ“.
რაც შეეხება მეორე საკითხს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტი მაღალი ქულების მიუხედავად ვერ მოხვდეს უმაღლესში, NAEC-ის წარმომადგენლის თქმით, ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ასეთი შედეგი გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ახსნა.
„ნამდვილად შესაძლებელია, რომ მაღალი ქულა მიიღოთ და ვერ ჩაირიცხოთ, იმიტომ, რომ არჩევანი სწორად არ გქონდათ გაკეთებული. რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს: როდესაც, ვთქვათ პროგრამას გაზრდილი აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგენილ ზღვართან შედარებით. მაგალითად, ბიოლოგიაში დადგენილია 25% და მეტი, მაგრამ არის მთელი რიგი პროგრამებისა ჯანდაცვის მიმართულებით, სადაც გაზრდილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი [უნივერსიტეტის მიერ]. ვთქვათ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გახლავთ 70% და მეტი, თუ თქვენ ქულა მიღებული გაქვთ 50%-ზე მეტი, ეს თავისთავად, დაბალი შედეგი არ არის, თუ არ გაქვთ ის 70%-ზე მეტი მიღებული, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით.
თუ აბიტურიენტი ხარ და პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებები შეგაქვს – ინსტრუქცია და მითითებები
„აქვე გეტყვით, რომ ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს არჩევანი აქვს გაკეთებული, არჩეული აქვს 7-8 პროგრამა და ვერ ირიცხება ვერცერთ პროგრამაზე. რატომ?, იმიტომ, რომ თითქმის ყველა პროგრამაზე [რაც აბიტურიენტმა მიუთითა] გაზრდილი იყო კომპეტენციის ზღვარი. თუნდაც ერთ საგანში რომ ვერ გადალახოთ ის გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, სამწუხაროდ, ვერცერთ იმ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით. ამიტომ გთხოვთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ცნობარს, ეს ინფორმაცია იქ მითითებულია. თუ თქვენ აბარებთ ორ არჩევით საგანს, აირჩიეთ არამხოლოდ ის პროგრამები, სადაც ორივე საგანი ბარდება, არამედ იყოს სხვა პროგრამა, უამრავია, სადაც ვთქვათ შეგიძლიათ ბიოლოგიით ჩაირიცხოთ, აირჩიოთ ქიმია და ა.შ“, – თქვა მაია გაბუნიამ.
ჯანდაცვის მიმართულების არჩევის მსურველმა აბიტურიენტებმა გამოცდების ცენტრისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ სამედიცინო, ჯანდაცვის მიმართულებაზე, სადაც ყველა მიმართულებაზე აუცილებელია 4 სავალდებულო საგნის ჩაბარება (ქართული, უცხო ენა, ბიოლოგია და ქიმია, ფიზიკა ან მათემატიკა), თუ ოთხივე საგანში აპლიკანტი არ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს და რიგ შემთხვევაში გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ჯანდაცვის მიმართულებაზე მისი ჩარიცხვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ განხორციელდება.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024