რა გეგმით უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა მათემატიკაში, რომ საგამოცდო ტესტი წარმატებით დაძლიოს – ინსტრუქცია სპეციალისტისგან
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე თითქმის ნახევარი წელია დარჩენილი. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ზამთრის ცივ დღეებს როგორც სკოლაში, ასევე რეპეტიტორებთან ატარებენ. სწორედ ამის საპასუხოდ, EDU.ARIS.GE-აგრძელებს სტატიების სერიას მისაღები გამოცდების სხვადასხვა საგნებში სწორად მეცადინეობისა და მომზადების შესახებ და დღეს ჩვენი ინტერესის ობიექტია მათემატიკა.
EDU.ARIS.GE-ს მათემატიკის საგნის სპეციალისტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ვაზიანის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი, თინათინ გიორგიძე ესაუბრა. როგორც გავარკვიეთ, მისი სკოლის უფროსკლასელების უმრავლესობას არ ჰყავს კერძო რეპეტიტორი და სწორედ თინათინ გიორგაძე ზრუნავს, რომ მოსწავლეებმა გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენონ.
ამ სტატიაში, სპეციალისტის დახმარებით მოგიყვებით, როგორ მოიპოვოთ უმაღლესი ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ტესტში იმ შემთხვევაშიც, თუ მათემატიკური აზროვნება თქვენი ძლიერი მხარე არ არის და სხვა არაერთი დაბრკოლებაც გაქვთ.
– ქალბატონო თინათინ, ვიდრე უშუალოდ საგამოცდო ტესტზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ, აქვს თუ არა აბიტურიენტს საფუძველი იფიქროს, რომ ვერ აიღებს უმაღლეს ქულას მათემატიკაში, თუ მასწავლებელთან არ მოემზადება, როგორია თქვენი გამოცდილება?
– ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, დედაქალაქის მოსწავლეებთან ერთად, ყოველთვის არიან უმაღლესქულიანი მოსწავლლეები რეგიონებიდან, რომელთა ნაწილსაც რეპეტიტორი საერთოდ არ ჰყავს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ისინი არ ჩამორჩებიან მათ. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, რეგიონის მოსწავლეებს გამოწვევები აქვთ უცხო ენებში და თუ აბიტურიენტი არ ემზადება, მცირე შანსი აქვს, უმაღლესი ქულა აიღოს. რასაკვირველია, აქ მასწავლებლის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. დანარჩენ საგნებში სკოლებს აქვთ რესურსი, აბიტურიენტს გამოცდაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდეს, თუმცა, მოსწავლის საგამოცდო წარმატება ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, რამდენად კვალიფიციური სკოლის პედაგოგი ჰყავს მოსწავლეს, რამდენად არის თავად მოტივირებული, რა დროს უთმობს მეცადინეობას, რა შესაძლებლობები აქვს, როგორია მისი დღის რეჟიმი… განწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ოჯახური პირობებიც. თუ ბავშვს ოჯახში არ აქვს ჯანსაღი გარემო, მას უფრო მეტი ბრძოლა უწევს.
ვიტყვი, რომ ყველას აქვს შესაძლებლობები. იმის თქმა, რომ „შენ ვერ აიღებ უმაღლეს ქულას“, თუნდაც მოსწავლე ზარმაცობდეს, დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია, ამას ამბობდეს სკოლის პედაგოგი, რომელიც შეიძლება, ერთადერთი იმედი იყოს მოსწავლისთვის, რომელსაც სურს, სტუდენტი გახდეს და უმაღლესი განათლება მიიღოს. მას, ვისაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ან სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები აქვს, ეს არ უნდა უთხრა, რამდენად რთული დღეც არ უნდა გქონდეს.
ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში
– როგორი სტრუქტურის იქნება წელს მათემატიკის ტესტი და რა მნიშვნელობა აქვს მის გააზრებას?
– გეტყვით, რომ პირველ რიგში, ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს საგამოცდო ტესტის სტრუქტურა, ამგვარად მათ შეექმნებათ წარმოდგენა და უკვე შეეძლებათ, რომ გარკვეული ლოგიკა შეიმუშაონ ტესტზე მუშაობისთვის. ამის შესახებ მოგვიანებით დაწვრილებით ვისაუბრებ, იქამდე კი განვმარტოთ, როგორ გამოიყურება სტრუქტურულად აბიტურიენტის მათემატიკის ტესტი. სახეცვლილი საგამოცდო ტესტი მათემატიკაში სულ 41 დავალებისგან შედგება, საიდანაც 37 არჩევითპასუხიანი დავალებაა, 4 კი ღია ე.წ წერითი დავალება. ღია დავალება სამქულიანია და ასეთი ტესტში სულ 2 დავალებაა. აბიტურიენტებს ორი ოთხქულიანი დავალებაც შეხვდებათ. ღია დავალებების მაქსიმალური ქულაა 14. ჯამში, ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩა – 51 და უცვლელია ტესტზე მუშაობის დროც – 3 საათი. სიახლეა ის, რომ ზღვარმა დაიწია და აბიტურიენტებს ტესტის მხოლოდ 20%-ის დაძლევა მოუწევთ.
– შეგიძლიათ, გამოყოთ დავალებები, რომელთა შესრულებაც აბიტურიენტებს ყველაზე მეტად უჭირთ და ახსნათ რა იწვევს აღნიშნულს?
– ჩემი დაკვირვებით, აბიტურიენტებს ყველაზე მეტად უჭირთ ისეთი ტიპის დავალებების შესრულება, რომლებიც მათგან რამდენიმე საკითხის ცოდნას მოითხოვს. მარტივად რომ გითხრათ, ეს ისეთი დავალებებია, რომლებიც კომბინირებულ სავარჯიშოებად ითვლება. მაგალითად, როცა დავალება გვთხოვს ურთიერთპარალელური ვექტორების ცოდნას. ვთქვათ გვინდა, დავადგინოთ რამდენჯერ მეტია A ვექტორი B ვექტორზე. იმ მოსწავლისთვის, ვინც მათემატიკას დაწყებითი საფეხურიდან კარგად სწავლობდა, ეს მარტივი სავარჯიშოა. მაგრამ მათ, ვისაც გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, რომელიღაც საფეხურზე ნამდვილად გაუჭირდება დავალების შესრულება. ამ კონკრეტულ სავარჯიშოში ხშირად არის საჭირო ფორმულის ცოდნაც, კორდინატთა სისტემის ცოდნაც, მათემატიკური ანგარიშისა და განტოლებათა სისტემის ცოდნაც. თუ აბიტურიენტი ცოდნებს ერთმანეთს ვერ აკავშირებს, მას აუცილებლად გაუჭირდება ამ ტიპის დავალების შესრულება.
ასეთივე კომბინირებულ დავალებებად ითვლება: გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა, ფიგურის ფართობის პოვნა, ფუნქციის განსაზღვრის არეს პოვნა, განტოლების ამოხსნა, წერტილებს შორის მანძილის დადგენა, სვეტოვანი და წრიული დიაგრამების ანალიზი.
კვლავ გავიმეორებ, რომ ამ დავალებების შესრულება უჭირთ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც დაწყებითი კლასებიდან არ აქვთ მყარი და საფუძვლიანი ცოდნა და მოსწავლეობის გარკვეულ პერიოდებში თემების ჩავარდნა ჰქონდათ.
-როგორ უნდა დაძლიოს აბიტურიენტმა ასეთი დავალებები, მეცადინეობის რა ტაქტიკა იქნება გამართლებული?
– ჩემს რჩევებს პუნქტებად წარმოგიდგენთ:
რადგან საგამოცდო ტესტი სასკოლო პროგრამას არ ცდება, ძირფესვიანად დაამუშავეთ მათემატიკის სახელმძღვანელოები მე-7-დან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.
არჩევითპასუხიანი დავალების შემთხვევაში – ყოველთვის წერილობით ამოხსენით სავარჯიშო და ისე შემოხაზეთ სწორი პასუხი. დაუშვებელია, დავალება ინტუიციურად ან გადამოწმების გარეშე შეასრულოთ. მარტივად რომ გითხრათ, ზეპირად ან გარტყმით.
ღია დავალების შესრულების დროს – სავარჯიშოების ამოხსნის ყველა საფეხური დაწვრილებით, გამართულად, მათემატიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით დაწერეთ. თუ ამოცანა გეომეტრიულია, აუცილებლად დახაზეთ კარგი ნახაზი. დაწერეთ მოცემულობა კოპირების გარეშე, ეს გულისხმობს პირობის გაშინაარსებას თქვენს ენაზე. ამით უფრო გასაგები იქნება რას გთხოვდნენ და თქვენ რა შეასრულეთ.
ნებისმიერი დავალების შესრულებისას – დაკვირვებით წაიკითხე და გაიაზრე რას გეკითხება დავალების პირობა, რამდენ ქულიანია სავარჯიშო და თქვენი პასუხით რა ქულის აღებას შეძლებთ. აბიტურიენტი, ტესტზე მუშაობის პროცესშიც მათემატიკურად უნდა ფიქრობდეს. ეს გაგიმარტივებთ მუშაობის პროცესს და გაგიუმჯობესებთ სააზროვნო უნარ-ჩვევებსაც. დაკვირვებით წაიკითხეთ არა მხოლოდ დავალების პირობა, არამედ თქვენი პასუხიც და იფიქრეთ, ხომ არ შეგეშალათ რაიმე. თუ სავარჯიშოს ვერ ხსნით ცოდნით, მაშინ აზრი არ აქვს და გადადით შემდეგ სავარჯიშოზე, რომ დრო არ დაკარგოთ იმაზე ფიქრში, რაც არ იცით.
– თუ გაქვთ განსაკუთრებული მითითებები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად ემზადებიან და ამის გამო ღელავენ?
– რასაკვირველია, მაქვს. პირველ რიგში, მათ სრულყოფილად უნდა შეისწავლონ როგორს ტესტის სტრუქტურა, ისე საგამოცდო პროგრამა და აწარმოონ კონსპექტები. თუ საჭიროებენ, არ მოერიდოთ, მიმართონ საკუთარი საგნის მასწავლებელს ან სთხოვონ ე.წ ფორმულების ჩანაწერები, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ მოსწავლეებისთვის. იკითხონ სასკოლო სახელმძღვანელოები და იქამდე არ გადავიდნენ რთულ საკითხებზე, სანამ მარტივს სრულყოფილად არ ისწავლიან, ბევრი იმეცადინონ და ყოველდღიურად შეასრულონ მინიმუმ 3-4 სავარჯიშო.
ასევე იხილეთ:
„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება