GE

„სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ

“წელს ლიტერატურა 1 400-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს არჩეული და როგორც მეოთხე, ისე მესამე საგნად აბარებენ, მათთვის ეს ოპტიმალური არჩევანია”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ქართული ენის სპეციალისტი და სკოლის უფროსი მასწავლებელი, ირმა გოგიძე და 2024 წლის აბიტურიენტებს, რომლებიც 25 ივლისს გამოცდას ლიტარატურაში აბარებენ, წინასაგამოცდო მითითებებს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ წელს ლიტერატურის საგამოცდო ტესტში ცვლილებები არ შესულა და გამოცდა ერთ (დილის) სესიად ჩატარდება.

გამოცდისწინა გაფრთხილება სპეციალისტისგან:

“1. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფსიქოლოგიური განწყობა, იყავით მოთმინებით. სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ – საკითხზე კონცენტრირდით. გახსოვდეთ, რომ ეს გამოცდა 4 საათი გრძელდება, ამიტომ, მიირთვით დილით, მოიმარაგეთ წყალი და განეწყვეთ სამუშაოდ.

2. დაარღვიეთ სტერეოტიპი – “პროზა ადვილია, პოეზია რთულია”. წინასწარ არ იფიქროთ, პროზიდან მოვა მხატვრული ტექსტი თუ პოეზიიდან. იყავით სათანადოდ მომზადებული.

3. იმეგობრეთ შავ ფურცელთან, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 4 საათი საკმაოდ დიდი დროა. ამ გამოცდაზე ნამდვილად მოგიწევთ ბევრი წერა. გადათეთრებაც დიდ დროს წაიღებს, ეს კი დამღლელი პროცესია. დავალებებს შორის აუცილებლად გააკეთეთ შესვენებები.

4. ყველაზე რთული ბოლო დავალებაა. სანამ მხატვრული ანალიზის წერას დაიწყებთ, აიღეთ შავი ფურცელი და იქ ჩამოწერეთ ყველა ის ფრთიანი ფრაზა, ამონარიდი, ციტატა თუ ანდაზა, რომელიც საკითხზე გაგახსენდებათ. ეს გონებას უფრო მეტად გაგიხსნით და დაგეხმარებათ გაიგოთ, ადეკვატურად იაზრებთ თუ არა წაკითხული ტექსტის შინაარსს.

5. მთავარი მაინც ის არის, რომ სწორად გაიგოთ დავალების პირობა. ყურადღებით წაიკითხეთ. 4 საათი გაქვთ, მაგრამ ეს დრო ოპტიმალურად თუ არ გამოიყენეთ, შესაძლოა, არც გეყოთ და პირდაპირ თეთრი ფურცელი გამოიყენოთ.

6. აკონტროლეთ დრო. შეეცადეთ, რომ ტექსტის არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული ცოდნა გამოავლინოთ, ზოგადი ფრაზები დაივიწყეთ.

7. გამსწორებელს აჩვენეთ, რომ წიგნიერი ახალგაზრდა ბრძანდებით. თუ ტექსტი მოგთხოვთ და მოიყვანთ მაგალითებს, ეს აქ განსაკუთრებით გამოჩნდება, ამიტომ, საყვარელ ავტორებს დაესესხეთ. სხვა წაკითხულ წიგნებზეც ისაუბრეთ და აკადემიურად წერეთ”.

ცნობისთვის, 2024 წლის ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი 4 საათი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური