GE

მათემატიკაში ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტები საკითხებზე საუბრობენ – გამოცდები 2024

2024 წლის აბიტურიენტები 12 ივლისს მათემატიკის გამოცდას აბარებენ. გამოცდას ორი სესია ეთმობა და მისი ჩაბარება 17 000 აბიტურიენტს ჰქონდა გადაწყვეტილი.

EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ აბიტურიენტებს ესაუბრა და მათემატიკის პირველი სესიის ტესტებში მოსული საკითხების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

სანდრო დორეულის შეფასებით, ვინც კარგად იცის მათემატიკა, მისთვის ეს ტესტი ძალიან მარტივი იქნება.

“40 წუთი დამჭირდა, რადგან არ ვიყენებდი შავ ფურცელს და პირდაპირ ვათეთრებდი. ვაბარებ გრაფიკულ დიზაინზე. ალგებრიდან გავიხსენებ ასეთ დავალებას: იყო მანქანა, რომელიც მიდიოდა კონკრეტული სიჩქარით, უნდა გამოგვეცნო A პუნქტიდან B პუნქტამდე რა დრო დასჭირდებოდა, რომ მანძილი დაეფარა. შერეული ტესტი იყო. წილადებზე იყო დავალებები, ასევე პროცენტებზე. უმეტესობას ფორმულებით გამოთვლა სჭირდებოდა. იყო პროპორციები, კათეტების ჯამზე რომ არის ფორმულა, აი, ის გამოვიყენე. ასევე, პირამიდებზეც მოვიდა სავარჯოშოები. ძალიან გასაგებ ენაზე იყო პირობა ახსნილი”, – გვითხრა სანდრომ.

ალექსანდრე ფიცხელაური კი ფიქრობს, რომ ალგებრის ნაწილი გეომეტრიულზე რთული იყო.

“ტრაპეციების შესახებ იყო ბოლო, 4-ქულიანი დავალებები და შედარებით რთული იყო ეს ნაწილი. ძირითადი თემატიკა დავალებების იყო სამკუთხედებზე, კათეტებზე, პროცენტების გამოთვლაზე. მაგალითად, ასეთ დავალებას გავიხსენებ: საათი იყო გრადუსული ზომის მიხედვით და უნდა გამოგვეცნო წრიულ დიაგრამაზე რა მონაკვეთს იკავებდა. ტრაპეციებზე დავალება A, B, C, D სიმაღლეებზე იყო. რაც შეეხება პროცენტებს და წილადებს, დასაწყისშივე იყო მათზე დავალებები. ჩემთვის ალგებრის ნაწილი ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეომეტრიული. ბიოსამედიცინოზე ვაბარებ, ბიოლოგიის, ფიზიკის ან ქიიმიის არჩევაც შემეძლო, მაგრამ მათემატიკას ბევრად კარგად ვსწავლობდი, ამიტომ შევარჩიე”, – გვიხსნის ალექსანდრე.

კიდევ ერთ დავალებას იხსენებს ტესტირებიდან გამოსული ანა დათაშვილი, რომელიც თვლის, რომ მათემატიკას მაღალ ქულაზე ის აბიტურინტები დაწერენ, რომლებსაც პროგრამა სრულყოფილად აქვთ გავლილი:

“საკოორდინატო სიბრტყეზე მახსენდება დავალება, ლუწ და კენტ რიცხვებზე, ასევე, ძალიან ბევრი კითხვა მოვიდა პროპორციებზე. სამკუთხა პირამიდაზეც იყო, გეომეტრიაში. საშუალო სირთულის ტექსტი იყო. გეომეტრიული ნაწილი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა და, ალგებრას რაც შეეხება, მომეჩვენა, რომ გართულებული იყო წინა წლებთან შედარებით. თითქმის მთელი პროგრამა შემოვიდა, გაბნეული იყო სხვადასხვა საკითხებში და, ალბათ, მაღალი ქულაზე ის დაწერს, ვისაც მთელი პროგრამა სრულყოფილად აქვს გავლილი. მე მხოლოდ 5 თვე მოვემზადე და ბოლომდე ვერ მოვასწარი, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ”.

ლუკა ბურდული მეორე სესიის აბიტურიენტებს რჩევას აძლევს:

“მეორე ნაკადს ვურჩევ სივრცულ ფიგურებს გადახედონ. პირამიდა, პარალელოგრამი, მართკუთხა პრიზმა – ჩვენ ეს შეგვხვდა. ვექტორებზეც იყო კითხვა. ასევე, გაძვირდა თუ არა ფეხსაცმელიო. პროცენტი იყო მოცემული და რამდენჯერ გაძვირდა, ამას გვეკითხებოდნენ. ვექტორებზე კითხვაში უნდა გვეპოვნა მათი მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ ტესტის შესრულება გაუჭირდებოდათ მათ, ვისაც მთელი პროგრამა არ შეუსწავლიათ, ან მხოლიდ მათემატიკურ ნაწილში იყო კარგად მომზადებული. მე გეპეიში ვაბარებ, მათემატიკა მჭირდებოდა, ინფორმატიკის მიმართულებაზე სავალდებულო საგანია”.

მეთერთმეტეკლასელი დაჩი ვარსიმაშვილი, რომელიც EDU.ARIS.GE-ს 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან ესაუბრა, დეტალურად იხსენებს დავალებებს და ამბობს, რომ წელს ეროვნულ გამოცდებზე ტესტებისა და სიტუაციის სანახავად გავიდა, რათა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი მზადყოფნა ჰქონდეს მისაღები გამოცდებისთვის:

“გაიგეთ A პარამეტრის მნიშვნელობა, თუ ეს წერტილები არის 1-A, 2-A და -1, წერტილები თანაბრადაა დაშორებული საკოორდინატო სათავიდან; წრიული სექტორის ცენტრალური კუთხე არის 2a რადიანი, ჩახაზულია წრე, რომელიც ეხება რადიუსსა და წრეწირს. იპოვეთ გაფერადებული ფიგურა თუ სექტორის რადიუსი r-ია;

მანქანა A-დან B პუნქტამდე X დროში გადის. თუ დაგეგმილზე 12 წამით მალე გაივლის, 1 საათს მოიგებს, თუ 2კმ/სთ ნაკლები სიჩქარით გაივლის, 15 წუთს წააგებს. იპოვეთ თავდაპირველი დაგეგმილი სიჩქარე;

Abcd ტრაპეციაა, f წერტილი ისეა დასმული, რომ ab-ს პარალელურია, abe, abf, afc, efc, სამკუთხედებია. Af მონაკვეთია, სიმაღლე არის 10სმ და ფუძეები 12სმ და 16სმ. იპოვეთ სამკუთხედების ფართობების კვადრატული უმცირესი მნიშვნელობის ჯამი. გეომეტრია, ალბათობის თეორია და ლოგარითმები იყო ბევრი. დანარჩენი შერეულად.”

მათემატიკის რეპეტიტორი, გიგა კუჭუხიძე რომელიც 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან ჩავწერეთ. ამბობს, რომ თუ აბიტურიენტების მიერ გახსენებულ ამოცანებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, ამ წლის საგამოცდო მარტივად შეგვიძლია შევაფასოთ:

“ჯერჯერობით, დაახლოებით, 10 ამოცანაა გამოტანილი და მათზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, არაფერია ახალი. ყველა ამოცანის მსგავსს ვიპოვით თოფურიას სახელმზრვანელოში და, როგორც ჩანს, ეს გამოცდა მეტად მარტივია, ვიდრე წინა წლების”.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 15 ივლისს ისტორიის გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური