GE

„მათემატიკის ტესტი რთული კი არ იყო, ბავშვები იმდენად არიან ჩამორჩენილები, ვერ ხვდებიან, რა შეხვდათ“ – სპეციალისტის აზრი

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 13 800-ზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკის ჩასაბარებლად იყო დარეგისტრირებული. გამოცდიდან გამოსული გამოსაცდელების უმრავლესობა კი ჩიოდა, რომ წელს ტესტი ძალიან რთული იყო და საკითხები ნორმალურად ვერც გაიაზრეს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში, აბიტურიენტების ჯგუფებში ჩიოდნენ.

მათემატიკის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები წერდნენ:

„ამ ყველაფერს ასე ვტოვებთ? რამე არ მოვიმოქმედოთ? არ მოვითხოვოთ სამართლიანობა? პირველი ვარიანტი ვიყავი. საშინელება დამხვდა. ვნატრობდი ნაცნობ თემას. მეორე ვარიანტიც არ ჩამოუვარდება, როგორც ვიცი. ე. ი. ორივე ვარიანტს პრობლემა გვაქვს და მარტო ერთის რთულად გამოცხადება საქმეს ვერ უშველის“.

„ეს რა უბედურება იყო? როცა სკოლებში არ ასწავლიან მათემატიკას ნორმალურად, არ შეიძლება ასეთი სირთულის ტესტები დაუდო ბავშვებს. პირველი ვარიანტის ერთ-ერთ სამქულიანში, გეომეტრიულ პროგრესიაზე ისეთი საზიზღრობა რიცხვები დაჯდა და იმდენი იყო საწერი, რომ მართლა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. უსამართლობაა, ყველა ვეკუას და კომაროვის სკოლებში ხო არ დავდივართ, აშკარად მათზე იყო ეს ტესტი გათვლილი“.

„რაღაც იღონეთ, ასე არ შეიძლება. ურთულესი იყო თითქმის ყველასთვის. გადაავლეთ თვალი აბიტურიენტების ჯგუფს. ან ამ კონკრეტულ ტესტზე დაწიეთ ბარიერი მათემატიკაში ან ქულები მოუმატეთ. მომავალ წელს კი გაითვალისწინეთ სირთულის დონე! არც პანდემია გაითვალისწინეთ, არც ონლაინ სწავლება და არც სწავლების დონე სკოლებში და ტესტს რის საფუძველზე ართულებთ?“

„სინამდვილეში, შეინიშნება ტენდენცია, რომ მათემატიკის გამოცდაზე გასატან საკითხებს ყოველ წელს აადვილებენ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, გიორგი სიხარულიძე. იმ ამბავს, რომ აბიტურიენტების უმრავლესობას გამოცდიდან საკითხებიც კი ვერ გამოაქვთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ტესტის კარგად შესრულებაზე, მათემატიკოსი ზოგადად განათლების სისტემის ხარვეზს უკავშირებს.

„საკითხებიც კი ვერ გამოიტანეს, რა დაწერეს, რადგან ზოგადად, სწავლის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და მოსწავლეების მოტივაციაც დაბალია. გონებას აქვს თვისება, რომ როცა რაღაც გზას გადის, ითვისებს ტექნიკას, ასე უცებ კი არა, საერთოდ არ ავიწყდება. აქ კი, როგორც კი გამოცდა ჩააბარა და გამოიხურა კარი, აღარაფერი ახსოვს, ანუ სწავლობს იმისთვის კი არა, რომ ცოდნა შეიძინოს, არამედ იმისთვის, რომ გამოცდა ჩააბაროს. ამ გამოცდის შესაბამისი კი არა, როგორც ვხვდები, ბევრად იოლი საკითხები იყო. ეს საუბრები გამომდინარეობს არა იქიდან, რომ ტესტი არაკომპეტენტურად იყო შედგენილი, არამედ იქიდან, რომ ბავშვები იმდენად არიან ჩამორჩენილები, ვერ ხვდებიან, რა საკითხები შეხვდათ, რადგან არ იციან საგანი. თითქმის ყველა ამბობს, რომ 32-ე დავალება ვერ გაიგეს. 1 ქულიანებზე, მოსწავლეებმა მითხრეს, ადვილი იყო და უცბად დავწერეთო. ძირითადად, რაც გამოიტანეს, ის არის, რომ დავალება იყო გეომეტრიულ პროგრესიაზე, ტრიგონომეტრიული ამოცანაც შეხვდათ, კუთხე ვექტორებს შორის…“, – გვითხრა მასწავლებელმა.

გიორგი სიხარულიძე უნარების გამოცდის გაუქმებას მიუღებლად მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ ეს გამოცდა ყველაზე მეტად იმაზე იყო ორიენტირებული, მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნება გამოევლინა. „უნარი კი იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში უნდა ირიცხებოდეს არა ყველა, არამედ უნარიანი ბავშვები და შემდეგ მათგან გამოდიოდნენ კარგი სპეციალისტები“.

„სულ ტესტში 35 ამოცანაა, 51 ქულაა მაქსიმალური და 9 ქულამდე დაწიეს გამსვლელი ქულა. 51-დან 9 ქულას რომ აიღებს მათემატიკაში ბავშვი, ის უმაღლეს სასწავლებელში მისაღებია? უმაღლესი სასწავლებლები ბიზნესად არის ქცეული. განათლება და რელიგია რომ გადაიქცევა ქვეყანაში ბიზნესად, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ჰარვარდში, ოქსფორდში, კემბრიჯში, მასაჩუსეტსში და მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებში ხომ სწავლის გადასახადი ჩვენთან შედარებით ბევრად მეტია, მაგრამ ისინი საქმიანობას საკუთარი სახსრებით ვერ აუდიან, რადგან პროფესორ მასწავლებლებს უხდიან გაცილებით მეტს, ინფრასტრუქტურა აქვთ თანამედროვე, ტექნიკა… სპონსორები ჰყავთ და სტუდენტების გადახდილ ფულს სპონსორების მიერ შემოწირულს ამატებენ, რომ განათლების დონე აწიონ. ჩვენ კი ყველა გამოცდას ვაუქმებთ, რომ ადვილად დაამთავრონ, ადვილად მოეწყონ უნივერსიტეტებში. ესე იგი, მოსწავლეებს ვუყურებთ, როგორც კლიენტებს. განათლებიდან კი ფულის შოვნა არ შეიძლება”, – ამბობს მათემატიკოსი.

როგორც პედაგოგი ამბობს, იმისათვის, რომ სკოლებში სწავლების დონე გაუმჯობესდეს, საჭიროა, განათლების სისტემა პროფილურ სწავლებაზე გადავიდეს. მისი აზრით, არ შეიძლება, მათემატიკის გაკვეთილზე 30 ბავშვი იჯდეს.

„მე მათემატიკის მასწავლებელი, აინშტაინიც რომ ვიყო, 30 აბსოლუტურად განსხვავებული ათვისების უნარისა და მოტივაციის მოსწავლე რომ მიზის კლასში, ვერ ვასწავლი სათანადოდ. ამიტომ არის საჭირო, პროფილური სწავლება. ნებისმიერი საქმე რომ გაკეთდეს, უნდა იყოს დამკვეთი და შემსრულებელი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო გამოდის დამკვეთის როლში, რადგან ის უნდა იყოს დაინტერესებული, ჰყავდეს მაღალი დონის სპეციალისტები. მაღალი დონის სპეციალისტები რომ ჰყავდეს, სახელმწიფომ უნდა დაუწესოსს უნივერსიტეტს სტანდარტები, რომელთა შესასრულებლად უნივერსიტეტს მოუწევს სწავლების უკეთ ორგანიზება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა დიპლომებმა დაიმსახუროს საერთაშორისო აღიარება და არ იყოს მხოლოდ მშობელთა პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი ატრიბუტი. ამის შემდეგ, თავად უნივერსიტეტი უნდა იყოს დამკვეთი და სკოლა – შემსრულებელი. სკოლა რომ პროფილურ სწავლებაზე გადავა, ასეთი კავშირიც ადვილად დამყარდება. ტრაბახობენ, ასეთი და ასეთი ახალგაზრდები გვყავსო. ასეთი ახალგაზრდები მხოლოდ 5%-ია და ეს ჩვენი განათლების სისტემის კი არა, ღმერთის დამსახურებაა ანუ ნიჭის. ჩვენი ნიჭიერი ბავშვები კი უწევენ კონკურენციას სხვა ქვეყნების ნიჭიერ ბავშვებს, მაგრამ დანარჩენი 95% ბევრად ჩამორჩება მათ 95%-ს“, – ამბობს გიორგი სიხარულიძე.

მათემატიკოსი მიზეზს, რომ მოსწავლეებს ამ საგნის გააზრება უჭირთ, დაწყებითის პედაგოგების შედარებით დაბალ კვალიფიკაციაშიც ხედავს.

„მათემატიკაში ბავშვებს უჭირთ პირობის გაგება და არა ამოხსნა. შესაბამისად, გააზრების პრობლემა უფროა. ამოხსნის მეთოდებს ადვილად ითვისებენ. თუ გაიგეს, რას ეკითხებიან, ამოხსნიან, მაგრამ უფრო ხშირად, ვერ იგებენ. ამიტომ ვთვლი, რომ პრობლემა დაწყებითების მასწავლებლებშიც უნდა ვეძებოთ. მათი მომზადების დონე მნიშვნელოვნად დაბალია და ბავშვებს იმიტომაც უჭირთ შემდეგ ყველაფრის გააზრება. შეიძლება დაწყებით კლასებში მათემატიკა მათემატიკოსმა უნდა ასწავლოს და ეს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ. სკოლაში არ ვიშურებ ძალას და ენერგიას, მაგრამ ხშირად მაინც არაფერი გამოდის. გამოცდები აღარ არსებობს, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვების აზროვნების დონე დაბლა დაგვეწია. ყოველი კლასის ბოლოს რომ გამოცდები იყო, მაშინ მაინც ისხდნენ და რაღაცას აკეთებდნენ. ონლაინ რეჟიმის გამოც შეფერხდა პროცესი. მეც ლოიალურად დავიწყე ქულების დაწერა. ადრე უფრო მკაცრად ვწერდი, ახლა კი, პანდემიის გამო, შევედი ადამიანების მდგომარეობაში. ისედაც უჭირდა ხალხს და კიდევ საშემოდგომო გამოაყოლო ბავშვს, კლასში ჩატოვო… ვერ აკეთებ ამას. იშვიათად შეხვდებით შეგნებულ მშობელს, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ ბავშვმა ცოდნა მიღოს. მხოლოდ ნიშანი უნდათ“, – გვითხრა მათემატიკის მასწავლებელმა.

ასევე იხილეთ:

როგორ ირჩევენ მშობლები რეპეტიტორებს აბიტურიენტი შვილებისთვის – რჩევები და მოსაზრებები საგამოცდო ცენტრიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური