GE

როგორ ირჩევენ მშობლები რეპეტიტორებს აბიტურიენტი შვილებისთვის – რჩევები და მოსაზრებები საგამოცდო ცენტრიდან

მას შემდეგ, რაც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, აბიტურიენტების ინტერნეტჯგუფებში და ყველგან, სადაც გამოცდებზე საუბრობენ, არაერთ კითხვას შეხვდებით სხვადასხვა საგნის მასწავლებლის მაძიებლებისგან: „მათემატიკის მასწავლებელი მჭირდება გლდანში“, „ისტორიის რეპეტიტორი მირჩიეთ სამგორის ტერიტორიაზე“, „ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვის მირჩევთ“… ასეთი კითხვები ისმება უმეტესად სასურველი ტერიტორიის დაკონკრეტებით.

აბიტურიენტობის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცხოვრებაში და სხვა არაერთ გასათვალისწინებელ ფაქტორთან ერთად, მშობლები დიდ ყურადღებას აქცევენ შვილის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად რეპეტიტორების შერჩევის საკითხს. მათ შორის, როგორც ჩანს, მშობლები იმასაც ითვალისწინებენ, რომ აბიტურიენტს დრო მგზავრობაშიც უნდა დაეზოგოს და ცდილობენ, სასურველი სპეციალისტი საცხოვრებელ სახლთან ახლოს შეარჩიონ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ხშირად ერთი ან ორი წლით ადრე იწყებს მომზადებას და მშობლებსაც უწევთ, მალევე დაიჭირონ თადარიგი, რომ საკუთარი შვილებისთვის „საუკეთესო რეპეტიტორები“ დროულად იპოვონ.

საინტერესოა რა კრიტერიუმებით არჩევენ მშობლები მასწავლებლებს საკუთარი შვილებისთვის. უნდა იყოს თუ არა ის მკაცრი, მომთხოვნი, აქვს თუ არა მნიშვნელობა მის ასაკს და პროფესიას. ამ საკითხებზე, მომავალი აბიტურიენტების მშობლებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე მშობლებს 8 ივლისს ვთხოვეთ.

მშობლები თანხმდებიან ერთ რამეზე და EDU.ARIS.GE-სთან არ მალავენ, რომ ყველა მშობლისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ მათ შვილებს რეპეტიტორები არ დასჭირდებოდათ და მხოლოდ სასკოლო განათლებით შეძლებდნენ უმაღლესში ჩაბარებას, მაგრამ, მათი თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა საქართველოში ამის შესაძლებლობას არ ტოვებს. სწორედ ამიტომ, ამბობენ, რომ რეპეტიტორების აყვანა ძალიან საფრთხილო საქმეა ზუსტად იმის გამო, რომ სასკოლო განათლება ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ერთ-ერთი მშობელი, რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, რომ ბევრი ფაქტორი განაპირობებს რეპეტიტორის სიკარგეს, მაგალითად ის, თუ რამდენად ყურადღებიანი, ორგანიზებული და პუნქტუალურია მასწავლებელი. როგორი გადმოცემის უნარი აქვს.

„განათლება შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი საქმისთვის, მაგრამ აქ მთავარი არის, როგორ გადმოსცემენ ისინი საკუთარ ცოდნას, სხვა შემთხვევაში რა ფასი აქვს რეპეტიტორს?! მე რომ შევარჩიე რეპეტიტორი, ვიცოდი, რომ განათლებულთან ერთად, იყო მკაცრი, მომთხოვნი, რომელიც ნამდვილად ვიცი, მოსთხოვს საკუთარ მოსწავლეს, რასაც ასწავლის“, – გვითხრა რუსუდან გიგაშვილმა.

ის მომავალი აბიტურიენტების მშობლებს ურჩევს, რომ კარგი იქნებოდა, რეპეტიტორს სწავლის დაწყების წინ გაესაუბრონ იმის გასაგებად, რათა გაარკვიონ, რამდენად მოწადინებულია თავად მასწავლებელი.

„ჩემი აზრით, რეპეტიტორის არჩევის წინ მათ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმონ მასწავლებლის ხედვა სწავლისადმი და მიდგომა ბავშვებისადმი. მე მგონია, მასწავლებელი უნდა იყოს ისეთი, რომ, პირველ რიგში, საკუთარი მიდგომებით მოანდომოს ბავშვს საგნის საფუძვლიანი შესწავლა“, – ამბობს რუსუდან გიგაშვილი მშობლებისთვის.

ასევე ფიქრობს 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე კიდევ ერთი მშობელი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, მასწავლებელს თავად უყვარდეს საკუთარი საქმე, რადგან თვლის: „რეპეტიტორი, რომელსაც საქმე არ უყვარს, აბიტურიენტებსაც შეაზიზღებს საგანს“.

მშობელი ამბობს, რომ მის ოჯახში ორი აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. ერთს მისი საგნის მასწავლებელი ამზადებს, ხოლო მეორეს ჯერ ახალგაზრდა, ნაკლები გამოცდილების მქონე რეპეტიტორი. ჩვენი რესპონდენტი ამ ორ მასწავლებელს ერთმანეთსაც ადარებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა, ჯერ შედარებით გამოუცდელი რეპეტიტორი, ბევრად უფრო კარგ შედეგს აჩვენებს, ვიდრე გამოცდილი სკოლის მასწავლებელი.

„ჩემი ორი შვილის მომზადების დონეებს შორის ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ. საგნის მასწავლებელი თვლის, რომ რაც გაკვეთილებზე ასწავლა მოსწავლეს, ის უკვე იცის და ჯერდება ბავშვის განათლების არსებულ დონეს. მეორე შვილის ახალგაზრდა მასწავლებელმა კი არ იცის, რა ცოდნა აქვს ბავშვს. ამიტომ, თავიდან, სულ საწყისიდან იწყებს მისთვის ცოდნის მიცემას. აქედან გამომდინარე, ორმაგ განათლებას იღებს ბავშვი, სკოლიდანაც და პლუს რეპეტიტორისგანაც, რაც ძალიან კარგია მისთვის“, – ამბობს მშობელი.

აბიტურიენტის დედა მიიჩნევს, რომ ცუდი მიდგომაა, როცა სკოლის მასწავლებლები თავისივე მოსწავლეების რეპეტიტორები ხდებიან.

იგი აბიტურიენტების მომავალ მშობლებს ურჩევს, რეპეტიტორებად შედარებით ახალგაზრდა მასწავლებლები აიყვანონ, რადგან მათ უკეთესად იციან განათლების სფეროში არსებული სწავლების ახალი მეთოდების შესახებ.

„მე, მაგალითად, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მშობლებს ვურჩევ, რომ აბიტურიენტებისთვის შედარებით ახალგაზრდა, ახალი მასწავლებლები შეარჩიონ. ამ დროში სწავლების იმდენი ახალი მეთოდი გვაქვს, რომ მათი ცოდნა ძალიან ეხმარება როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლესაც, ასეთი მეთოდებით კი უფრო ახალგაზრდა რეპეტიტორები ხელმძღვანელობენ“, – ამბობს მშობელი.

EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული მშობლების უმეტესობა აცხადებს, რომ კარგი რეპეტიტორი აბიტურიენტის წარმატების საწინდარია და ამდენად, მნიშვნელოვანია, იგი სწორად და დაკვირვებით შეირჩეს. აქვე აქვთ მოლოდინი, რომ სკოლამ უზრუნველყოს მოსწავლის ისეთ დონეზე მომზადება, როცა რეპეტიტორის აყვანის აუცილებლობა აღარ დაუდგებათ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური