GE

მიდიან და მოდიან სტუდენტები

გიორგი ჩუბინიძე, ბლოგერი.

მიდიან…მიდიან და მერე ისევ მოდიან. ბინდი, ბუნდი და აბდაუბდა ყველაფერი, თითქოს აირია, თითქოს დაირია ყველაფერი. უცხო გარემო ადამიანები, სამყარო. დრო ფიქრი და მომავალ 4 წელზე ფიქრი. არა! არა! მეგონა უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი. მეგონა გამოცდებზე რთული არაფერი იქნებოდა,ახლა კი რეალობის წინაშე ვდგავარ… უნივერსიტეტი, პირველი კურსი და პირველი სასწავლო დღე.

– მე ნინო ვარ, წერეთელი.
– მე ანი ვარ ღამბაშიძე.
– სასიამოვნოა!
– ჩემთვისაც.

ყველგან მსგავსი დიალოგები, ყველგან მოულოდნელი ამბიციები, ახალჩარიცხულ სტუდენტთა შორის. ფიქრი, ფიქრი და კიდევ უფრო მეტი უცხო გარემო.

არც ისე ცუდადაა საქმე. გადის დრო და ეჩვევი. მეგობრებს იჩენ, უახლოვდები. პოულობ მონათესავე სულებს და ლექტორებს მაინც მიმართავ “მასწ”. ძნელია თავიდან წარმოსთქვა “პატივცემულო”, “პროფესორო”, “ქალბატონო”, “ბატონო”. ისევ ეს მარტივი “მასწ”. სტუდენტურ ცხოვრებას ნელ-ნელა ეჩვევი, მიყვები ცხოვრების დინებას. სადაცაა სიხარული შეგიპყრობს და იტყვი: რა მაგარია სტუდენტობა! მაგრამ ამ დროს შუალედურები. ეჰ ეს გამოცდები, ახალი თავგადასავლები და პირველი ნერვიულობა.

მალე ესეც სრულდება, გადალახავ ამ ერთ პატარა დაბრკოლებასაც და მერე გიპყრობს მონატრება. გენატრება სკოლა, მეგობრები. შეიძლება ადრე არ გიყვარდა მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა შენში, ყველაფერს სულ სხვა თვალით უყურებ და ხვდები, რომ შეიცვალე, შეიცვალე სულიერად, ფიზიკურს, რომ თავი დავანებოთ.

ახლა ვფიქრობ ემოციებმა გამხვიეს თავიანთ ქსელებში და სულ უფრო უცნაური გავხდი. გამოვდივარ ბავშვობის ასაკიდან და რწმენა უფრო მემატება, გამოუცნობ სიმფონიას ვქმნი ემოციებში და თავბრუდახვეული დავდივარ უნივერსიტეტში. ვერ გავაცნობიერე რა მოხდა. მე გადავდგი ცხოვრების ერთი პატარა ნაბიჯი. დავაღწიე სკოლას თავი და ეხლა ისევ მას მივტირი? არა არ მივტირი უბრალოდ ბრძოლა მაქვს წარსულთან. ახლა ეს გაუთავებელი დროის სვლა. ვერაფერი აჩერებს ამ დროს, მირბის მათრახდარტყმული ცხენივით და ელავს ნისლისფერი ცა. ზღვა ირინდება, ფიქრები იფერება, იწყება ქაოსი, აბდაუბდა… შინაგან სამყაროში ყველაფერი ცვალებადია. არ იცვლება მხოლოდ სულის ის ნაწილი სადაც ჩუმ სიყვარულს ძინავს და რაღაც ენატრება. მე, ერთი უბრალო სტუდენტი კი მივყვები ამ დროის დინებას და მივდივარ, მერე ისევ მოვდივარ უნივერსიტეტიდან. სიშორე? სიშორე არაფერია. ფიქრები? ფიქრებსაც კარგად ვნიღბავ. არ მინდა ვინმემ გაიგოს ჩემი ემოცია, ვინიღბები ჩაპლინის ნიღბით და ასე ელვის სისწრაფით გამყავს დრო. დრო უსასრულო სტუდენტობის გზაზე გამავალი. ველი მომავალს, როგორც ჩაპლინი თავის ჯერალდინას. ვაფრქვევ გრძნობებს და უნივერსიტეტში ვიკარგები.

გიორგი ჩუბინიძის ბლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური