„თუ სკოლის რეპეტიტორიუმი მოსწავლეებს მხოლოდ საგამოცდო საგნებში მოამზადებს, რა გამოდის – მე-11 კლასში წყვეტენ ზოგადი განათლების მიღებას?“
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2027-2028 სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი უნდა ამოქმედდეს. რეფორმის ავტორების განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში არა კერძო რეპეტიტორთან, არამედ მე-11 – დამამთავრებელ კლასში მოემზადოს. [მე-12 კლასი არჩევითი გახდება].
ჯერ კიდევ 2025 წელს, როდესაც სიახლე დაანონსდა, პროფილური მე-11 კლასის შემოღების გადაწყვეტილება სკოლის პრესტიჟის, სკოლაში მოსწავლის დაბრუნებისა და ოჯახებზე ფინანსური წნეხის შემცირების აუცილებლობით აიხსნა. თუმცა, დღემდე ბუნდოვანია, ზუსტად რა პრინციპით იმუშავებს ე.წ. რეპეტიტორიუმი და შეძლებს თუ არა სკოლა, მისაღები გამოცდებისთვის მომზადებასთან ერთად, მოსწავლეს ზოგადი განათლება სრულყოფილად მისცეს.
იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესში მისაღები გამოცდებისთვის აბიტურიენტების დამოუკიდებლად თუ კერძოდ მომზადება „მარადმწვანე თემადაა“ ქცეული, EDU.ARIS.GE-მ კითხვები – რა რეალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ე.წ. რეპეტიტორიუმს, ჩაანაცვლებს თუ არა ის „კერძო რეპეტიტორთა ინსტიტუტს“, რას ვერ აძლევს სკოლა აბიტურიენტს დღეს და რატომ ემზადება მოსწავლეთა დიდი ნაწილი სწორედ კერძო რეპეტიტორებთან – საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელს, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელსა და რეპეტიტორს, ეკატერინე ჩიქოვანს დაუსვა:
– ქ-ნო ეკატერინე, როგორია რეალური სურათი დღეს – ზოგადი ვითარების შეფასებით, შეუძლია თუ არა მოსწავლეს, კერძო რეპეტიტორთან მომზადების გარეშე, მხოლოდ სკოლაში მიღებული განათლებით, სტუდენტი გახდეს?
ეკატერინე ჩიქოვანი: მინახავს კარგი მოსწავლეები, რომლებიც არ ემზადებოდნენ კერძო რეპეტიტორთან და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ყოველთვის იქნებიან ბავშვები, რომლებიც შრომით, მონდომებით, საკუთარი თვითშემეცნებით ჩაირიცხებიან, თუმცა გარკვეული დაკვალიანება ყველას დასჭირდება. ეს შედარებით მცირე ნაწილია, უმრავლესობა კი კერძო რეპეტიტორთან ემზადება, რადგან საჯარო სკოლა და ზოგ შემთხვევაში კერძოც, ფიზიკურად ვერ ახერხებს, რომ მოსწავლეს ეროვნული გამოცდები იდეალურ ქულებზე ჩააბარებინოს. შესაძლოა, ძალიან ცუდია ამას რომ ვამბობ, მაგრამ სკოლაში ამის არც დროა და არც რესურსი…
– რატომ? თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ ამზადებს სკოლა მოსწავლის ისე, რომ მან მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბაროს – რა არის მიზეზი/მიზეზები?
ე.ჩ: მიზეზები კომპლექსურია. პრობლემა პირველი – მაგალითად ავიღოთ საგანი ქართული ენა და ლიტერატურა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ამ საგანში აბიტურიენტი წერს თხზულებას, რომლის სტრუქტურაც მან სკოლაში უნდა ისწავლოს. როდესაც შენს კლასში ზის 25+, 30+ მოსწავლე, პედაგოგს შეუძლია ამდენივე ბავშვის ნაშრომი ისე გაასწოროს, რომ ყველა რეკომენდაცია სწორად გასცეს? – ამის დრო არ არის.
მეორე – არ დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებლისთვის შეთავაზებული დღევანდელი სახელფასო ფორმულა დამოკიდებულია საათობრივ ნაწილზე. ანუ რაც უფრო მეტი მაქვს საათი, მით უფრო კარგი ანაზღაურება მაქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ატარებდეთ კვირაში 25 საათს და იყოთ ისე პროდუქტიული, რომ კლასში ყველა ბავშვს თემა ძირეულად შეუსწოროთ?..
მესამე – დღევანდელი თაობის ინტერესი ცოტა გაღრმავებულია, ბევრი ინფორმაცია აქვთ. იქნებ, ჩვენ მასწავლებლები საინტერესოდ ვერ ვაწვდით ამ ბავშვებს მასალას? Tik-Tok-ი Instragam-ი – უფრო სხვა ინტერესები აქვთ და აღარ შემოდის ინტერესის სფეროდ ინდოელი ნესტანი, რომელიც საყვარელ კაცს მოუწოდებს – „წადი და სიყვარულით დამიმტკიცე“. საკმაოდ დიდი შრომა და მომზადება სჭირდება მასწავლებელს, მეათეკლასელს აუხსნას შუშანიკის დიადი განცდა, რომ მან 1 600 წლის წინ, უარი თქვა შვილებზე რაღაც დოზით, რომ ქართლი – ჩვენ, აქამდე მოვსულიყავით. ეს არ არის პატარა ამბავი. ჩნდება კითხვა – აქვს თუ არა მასწავლებელს იმის დრო და რესურსი, რომ ბავშვებს განსხვავებულად და მათთვის საინტერესოდ მიაწოდოს მასალა?
მეოთხე – არსებობს სკოლები, რომლებსაც ელემენტარული რესურსები არ აქვთ – ამობეჭდვის, ფერადი ფურცლების, თუნდაც იმის, რომ რაღაც გააზიარონ ეკრანზე და ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს უწევს, რომ თავად გაიღოს ხარჯი. მაშ, რა გამოდის, ხელფასს რასაც ვიღებ, შიგნით ვტოვებ ყველაფერს?!
– მოგეხსენებათ, რომ იგეგმება მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმის შემოღება. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაზეც თქვენ საუბრობთ, როგორ გესახებათ ტექნიკურად ამ სიახლის განხორციელება და რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ის მოსწავლეების საგამოცდოდ მომზადების კუთხით?
ე.ჩ: სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მოხდეს ტექნიკურად ამ ყველაფრის გადანაწილება. თუკი, ეს მომავალი წლიდან უნდა განხორციელდეს, მასწავლებლებმა უკვე უნდა იცოდნენ ამის შესახებ თუ სექტემბერში ეტყვიან? ჯერ არაფერია გარკვეული, სახელმძღვანელოც არ შემუშავებულა. გარდა ამისა, ზოგიერთ სკოლაში ბავშვები ჯერ კიდევ ცვლებში სწავლობენ, რადგან სკოლის შენობა სამი წელია შენდება და ვერ აშენდა. ამის გამო, მოსწავლეებს სხვა სკოლაში უწევთ სიარული. ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, ასევე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გადანაწილდეს მასალა – ჩემთვის, დღეს არსებული დროც არასაკმარისია. არ ვიცით ასევე, რეპეტიტორიუმში ასწავლიან ის მასწავლებლები, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული საათები, თუ ახალ პედაგოგებს დაიმატებენ. უკვე ჩანს რაღაც ძირეული პრობლემები, ამიტომ სტრუქტურულად როგორ შეიძლება განხორციელდეს, არ მესმის.
– თუკი, ე.წ. რეპეტიტორიუმის დანერგვა იმ პრინციპით მოხდება, როგორც ეს დაგეგმილია, რამდენად სრულყოფილ ზოგად განათლებას მიიღებს მოსწავლე, რომელსაც დამამთავრებელ – მე-11 კლასში არა ყველა საგანს, არამედ გამოცდაზე ჩასაბარებელ საგნებს ასწავლიან?
ე.ჩ: აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძირითადად სამ საგანს აბარებენ. გამოდის, რომ მოსწავლეებმა ე.წ. რეპეტიტორიუმშიც სამ საგანი უნდა გაიარონ [ორ ძირითადი და ერთი ან მეტი არჩევითი საგანი] მაგრამ საინტერესოა, მაგალითად, ვინც ფიზიკას არ აბარებს, ის ფიზიკას არ იმეცადინებს თუ უფრო ნაკლებად იმეცადინებს? გეოგრაფიას ვინც არ ჩააბარებს, იმან გეოგრაფია არ უნდა იცოდეს? თუ მხოლოდ საგამოცდო საგნებში მოემზადებიან ბავშვები, რა გამოდის – მე-11 კლასში წყვეტენ ზოგადი განათლების მიღებას? თუ ჩვენი სკოლის მიზანი არის, რომ მოსწავლეს მისცეს ზოგადი განათლება, ეს ე.წ. რეპეტიტორიუმი უფრო შეამცირებს ამას. ზედმეტ პრობლემებს რატომ ვუქმნით ახალგაზრდებს…
– და ბოლოს, ე.წ. რეპეტიტორიუმის შემოღების შემდეგ, ემუქრება თუ არა „კერძო რეპეტიტორთა ინსტიტუტს“ გაქრობა?
ე.ჩ: მსმენია, რომ მასწავლებელს დამატებითი თანხა უნდა და მოსწავლეებს ამიტომ ამზადებს. ამაზე ჩემი პასუხი ხშირად ძალიან უხეშია. როდესაც შენ სკოლიდან მოდიხარ და კიდევ მოსწავლეს ამზადებ, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან აძლევ მშობელს გარანტიას, რომ აბიტურიენტი გამოცდას ჩააბარებს. ეს რეალურად მეტი სტრესია. უბრალოდ, იმ დატვირთვით, ის ხელფასი, რაც მასწავლებელს აქვს, სასაცილოა და ამიტომ, პედაგოგი დამატებითი შემოსავლისთვის მოსწავლეებს აუცილებლად აიყვანს… რაც შეეხება თქვენს კითხვას, ჩემი აზრით, რეპეტიტორიუმის ეს ხაზი ფიზიკურად არ დაიკარგება, რადგან აუცილებლად აღმოჩნდებიან მოსწავლეები ან მშობლები, რომლებიც ჩათვლიან, რომ ე.წ. რეპეტიტორიუმი საკმარისი არ არის და კერძო რეპეტიტორთან მომზადებას მოინდომებენ. ამ ეტაპზე, რადგან არ ვიცით, როგორი სტრუქტურით შემოგვთავაზებენ, არ ვიტყვი, რომ სამომავლოდ უკვე ხაზგადასმულია ეს ახალი ინიციატივა. ჩემი, როგორც მასწავლებლის, პოზიციიდან არ იქნება სწორი, რომ ვთქვა – უკვე განწირულია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რეპეტიტორი მასწავლებლების რაოდენობა არ შემცირდება, ყოველთვის იქნებიან.
ასევე იხილეთ:
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
„ვუსმენთ მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“
by ARIS.GE-განათლება
-
20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა – სკოლების სია
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება
by ARIS.GE-განათლება