„მითხრეს, რომ წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა მომავალი სასწავლო წლისთვის გადაიწევს“ – რატომ დუმს სამინისტრო?
სკოლების დიდი ნაწილში დისტანციური სწავლების გახანგრძლივების პარალელურად, მოსწავლეები და მათი მშობლები EDU.ARIS.GE-ს ხშირად მომართავენ კითხვით, მიმდინარე სასწავლო წელს, როდის გადაეცემათ წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები. მათი აუცილებელი საჭიროება და მოლოდინი კი განათლების უწყებას ნაკლებად აინტერესებს.
სამინისტრო ამ დროის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საკითხზე მუშაობენ, თუმცა უწყება დუმს ვადებზე და კონკრეტული პასუხი სასწავლო წლის მიწურულსაც არ აქვს. მედიასთან საუბარს თავს არიდებს სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურიც (სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო).
ერთ-ერთი მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამინისტროს ოფიციალური ფეისბუკგვერდიდან მას მისწერეს, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი შეფერხებებების გამო, მიმდინარე სასწავლო წელს აღნიშნული კომპიუტერები ვერ დარიგდება.
„მივწერე და ასე მიპასუხეს მოგესალმებით, გარკვეული პროცესები შეფერხდა პანდემიის გამო, მათ შორის კომპიუტერების გადაცემა წარჩინებულებისთვის. ამის გამო გიხდით ბოდიშს და სამწუხაროდ პროცესი შემდეგი სასწავლიო წლისთვის გადაიწევს. სამწუხაროდ, უგვიანებენ, არა და ზუსტად ახლა ესაჭიროებათ ბავშვებს კომპიუტერები, ეს ხომ უსამართლობაა“, – ამბობს მშობელი ჩვენთან საუბარში.
გაუგებარია, არსებული ბიუჯეტის შეუმცირებლობის პირობებში, რატომ უნდა ჰქონოდა ზეგავლენა კომპიუტერების გადაცემაზე კორონავირუსის პანდემიას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომპიუტერულ რესურსებთან წვდომა მოსწავლეებისთვის ახლა ისეთი აუცილებელი ფაქტორია, როგორც არასდროს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ აცხადებს, რომ კომპიუტერების გადაცემის თარიღები ჯერ დადგენილი არ არის და როცა ცნობილი გახდება, ბენეფიციარებს პირადად შეატყობინებენ. თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთ ბენეფიციარს უწყებამ უკვე აცნობა, რომ წარჩინებული მოსწავლე კუთვნილ კომპიუტერს მიმდინარე სასწავლო წელს ვეღარ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება