GE

„მნიშვნელოვანია, როცა შენს გაკეთებულს აფასებენ და გაჯილდოვებენ“ – 2021 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულების ემოციები

„ვერ ვიჯერებდი“, „სრულიად მოულოდნელი იყო“, „ემოციებიდან დღემდე ვერ გამოვდივარ“, „უბედნიერესი ვიყავი“ – ასე იხსენებენ 2021 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები რჩეულთა შორის დასახელების წუთებს და იმ ემოციებს, რომლებიც იმ დროს დაეუფლათ. თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ ეს მათ ცხოვრებაში გამორჩეული მომენტი იყო, ვინაიდან შრომა ღირსეულად დაუფასდათ.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ გალა დაჯილდოება, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, წელს მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებაზე გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: პროფესიული განათლების 2021 წლის სტუდენტი, პროფესიული განათლების 2021 წლის მასწავლებელი, წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა, წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამა და წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში ა.შ.შ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი, საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

პროფესიული განათლების 2021 წლის სტუდენტის ნომინაციაში გამარჯვებული მარიამ გვეტაძე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ლოკომოტივის მართვის პროგრამის სტუდენტია. იგი არა მხოლოდ თავისი მიღწევებით არის გამორჩეული, არამედ იმითაც, რომ პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება. ამბობს, რომ რკინიგზა და განსაკუთრებით, მატარებლის მართვა ბავშვობიდან აინტერესებდა. შესაბამისად, როგორც კი შეიტყო, რომ ამ პროფესიის შესწავლა საქართველოშიც შეეძლო, გადაწყვიტა შანსი გამოეყენებინა დ ახლა თავის პირველ სამუშაო დღეს მოუთმენლად ელის. საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს მისთვის ხელი არ შეუშლია და სხვებსაც იმავეს ურჩევს.

„ოჯახში გაუკვირდათ, არ ელოდნენ ე.წ. „კაცის პროფესიას“ თუ ავირჩევდი. კოლეჯში კი ძალიან დადებითად დამხვდნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ. კონკურსზეც კოლეჯმა წარმადგინა და ნამდვილად არ ველოდი, თუ გავიმარჯვებდი. როცა გამარჯვებულებში დამასახელეს, ძალიან გამიხარდა, ემოციებს ვერ ვიკავებდი. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო და ძალიან მეამაყება. მსმენია შემთხვევები, როცა გოგოებს სურდათ მსგავს პროფესიებს დაუფლებოდნენ და სხვების აზრის გამო გადაიფიქრეს. მათ ვურჩევდი არავის ნათქვამს არ უსმინონ და აკეთონ ის საქმე, რომელიც მოსწონთ“, – ამბობს მარიამი.

წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ჯილდო კი კოლეჯ „მერმისის“ მსუბუქი ავტომობილების შეკეთების პროგრამის პედაგოგს, ივანე ჩუტკერაშვილს ერგო. მისი წარდგენა კოლეჯის ხელმძღვანელობამ განსაკუთრებული მიღწევებისა და თავდადებული შრომიდან გამომდინარე გადაწყვიტა. დარწმუნებულია, რომ კოლეგებისთვის სტიმული გახდება, რათა წარმატებისთვის მათაც მეტი აკეთონ.

„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ახლაც და მაშინ – მითუმეტეს. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ეროვნულ ჯილდოზე ხარ წარდგენილი და მითუფრო, როცა იმარჯვებ. მოტივაცია მაღლდება და გეძლევა ძალა მუდმივად ახალი ეძიო. ხომ უნდა გაამართლო კოლეჯის, სტუდენტების მოლოდინები. ამის შემდეგ ყველა უფრო მეტს ელის შენგან და მოდუნება არ შეიძლება“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში წლის საუკეთესო პროფესიული მასწავლებელი.

„ეს ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო“, – ასე იწყებს საუბარს წლის პროფესიული განათლების პარტნიორის ნომინაციაში გამარჯვებული, კომპანია „გუდვილის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ჩხარტიშვილი და დასძენს, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. სასიხარულოსთან ერთად კი, სტატუსი, მათთვის, საპასუხისმგებლოა, რაც უბიძგებთ თავიანთ საქმეში მეტად დაიხარჯონ, მეტი მოინდომონ, მეტს მიაღწიონ და პროფესიული განათლების განვითარებაში საკუთარი წვლილიც შეიტანონ.

„ემოცია დღემდე მოგვყვება. იგი მოტივატორია იმისა, რომ არ გავჩერდეთ და სულ უფრო და უფრო წინ წავიდეთ. მართალია, კერძო სექტორს წარმოვადგენთ, მაგრამ ჩვენ ის კერძო სექტორი ვართ, რომელმაც საკუთარი თავი პროფესიულ განათლებაში იპოვა. ჩვენი მიზანი პროფესიულ სასწავლებლებთან თანხვედრაში მოვიდა და სრულიად გააზრებული გვაქვს ის, რომ თუ არა პროფესიულ განათლებაში ჩვენი სწორი და მიზნობრივი ჩართვა, ძლიერი ბიზნესი ვერ გვექნება. სხვა კომპანიებსაც ვურჩევ ჩაერთონ, რადგან ეს საერთო საქმეა, რომელიც კომპანიებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ხათუნა ჩხარტიშვილი.

წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია კი მიიჩნევს, რომ კონკურსი ყველა მონაწილეს და პროფესიულ განათლებასთან შემხებლობაში მყოფ ყველა მხარეს ახალისებს. სწორედ ამიტომ, ფიქრობს, რომ ამ შესაძლებლობით, ასოციაცია, მომდევნო წლებშიც აუცილებლად ისარგებლებს.

„კონკურსში გამარჯვებულების გაბრწყინებული თვალები ნახვა, ჩემთვის, ძალიან დიდი სტიმული იყო. მნიშვნელოვანია, როცა შენს გაკეთებულს აფასებენ და გაჯილდოვებენ. პირველი ასოციაცია ვართ, ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო და პირველი გამარჯვებულებიც გავხდით. ვფიქრობ, ეს ჩვენი პროგრამის პოპულარიზაციისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა ყველა ბიზნესის გაერთიანებას, რომელიც პროფესიული სწავლების შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეშია ჩართულია, წარმატება ვუსურვო. ქვეყანაში, დღეს, ყველაზე მეტად პროფესიონალი კადრების დეფიციტი გვაქვს. ამიტომ, რაც მეტი ბიზნესის გაერთიანება ჩაერთვება და რაც მეტ პროფესიონალს მოამზადებს, მით მეტ კაპიტალს დააგროვებს ქვეყანა“, – აღნიშნავს ივა ჭყონია.

წლის საუკეთესო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვება კი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამამ „საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია – გემბანის რიგითი მეზღვაური“ მოიპოვა. უნივერსიტეტის კანცლერი ლალი ხვედელიძე კონკურსის იდეითაც და განხორციელებითაც აღფრთოვანებულია. მასში მონაწილეობის მისაღებად განსაკუთრებულად მოემზადნენ, პროგრამის დახვეწასა და ყველა სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანაზე იმუშავეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

„მე პირადად, როგორც ხელმძღვანელს, ამიმაღლა მოტივაცია, რომ გავიღრმაოთ ცოდნა და ასეთ კონკურსებში მონაწილეობა ხშირად მივიღოთ. გარდა ტიტულისა, გამარჯვებისას ისეთი ჯილდო გადმოგვეცა, რომ მთელი ჩვენი კოლექტივი აღფრთოვანებულია – ჭკვიანი დაფა, რაც ძალიან ღირებული საჩუქარია. პროფესიული სწავლებისას, მას აქტიურად გამოვიყენებთ. ამ დაფამ მართლაც გაგვაგიჟა. ყველგან, ყველა სასწავლებლის წარმომადგენელთან ვამბობ რომ მიიღონ მონაწილეობა, თუ არ გაიმარჯვებენ, გაძლიერდებიან მაინც და ეს მათი სასწავლებლის იმიჯზე ძალიან კარად იმოქმედებს. ჩვენ ორ სხვა ნომინაციაში მონაწილეობა უკვე დავგეგმეთ. საბოლოო ჯამში კი, ხუთივე ნომინაციაში გამარჯვებას ვაპირებთ“, – დასძენს იგი.

კონკურსზე, სპეციალური პრიზი, ტრადიციულად, ისრაელის საელჩომაც გამოყო. დასკვნით ღონისძიებაზე ისრაელის ელჩის პრიზი საქართველოს ბიზნესის აკადემიის ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, ნატა ჩხაიძეს გადაეცა, თანამედროვე სწავლების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ტრადიციულ კონკურსზე ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და რაც მთავარია, ყოველ წელს ვეცნობით ახალ და საინტერესო გამარჯვებულებს, რომლებსაც საკუთარ დარგში განსაკუთრებული მიღწევები აქვთ. ვფიქრობთ, მათი წარმოჩენით ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც პროფესიული განათლების სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

„გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში თანხების ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ერთობლივი ძალისხმევით, განათლების სექტორს ხელი შეეწყოს და პროფესიული განათლება ქვეყანაში პოპულარული გახდეს“, – განაცხადა გენერალური სპონსორის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული პროგრამების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm