GE

მომზადება-გადამზადების პროფესიული პროგრამებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი დასაქმების სააგენტომ ვერ აითვისა

სახელმწიფო დასაქმების საიტზე 16-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მიმართვიანობა შემცირებულია. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ კი გასულ წელს მოქალაქეების მომზადება-გადამზადების პროგრამებისთვის განკუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა.

ამის შესახებ პარლამენტში დღეს, 19 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს, სადაც თემატური მოკვლევის – „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა” სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ნინო ველთაურის თქმით, სახელმწიფო საიტზე მიმართვიანობა ზოგადად შემცირებულია. რეგისტრირებულია 300 000 ადამიანი, თუმცა ჯამში დასაქმების სურვილი, რეალურად, მათგან მხოლოდ 10%-ს აქვს.

„ახალგაზრდების მომართვიანობა სააგენტოსადმი, დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, არ არის მაღალი (დაახლ. 30%). თუმცა შედარებით მაღალია ახალგაზრდების რაოდენობა იმ სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, რომელიც რეგისტრირებული არიან სამუშაოს მაძიებლად და ერთვებიან დასაქმების ხელშეწყობის ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა პროფესიული მომზადება-გადამზადება (45% და ზემოთ) და სტაჟირების პროგრამა (48.5%,)

„მეორე მხრივ, თუ შევადარებთ სერვისებში ჩართული ახალგაზრდების მაჩვენებლებს სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებული ახალგაზრდების ჯამურ მაჩვენებელთან, ვნახავთ, რომ საგრძნობლად დაბალია დასაქმების მხარდამჭერ სერვისებსა და პროგრამებში ჩართული ახალგაზრდების წილი, რაც, თავის მხრივ, ახალგაზრდების ნაკლებ აქტიურობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია პარლამენტისადმი სააგენტოს მიერ წარდგენილ დასაბუთებაში.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, სააგენტოს ბიუჯეტი 770 000 ლარია და მისი 90% დასაქმების კონსულტანტების ხელფასებზე იხარჯება. ქვეყანაში სულ 45 დასაქმების კონსულტანტი მუშაობს, 13 თბილისში, დანარჩენი – სხვა რეგიონებში.

რაც შეეხება მომზადება-გადამზადების პროგრამებს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს ეუფლებიან, გასულ წელს გამოყოფილი 2 400 000 ლარი სააგენტომ ვერ აითვისა, თუმცა სიტუაცია წელს უკვე შეცვლილია.

„გასულ წელს ვერ ავითვისეთ, წელს გვაქვს იმედი, მომზადება-გადამზადების პროგრამები აქტიურად მიმდინარეობს, ბიუჯეტის 20% მაინც უკვე ათვისებულია“, – განაცხადა ნინო ველთაურმა კომიტეტის სხდომაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური