GE

„მოსწავლეებში ცოდნის მიღების მოტივაცია აღარ არსებობს“ – სწავლების ხარისხი საქართველოში და რეფორმების მოლოდინი

როგორია სწავლების ხარისხი საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რატომ ვერ ხერხდება წლების განმავლობაში დამკვიდრებული, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ დრომოჭმული, მოძველებული მეთოდოლოგიის განახლება ან შეცვლა? რა ხელისშემშლელი ფაქტორები იკვეთება ჩვენს რეალობაში, რაც საგანმანათლებლო სტრუქტურებში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლების ხარისხის მიღებას აფერხებს?

EDU.ARIS.GE-სთან, ამ რთულ გზაზე გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ, განათლების ხარისხის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობენ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემაში მრავალი წელია, მუშაობენ ან ამ სისტემას უნივერსიტეტების აუდიტორიებიდან უშუალოდ აკვირდებიან.

ჩვენი რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს სკოლა არც სააღმზრდელო და აღარც საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არადა, თვლიან, რომ ზოგადი ან უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები სწორედ სკოლებში უნდა ვეძიოთ. რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორც ირკვევა, უნივერსიტეტებში სასწავლებლად ზოგჯერ აბიტურიენტთა ის კატეგორია ირიცხება, რომელსაც ქართულ ენაზე აზრის ჩამოყალიბებაც კი უჭირს. ამ ფონზე, ალბათ, აღარ უნდა გვიკვირდეს, თუ სახელმწიფო ენის შესწავლის პრობლემა მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვან სკოლებში, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც ქართული ენის ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია.

განათლების მიმართულებით არსებული ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა პანდემიით გამოწვეულმა დისტანციურმა სწავლებამ, თუმცა, საბედნიეროდ, ასევე, ნათელი გახდა, რომ ყველაფრის გაჩერება შესაძლებელია, განათლების გარდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე ფიქრობს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში სირთულე ბევრია, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე საკითხს გამოარჩევს. მისი რეკომენდაციით, უსაფუძვლო არ იქნება, თუ ზოგადი ან უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ პრობლემებს სკოლებში მოვძებნით:

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უამრავი რეფორმა გატარდა, ეს სეგმენტი, ჯერჯერობით, მაინც ბევრი სირთულის წინაშე დგას. მაგალითად, ნელ–ნელა საცნაური ხდება, რომ სასკოლო პროგრამა და ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა, ასევე, ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, ერთმანეთს დასცილდა და მივიღეთ ისევ ის მდგომარეობა, როცა რეპეტიტორის გარეშე კარგი მოსწავლეც კი ვერ აბარებს გამოცდას“, – აცხადებს მაია ტორაძე.

მეორე და მთავარი, რის შესახებაც თსუ-ის პროფესორი ყურადღებას ამახვილებს, ეს არის სასკოლო პროგრამაში გრამატიკის სწავლების შესუსტება, რისი შედეგიც საკმაოდ სავალალო აღმოჩნდა:

„უმაღლეს სასწავლებელში შემოდის სტუდენტი, რომელსაც ქართულ ენაზე აზრის ცხადად ჩამოყალიბება უჭირს, აღარაფერს ვამბობ წერტილ–მძიმის სწორად გამოყენებაზე, რაც „აქილევსის ქუსლივითაა“. გარდა ამისა, დღემდე ვერ ხერხდება კონკრეტული მოდელის შემუშავება, რომელიც სრულფასოვნად შეაფასებს განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, იპოვის ბზარს და შემდეგ მოხდება ამის შევსება. მაგალითად, ვერ ჩამოვყალიბდით, ვინ უნდა აღზარდოს სკოლამ და ვინ – უნივერსიტეტმა, ვერ შევათანხმეთ სასწავლო მიზნები და დასაქმების ბაზარი; ვერ შევუსაბამეთ დამსაქმებლის მოთხოვნებს სასწავლო გეგმები – სხვა მოთხოვნებია სასწავლო მოდულებში, სხვა – უშუალოდ წარმოებებში. თითქოს ყველაფერი გაწერილია ხარისხის სამსახურების მიერ, მაგრამ რეალურად ეს სწავლების ხარისხზე არ აისახება“, – განმარტავს მაია ტორაძე და დასძენს, რომ აუცილებელია, თვითონ სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ჩაერთონ აქტიურად განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში.

მისივე თქმით, საჭიროა გამოცდილების გაზიარება და მუდმივი ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გაუმჯობესება. თუმცა პროფესორი ფიქრობს, რომ სამწუხაროდ, დღეს ეს მონდომება მხოლოდ რიგ სკოლებში და უნივერსიტეტებში ჩანს.

„კიდევ უფრო სხვა გამოწვევების წინაშე დაგვაყენა პანდემიით გამოწვეულმა დისტანციურმა სწავლებამ. უკვე ნათელი გახდა, რომ ყველაფრის გაჩერება, შეწყვეტა შესაძლებელია განათლების გარდა. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელშიც ყველა რგოლი თანაბრად უნდა ჩაერთოს. გარდა იმისა, რომ ბავშვებს და სტუდენტებს დააკლდათ კომუნიკაცია და სოციალური აქტივობები, თაობა მეტად მიეჯაჭვა სოციალურ ქსელს და თითქოს მოტივაციაც დაკარგა. სკოლის შემთხვევაში ეს ალბათ ნაკლებად მტკივნეულია (თუმცა იქაც დიდ პრობლემას ქმნის), მაგრამ უნივერსიტეტში, სადაც უკვე პრაქტიკულ სწავლაზეა გადასული სტუდენტი და მუდმივი კომუნიკაცია და შესაბამისი ტექნიკაა საჭირო შედეგის მისაღწევად, სწავლის პროცესი მეტად გართულდა. ვფიქრობ, აქაც საჭიროა პრაქტიკული ნაწილი სწავლებისა, დაუბრუნდეს აუდიტორიებს“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პროფესორმა მაია ტორაძემ.

მას ასევე პრობლემად მიმაჩნია ქართული ენის სწავლება არაქართულენოვან სკოლებში, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც ქართული ენის ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია, რადგან პედაგოგი არ ჰყავთ. მაია ტორაძე დიდ სირთულედ ასახელებს შშმ პირებისთვის შესაბამისი ლიტერატურის, მაგალითად, ბრაილის შრიფტით დაწერილი სახელმძღვანელოების არარსებობას, სასწავლო დაწესებულებების არაადაპტირებულობას და ა.შ. ეს და ბევრი სხვა პრობლემა, მისივე მოსაზრებით, საბოლოო ჯამში, ქმნის მკაფიოდ ხილვად ბზარს განათლების სფეროში.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გელა აზიკური ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში დამკვიდრებული არასწორი აღზრდის მეთოდოლოგია ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც პატარა ბავშვი გარბის, უკან კი მშობელი ან მასწავლებელი მისდევს და უყვირის: „ნუ გარბიხარ, წაიქცევი და რამეს იტკენო“. მისივე თქმით, დიდები შეცდომებს მაშინაც უშვებენ, როდესაც პატარებს ატყუებენ, რომ მათთვის საჩუქრები თოვლის პაპას მოაქვს:

„რატომ ვატყუებთ ადამიანები ერთმანეთს? რა არის ჰუმანიზმი და უპირობო სიყვარული? ნიშნებით რატომ ვაფასებთ მოსწავლეებს? საჩვენებელი, „ღია“ გაკვეთილები არაფრისმომცემია, რადგან რეალურად დღეს სკოლა ციხეა. სკოლაში და მითუმეტეს, შენი შვილის გაკვეთილზე, არავინ შეგიშვებს. პატიმარს უფრო ადვილად ნახავ, ვიდრე შვილის, გაკვეთილის მსვლელობას. დღეს სკოლა არც სასწავლო და აღარც სააღმზრდელო დაწესებულებაა. რაც შეეხება მომავალ თაობებს, მოსწავლეებში ცოდნის მიღების მოტივაცია აღარ არსებობს. მთლიანად კორუმპირებულია შეფასების სისტემა, ნეპოტიზმი კი, განათლების ყველა სფეროში ზენიტშია. სრულად დარღვეულია გენდერული ბალანსი, რადგან იშვიათობაა მამაკაცი- განათლების სფეროში“, – განაცხადა გელა აზიკურმა.

კითხვაზე, თუ რა არის მის მიერ გაკეთებული მწვავე შეფასებების მიხედვით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, პროფესორი პასუხობს, რომ ხსნა ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში, სრულ დეცენტრალიზაციასა და დეპოლიტიზირებაში, ასევე, სკოლებში საარჩევნო უბნების და პედაგოგების საარჩევნო ადმინისტრაციაში ყოფნის აკრძალვაშია. გელა აზიკურის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ განცალკევდეს დაწყებითი (პირველი 6 კლასი) საბაზო და საშუალო სკოლები. მისივე თქმით, უნდა გაუქმდეს შეფასების არსებული სისტემაც, რეიტინგულმა გამოცდებმა კი, პედაგოგების მოღვაწეობა მოსწავლეთათვის გადაცემული ცოდნის მიხედვით უნდა შეაფასოს.

ყოფილი სტუდენტი, ბაკალავრი თამარ ბოკუჩავა ფიქრობს, რომ საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემის ფუნდამენტური პრობლემა სწავლების მეთოდიკაა, რაც შემდგომ ცოდნის ხარისხზეც აისახება. მისივე განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებით, საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ძირითადი ჩონჩხი თეორიულ სწავლებას მოიცავს და მას არ სცდება:

„ევროპის უნივერსიტეტები პრაქტიკული სწავლების მეთოდიკაზეა ორიენტირებული. უცხოეთში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ეს სტუდენტს მთელი განათლების განმავლობაში შესაბამის გამოცდილებას და პრაქტიკას აძლევს და მას შემდგომ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეხმარება. საერთაშორისო განათლების სისტემაში აპრობირებული მეთოდია სტუდენტების სტაჟირება წამყვან კომპანიებში, რაც, წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს გარანტირებულ დასაქმებას ჰპირდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი განსხვავება საქართველოში სწავლების მეთოდიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს შორის. მთავარი პრობლემაც სწორედ ისაა, რომ, როდესაც სწავლას ასრულებ, იმის გარანტია არ გაქვს, რომ შენ სფეროში დასაქმდები და ვერც გექნება, თუ დამატებითი კურსები არ გაიარე. ფაქტია, ჩვენი ქვეყანა უნივერისტეტიდან პროფესიონალს ვერცერთ სფეროში ვერ უშვებს, ძალიან მწირი გამონაკლისების გარდა“, – გვითხრა თამარ ბოკუჩავამ.

რაც შეეხება საჯარო სკოლების პედაგოგების მოსაზრებებს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მასწავლებლების ნაწილმა განაცხადა, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში, გასაქცევად, „ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეთ“, სამსახურის დაკარგვა კი, არავის უნდა.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი რესპონდენტების მოსაზრება, რა თქმა უნდა, სუბიექტურია, ფაქტია, რომ საგანმანათლებლო პრობლემები საქართველოში ყოველთვის აქტუალური და მწვავე საკითხი იყო და არის. ქართულ საზოგადოებაში მუდმივადაა მსჯელობა იმის შესახებ, რომ აუცილებელია ქვეყანაში გატარდეს ძირფესვიანი რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც დაწყებით, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს. მთავარი კითხვა, რომელზეც ზუსტი პასუხი ან მზა ფორმულა ჯერჯერობით არავის აქვს, დაახლოებით ასე ჟღერს: როგორი უნდა იყოს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები ან როგორ უნდა გატარდეს იგი საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისე, რომ სკოლები- მოსწავლეების, უმაღლესი სასწავლებლები- სტუდენტების, ლექტორები და პედაგოგები კი, სამსახურების გარეშე არ დარჩნენ?

ასევე იხილეთ:

„სწავლების ხარისხი განახევრდა, მაგრამ უმაღლესში ისევ ყველა აბარებს“ – ქართულის მასწავლებელი განათლების ხარისხსა და შეცვლილ საგამოცდო ფორმატზე

მოამზადა ნატალია მეგუთნიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური