„სწავლების ხარისხი განახევრდა, მაგრამ უმაღლესში ისევ ყველა აბარებს“ – ქართულის მასწავლებელი განათლების ხარისხსა და შეცვლილ საგამოცდო ფორმატზე
სკოლაში მიღებული ცოდნა, ქართული რეალობისთვის, ფაქტობრივად, არასოდეს იყო საკმარისი უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. ახლა, როცა პანდემიის გამო ორ წელზე მეტია, მოსწავლეები – სანახევროდ ან საერთოდ არ დადიან სკოლაში, რეპეტიტორებს მათი რაოდენობა მოემატათ, თუმცა, ამის პარალელურად, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, არაერთი ინტელექტუალური შოუს გამარჯვებული მანანა მაისურაძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, საგამოცდო ტესტები ქართულ ენაში ისე გაიოლდა, ნებისმიერს შეუძლია მინიმალური ზღვარი გადალახოს. ონლაინ სწავლების რეჟიმმა კი აშკარად გამოკვეთა მოსწავლეებში განათლების დაბალი დონე.
„აბიტურიენტები მაინცდამაინც არც აქამდე გამოირჩეოდნენ მასალის ცოდნით, მაგრამ ახლა უფრო რთულადაა საქმე“ – ამბობს ქალბატონი მანანა და სკოლის კედლებში სწავლასა და დისტანციურის ფორმატს ასე ადარებს:
„მოდიან აბიტურიენტები, რომლებმაც თემის წერა საერთოდ არ იციან, არც გრამატიკა, არც ტექსტები აქვთ წაკითხული ან სათანადოდ არ დაუმუშავებიათ… გაკვეთილზე მასწავლებელი თვალყურს ადევნებს ყველაფერს, აკვირდება მუშაობის პროცესს, ინდივიდუალურად ეხმარება მოსწავლეს და ასე შემდეგ. დისტანციური მუშაობისას ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დისტანციური მუშაობა რომ ეფექტური იყოს, მაშინ ინტერნეტში დაიდებოდა ყველა გაკვეთილი და აღარც სკოლები იქნებოდა საჭირო და აღარც მასწავლებლები ამდენი რაოდენობით. სწავლების გარდა, ბუნებრივია, მასწავლებელი სააღმზრდელო მუშაობასაც ეწევა. დისტანციური მუშაობისას კი ამისი შესაძლებლობა მინიმუმამდე მცირდება. აბიტურიენტს ყველა ლიტერატურული ნაწარმოები წაკითხული უნდა ჰქონდეს. თუ დაეზარებოდა წაკითხვა ბავშვს, კლასში მაინც ისმენდა სხვა მოსწავლეებისგან ან მასწავლებლისგან, ახლა ამასაც მოკლებულია. გრამატიკა ისედაც არ ისწავლებოდა ისე, როგორც საჭირო იყო. გრამატიკის სწავლებას თითქმის ნულიდან ვიწყებთ. ლიტერატურული მასალა რომ წაიკითხონ, მაგალითად “ვეფხისტყაოსანი”, კითხვებს ვაძლევ და იძულებული ხდებიან, წაიკითხონ.
“გასაგებია, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იძულებითი პროცესი იყო. კარგია ეს თუ ცუდი? ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდი! ჯერ ერთი, ელექტრონული სისტემა არაა ისე გამართული, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. მეორე – ყველას არ აქვს საშუალება, რომ ჩაერთოს დისტანციურ სწავლებაში. მესამე- ოჯახში ხშირად რამდენიმე ბავშვია, მათ ემატებიან მშობლები, რომლებიც ასევე დისტანციურად მუშაობენ. ასეთ პირობებში ძნელია ნორმალური მუშაობა. გარდა ამისა, ბავშვი გეტყვის, რომ კამერა აქვს გაფუჭებული ან ხმა არ ესმის. ვერაფერს იზამ. ამავე დროს, ყველამ კარგად იცის, რომ ცოცხალ ურთიერთობას ვერასოდეს შეცვლის ვირტუალური“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მანანა მაისურაძემ.
რაც შეეხება EDU.ARIS.GE-ს კითხვას, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ასეთი სწავლების პირობებში ერთიანი ეროვნულო გამოცდებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში ცვლილებებისა შეტანა, მანანა მაისურაძე პასუხობს:
„ერთიანი ეროვნულო გამოცდებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები გაიოლდა. უცვლელი დარჩა ტექსტის რედაქტირება. რედაქტირებაში მოეთხოვებათ გრამატიკის ზედმიწევნით ცოდნა. სკოლებში კი გრამატიკის სწავლება მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზეა დამიკიდებული. ასევე თემის წერაც. არ შეიძლება დაფაზე დაუწერო თემის სათაური და უთხრა, დაწერეთო. პირველ რიგში, უნდა ასწავლო, როგორ იწერება დახასიათება, დახასიათების ხერხები, სტრუქტურა…
როცა ეროვნული გამოცდები დაიწყო-2005-2006 წლებში, იყო კითხვები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. მერე რატომღაც გააიოლეს და ამოიღეს. “ექსპერიმენტებიც” ბლომად ვიხილეთ. ბოლოს შემოიღეს არგუმენტირებული ესე. ამ ესეების სწავლის პროცესში მოსწავლეები საკმაო განათლებას იღებდნენ და დამოუკიდებელ აზროვნებას სწავლობდნენ. ახლა ესეც ამოიღეს. აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს. ანუ ძველი დააბრუნეს. რაც შეეხება თემას, გაამარტივეს. თუ აქამდე სამი მითითება იყო შესასრულებელი, დარჩა ერთი. მიზანშეწონილი იყო ესეების წერა და სამმითითებიანი თემის დაწერა. ესეების წერა 2012 წლიდან დაიწყო. ახალგაზრდები უკვე სხვანაირად, კარგად აზროვნებდნენ და ახლა სასწრაფოდ ამოიღეს. ვფიქრობ, ესეების ამოღება ძალიან დიდი შეცდომა იყო, რადგან აბიტურიენტები ამით, თავისუფალ აზროვნებას სწავლობდნენ“.
„შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწავლების ხარისხი განახევრდა, თუმცა ახალი მოცემულობით, თითქმის ყველას შეუძლია, ქართულის გამოცდაზე მინიმალური ზღვარი გადალახოს“, – გვითხრა ქალბატონმა მანანამ, რომელიც ფიქრობს, რომ ვინაიდან სწავლის გადასახადით სახელმწიფოს უზარმაზარი შემოსავალი აქვს, სტუდენტების ნაკლებობა ხელს არ აძლევს.
„ონლაინ რეჟიმის გამო ბავშვი ზერელედ ეკიდება მეცადინეობას. სერიოზულად აღარ უყურებენ. გამოცდების გაიოლება კი დიდი შეცდომაა. უვიცები ახერხებენ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. საყოველთაოდ ცნობილია, როგორი ძნელია უმაღლესში სწავლა. იქ შეღავათს არავინ გაუწევს. წლობით იწელება სტუდენტობის წლები. მერეც დიპლომს ან აიღებენ, ან – ვერა. ანუ უქმად იკარგება ათეულობით წლები. რატომ უნდა ჩააბაროს ყველამ უმაღლესში? საქართველოში კვალიფიციური მუშახელის, ხელოსნების ნაკლებობაა. ისწავლონ რაიმე ხელობა, ფულიც ექნებათ და კარგი ცხოვრებაც. სახელმწიფო ამას არ მოაგვარებს, რადგან მილიონები შედის ბიუჯეტში სწავლის გადასახადით. თვითონ უნდა მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ კარგი ცხოვრებისთვის არაა აუცილებელი უმაღლესი განათლების დიპლომი. ისეთი ადვილი გამოცდებია, რომ თუ კარგად ისწავლის სკოლაში და იბეჯითებს, რეპეტიტორი არც სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში გადალახავს მინიმუმს და მოხვდება უმაღლესში. ამის მიუხედავად, მაინც სჭირდებათ რეპეტიტორები, რადგან სკოლა მაინც არ აძლევს ამდენ განათლებასაც კი“, – ამბობს მანანა მაისურაძე EDU.ARIS.GE-სთან.
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება