ოქსფორდის ელიტა: მათი უცნაური რიტუალები, დებოშები და ლოთობა
ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალგაზრდა კონსერვატორების ასოციაციამ თავის წევრებს სახელგანთქმულ ბულინგდონის კლუბში შესვლა აუკრძალა. ცოტა ხნის წინ მისი წევრები დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი იყვნენ. მიზეზი კლუბის ცუდი რეპუტაციაა.
ბულინგდონის კლუბი, რომელში გაწევრიანებაც მხოლოდ ინგლისის არისტოკრატული ან უმდიდრესი ოჯახების მემკვიდრეებს შეუძლიათ, დებოშებით, ლოთობითა და ,,გაწევრიანების“ უცნაური ტრადიციებით არის ცნობილი.
სწორედ ამიტომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალგზარდა კონსერვატორების ასოციაციამ (OUCA), რომელიც იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც დიდ პოლიტიკაში წასვლა სურთ, ერთგვარ ასაფრენ ბილიკს წარმოადგენს, ის აკრძალული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ასოციაციის პრეზიდენტის, ბენ ეტის თქმით, კლუბის ღირებულებები და მისი ,,საქმიანობის“ სფერო თანამედროვე კონსერვატორების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებს ოქსფორდის ერთ-ერთი უძველესი, კრაიდ-ჩერჩ-კოლეჯის კიბეებზე ტრადიციული ფოტოს გადაღებაც კი აუკრძალეს.
უცნაური რიტუალები
ბულინგდონის კლუბი ოქსფორდის უნივერსიტეტში 1780 წელს, კრიკეტით, ნადირობითა და ჯირითით დაინტერესებული სტუდენტებისთვის დაარსდა. თუმცა მალე მისი საქმიანობის სფერო სმით, დებოშებითა და სხვა გარყვნილი ქმედებებით შეიცვალა.
კლუბის წევრების დიდ ნაწილს იტონის ვაჟთა კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმოადგენდნენ. თუმცა ყოველწლიურად, გამონაკლისის სახით, კლუბი სხვა ელიტარული სკოლების რამდენიმე მოსწავლესაც იღებდა. ყოველი ახალბედა „გაწევრიანების“ უცნაურ რიტუალს გადიოდა, როდესაც კლუბის წევრები ღამით მის ოთახში იჭრებოდნენ და ყველაფერს თავდაყირა აყენებდნენ.
და ეს არ იყო ერთადერთი უცნაური რიტუალი. 2013 წელს კლუბის ერთ-ერთი წევრისგან ცნობილი გახდა, რომ წესების თანახმად ინიციაციაის გასავლელად ახალბედას უსახლკარო ადამიანის თვალწინ 50 ფუნტიანი კუპიურა უნდა დეწვა.
მდედრობითი სქესის წამომადგენლებისთვის არამხოლოდ კლუბის წევრობა, არამედ მის საქმიანობაში ნებისმიერი ჩართულობაც კი იყო აკრძალული. ერთადერთი გოგონები რომლებიც მის ტერიტორიაზე ჩნდებოდნენ, „წვეულებაზე“ მიწვეული სტრიპტიზის მოცეკვავეები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებს თავიანთი ფორმა აქვთ. ის ხავერდის საყელოიანი ლურჯი ფრაკისგან, კლუბის მონოგრამიანი ღილების მქონე სპილოსძვლისფერი პერანგისგან, ჟილეტისგან და კლუბის ღია ცისფერი ჰალსტუხისგან შედგება. მთელი ამ კომპლექტის ღირებულება 3, 5 ათასი ფუნტია და მისი შეძენა ერთ ატელიეში, Ede&Ravenscrof არის შესაძლებელი.
ბულინგდონის კლუბის ცუდი რეპუტაცია
ჯერ კიდევ მაშინაც, როდესაც კლუბი სპორტულ-სანადირო საზოგადოებას წარმოადგენდა, ის თავისი ლოთობებით იყო ცნობილი. მომავალი მეფე ედვარდ VIII, თავის მშობლებს კლუბში შესვლის ნებართვას თხოვდა, თუმცა მისი წევრი დიდხანს არ ყოფილა. ყმაწვილს კლუბის დატოვება მას შემდეგ აიძულეს, რაც დედოფალმა მერიმ ერთ-ერთ ასეთ „უწყინარ წვეულებაზე“ შეიტყო.
შემდეგ ასწლეულებში ცოტა რამ შეცვლილა. 2004 წელს, XV საუკუნის ისტორიული პაბის – White Hart დარბევისთვის, კლუბის ოთხი წევრი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტების ჯგუფმა 17 ბოთლი ღვინო, დაწესებულების ფანჯარა და მთელი ჭურჭელი დაამსხვრია. ოთხმა დაკავებულმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა და თოთოეულმა მათგანმა ჯარიმის სახით 80 ფუნტი გადაიხადა.
ბულინგდონის კლუბის წევრობისთვის ბრიტანეთის ექს-პრემიერ დევიდ კემერონსა და მის მარჯვენა ხელს, ჯორჯ ოსბორნს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, თავის მართლება არაერთხელ მოუწიათ. 2011 წელს კემერონმა ამასთან დაკავშირებით თქვა: ,,ახალგაზრდობაში შეცდომებს ყველანი ჩავდიოდით. მთავარია მათგან სწორი გაკვეთილები გამოვიტანოთ.“
კლუბის ცუდ რეპუტაციაზე არა მხოლოდ პრესა საუბრობდა. 2010 წელს, ლონდონის თეატრის Royal CourT სცენაზე დადგმულმა ლორა უეიდის პიესამ ,,ნაღები საზოგადოება“ დიდი მოწონება დაიმსახურა. მასში ნაჩვენებია დახურული სტუდენტური კლუბის (რომლის პროტოტიპი სწორედ ბულინგდონის კლუბია) ათი წევრის ვახშმისას მიმდინარე მოვლენები. პიესამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. 4 წლის შემდეგ კი, მისი ეკრანიზაცია შედგა. ფილმი ,,მეამბოხეთა კლუბი“ არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა.
მოგვიანებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი ჟურნალ Tatler-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ ამ ორმა ნაწარმოებმა ყველა სტუდენტს კლუბში გაწევრიანების სურვილი მომენტალურად გაუქრო, განსაკუთრებით კი მათ, ვინც პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს. შარშან ბრიტანულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ Spectator ბულინგდონის კლუბის ნეკროლოგიც კი გამოაქვეყნა.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: BBC