პედაგოგების წინასაარჩევნო განწყობა და მოთხოვნები – „მსურს პოლიტიკოსების სამოქმედო გეგმა უფრო ცხადი, დაპირებები კი უფრო გააზრებული იყოს“
ათწლეულების სტატისტიკას თვალს თუ გადაავლებთ, დარწმუნდებით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირებების ერთ-ერთი უცვლელი ადრესატი მასწავლებელთა საზოგადოებაა. წლების განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტები, საარჩევნო მარათონში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მიღებას მასწავლებელთა გულების მოგებითაც ცდილობენ. გამონაკლისი არც წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებია. სჯერათ თუ არა პედაგოგებს პოლიტიკოსების მორიგი დაპირებების? საარჩევნო პროგრამის მიხედვით, განათლების სისტემაში დაგეგმილი რა კონკრეტული ცვლილებისთვის ან დაპირებისთვის დაუჭერენ მხარს ამა თუ იმ პარტიას 26 ოქტომბერს? რა მოთხოვნებს უყენებენ ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებს თავად და რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან პოლიტიკოსებისგან? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად არაერთ მასწავლებელს დავუკავშირდით, თუმცა საკუთარ მოსაზრებებზე ღიად საუბარი ამჯერადაც და ამ თემაზეც მხოლოდ ერთეულებმა გაბედეს. „ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ“, – ოფიციალურად ამ კონკრეტული ფრაზით შემოიფარგლებოდნენ, პირად საუბრებში კი გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურთ. მიუხედავად იმისა რომ, გარკვევით ავუხსენით, EDU.ARIS.GE-ს მიზანი არც მათი პოლიტიკური გემოვნების გარკვევა იყო და, ცხადია, არც მათი არჩევანის გაგება-გამომზეურებას ვგეგმავდით.
იმ მასწავლებელთა წინასაარჩევნო განწყობები კი, ვინც ჩვენთან ვრცლად საუბრობს, პოლიტიკური ძალების ყურადღებასა და მოსმენას უდაოდ იმსახურებს.
საგანმანათლებლო საზოგადოების მთავარმა წევრებმა EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, თუ რა დაანონსებული ცვლილებების გამო იმსახურებს ან მომავალში დაიმსახურებს მათ სიმპათიას ესა თუ ის პოლიტიკური პარტია და ისიც გაგვიმხილეს, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან ქვეყნის სათავეში მოსვლის ამბიციის მქონე სუბიექტებისგან.
ბიოლოგიის მასწავლებელი, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური არჩევნებზე მისვლის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მოქალაქეობრივი ვალი ყველამ უნდა მოიხადოს.
„ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვქმნით ჩვენს რეალობას“, – განაცხადა ქალბატონმა ნინომ და იმაშიც გამოგვიტყდა, რომ ზოგადად, მის სიმპათიას ის პოლიტიკური პარტია იმსახურებს, რომლის მთავარი დაპირება არის გააზრებული, სწორი ნაბიჯებით ევროინტეგრაცია.
„ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის ეკონომიკის, განათლების სისტემის გაძლიერება მხოლოდ ასე მოხერხდება. სხვა გზას ვერ ვხედავ. წარმოუდგენელია იმ ბენეფიტებზე უარის თქმა, რასაც გვთავაზობს ევროკავშირის, ევროპის ქვეყნების არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები. ფაქტობრივად, სწორედ ამ ბენეფიტებმა მოიყვანა ჩვენი განათლების სისტემა აქამდე. ვამბობთ, რომ არ გვაქვს ისეთი შედეგები, როგორიც გვინდა, მაგრამ რა შედეგიც გვაქვს, ამასაც სწორედ ამ დახმარებებით მივაღწიეთ“, – განაცხადა ფსუტურმა.
გორის მკვიდრი პედაგოგისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ის ხელისუფლებაში მოსვლის მსურველ პოლიტიკოსებს უყენებს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე მუშაობაა.
„ცხადია, ყველას გვინდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ჩემთვის, როგორც გორში მომუშავე მასწავლებლისთვის და ადამიანისთვის, რომელმაც აგვისტოს ომში მეუღლე დაკარგა, უმნიშვნელოვანესია, რომ პარტიამ თუ კოალიციამ, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგას. რა თქმა უნდა, ომი არავის გვინდა და, პირველ რიგში, არ უნდა ჩემი ოჯახების მსგავს ოჯახებს, მაგრამ დაუშვებელია ამის გამო ტერიტორიების დასაბრუნებლად და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, არაფერი გავაკეთოთ“, – ასეთია მასწავლებლის პოზიცია.
შვილების უკეთესი მომავლისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ქვეყანაში მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობაა. პედაგოგი გამოგვიტყდა, ვისურვებდი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დაპირებები თუ სამოქმედო გეგმა მეტი სიცხადით ხასიათდებოდეს და ფართო მასებისთვის უფრო ხელმისაწვდომიც იყოსო. პრიორიტეტი კი, ქალბატონი ნინოსთვის ისაა, რომ განათლების სისტემაში თითოეული ცვლილება კარგად გააზრებული იყოს.
„მინდა, რომ განათლების სისტემაში ამდენი ცვლილება არ იყოს. ის ცვლილებები კი, რაც გატარდება, იყოს გააზრებული. მინდა ვმოქმედებდეთ პრინციპით – „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ და მასწავლებლებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ რაც დღეს ითქვა, ხვალ აუცილებლად შეიცვლება. სტაბილურობის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ქალბატონი ნინო.
იმის დასამტკიცებლად, რომ სტაბილურობის განცდა პედაგოგებისთვის დღემდე სანატრელია, არაერთი წამოწყებული, შეჩერებული, ან განხორციელების შემდეგ დაწუნებული რეფორმა გამოდგება. ნინო ფსუტურს საუბრისას უპირველესად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ახსენდება.
„სქემაზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ახლა აღმოჩნდა რომ, სტატუსებს მხოლოდ თეორიული დატვირთა დარჩა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცვლილებებისა და არასასიამოვნო ფაქტების წინაშე მოულოდნელად აღარ დავდგეთ“, – განაცხადა პედაგოგმა.
ქალბატონი ნინოსთვის მისაღები ის პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც გააზრებული, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობით, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. სწორ გადაწყვეტილებებში ფსუტური იმ ინიციატივასაც გულისხმობს, რომლის განხორციელებაც, როგორც ირკვევა, პედაგოგის ოცნებაა.
„ძალიან მინდა ზედა საფეხურზე იყოს პროფილური სწავლება. ამის ჩანასახი გარკვეულწილად ჩანს, მაგრამ ჯერ არ განხორციელებულა. საბაზო საფეხურის დასრულების შემდგომ, მოსწავლეს საგნების არჩევის უფლება უნდა ჰქონდეს. ეს მათ საშუალებას მისცემს ბოლო წლები უფრო ნაყოფიერად გამოიყენონ. ეს რეპეტიტორების ინსტიტუტთან ბრძოლისთვისაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და კარგი იქნება ჩემთვისაც, როგორც მასწავლებლისთვის, რადგან მე მე-11 და მე-12 კლასებში მომიწევს ისეთ მოსწავლეებთან სწავლება, რომელთაც რეალურად სჭირდებათ და აინტერესებთ ბიოლოგია. ზედა საფეხურზე მოსწავლეებისთვის 6-7 გაკვეთილზე დასწრება უინტერესო ხდება, რადგან მათ უკვე რაღაც კონკრეტული მიზნები აქვთ. თუ ჩვენ ამ კონკრეტულის მიღწევაში ხელს შევუწყობთ, უკეთესი იქნება. დამამთავრებელ კლასებში პროფილური სწავლება ჩემთვის წლების ოცნებაა“, – გამოგვიტყდა ნინო ფსუტური.
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ქალბატონი ნინო მასწავლებლების ხელფასსაც შეეხო. პედაგოგების ანაზღაურების ზრდა ის საკითხია, რომელსაც პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ხშირად იყენებენ. ამ მიმართულებით ბოლო წლებში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ნინო ფსუტურის აზრით, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა კვლავ გადასახედია.
„ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ხელფასი დაბალია, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ ერთ სკოლაში 22 საათი მაქვს. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ხარისხიანი და საინტერესო იქნებოდა ჩემი გაკვეთილები, ნაკლები საათი რომ მქონდეს, ანაზღაურება კი, თუნდაც იგივე, რაც ახლა მაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს სახელფასო პოლიტიკა. გარკვეული ტიპის მატება მოხდა, მაგრამ იმ ფონზე, რომ სტატუსის დანამატი ძალიან შემცირდა, დიდი კითხვის ნიშანი უნდა დავსვათ – მოხდა კი რეალურად ხელფასების მატება? მასწავლებლის ხელფასი ისეთი უნდა იყოს, რომ მან ღირსეულად გაიტანოს თავი თვიდან თვემდე. თან, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ მას 15 საათზე მეტი დატვირთა არ ჰქონდეს“, – გვითხრა ნინო ფსუტურმა.
სახელფასო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ია ყარყარაშვილიც. აპოლიტიკური ვარ, უბრალოდ ჩემს საქმეს ვემსახურებიო, ამბობს, მაგრამ გვიმხელს, რომ მისი სურვილია, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვთ, განათლების სფეროში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების მიცემა დაისახონ და ეს დაპირება გამარჯვების შემდეგაც არ დაივიწყონ.
„როგორც დაწყებითი საფეხურის პედაგოგი, იმედგაცრუებული და განაწყენებული ვარ ახლანდელი სახელფასო ფორმულით. ვფიქრობ, დაგვჩაგრეს. არც სერტიფიცირება და პედაგოგიური უნივერსიტეტდამთავრებულების გამოცდა მიმაჩნია სწორად. 5 წელი ვისწავლეთ და ყველა საგნის მეთოდიკა გავლილი გვაქვს, რა გამოცდებია საჭირო? მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედებითი, უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ბავშვზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ კი, ბოლო წლებში, კრედიტების დაგროვებასა და ბეჭდვას ვერ ავუდიოდით. დაწყებით საფეხურზე მუშაობას სხვა სპეციფიკა აქვს – ბავშვურ ენაზე უნდა ელაპარაკო პატარებს, თამაშ-თამაშით უნდა აუხსნა, რომ მათთვის მარტივად გასაგები გახადო საკითხი. ვფიქრობ, დაწყებითების და ზოგადად მასწავლებლების შრომა და ამაგი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკოსებმა საარჩევნო პროგრამების წერის დროს და დაპირებებიც, ამის მიხედვით უნდა გასცენ“, – განაცხადა ქალბატონმა იამ და ისიც გაგვიმხილა, რომ მის მხარდაჭერას ის პარტია დაიმსახურებს, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გეგმაში პედაგოგების სახელფასო სისტემის გადახედვის დაპირება აქვს.
დავით ჯანდიერი „მოქალაქეობას“ ორ სკოლაში ასწავლის. მისთვის, როგორც ამომრჩეველი პედაგოგისთვის, მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციის მქონე პარტიას, სამოქმედო გეგმაში განათლების პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე ჰქონდეს აქცენტი გაკეთებული.
„მთავარია ჩანდეს ხედვა განათლების პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე და იგრძნობოდეს, რომ ამ ხედვას არ გადაუხვევს. ასეთი ხელისუფლება ჯერ არ გვყოლია. ყველა იწყებს დეცენტრალიზაციას და მერე უბრუნდება ცენტრალიზაციას, რადგან სისტემას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ასე სჭირდება. ახლა საერთოდ ქაოსია – რაღაც მიმართულებებში პასუხისმგებლობები სკოლაზე და მასწავლებელზეა გადმობარებული და რაღაც მიმართულებებში პირდაპირი მითითებებია „ზევიდან“. მაგალითად: სკოლას შეუძლია შეიმუშაოს სასკოლო სასწავლო გეგმა და ამ მხრივ საკმაოდ თავისუფალია, არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, მაგრამ ის საკმაოდ ვრცელია და იძლევა მეტ-ნაკლებ თავისუფლებას. სამაგიეროდ, ძალიან მკაცრად ცენტრალიზებულია ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და სკოლის მართვასთან.
„თეორიულად არსებობს დირექტორის გამოცდები და არჩევის წესი, მაგრამ რეალურად ვიღებთ იმას, რომ უმეტესწილად ყველა დირექტორი დანიშნულია მინისტრის ბრძანებით, ან ყოველწლიურად მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან ისინი, ვინც აქამდე იყო და რეალურად სისტემას აწყობს. გარდა ამისა, სამინისტროს სსიპ-ებს შორის საკმაოდ არაჯანსაღია თანამშრომლობა და იმის მაგივრად ერთმანეთს მხარს უჭერდნენ, არაჯანსაღი კონკურენციაა, რაც კიდევ უფრო აზარალებს სისტემას. ვისურვებდი, საბოლოოდ, კანონში არსებული ბიუჯეტის მშპ-სთან მიმართებით 6%-მდე ზრდას, რაც უკვე არაერთხელ გადაიდო. შეუძლებელია დაეწიო თანამედროვე გამოწვევებს არსებული ინფრასტრუქტურით და მუდმივად ცვალებადი სტრატეგიით“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში დავით ჯანდიერმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ სამომავლოდ მაინც, „რომელიმე ხელისუფლება ჩამოვა ფსონს განათლებაზე, დაუთმობს ასპარეზს პროფესიონალებს, რომლებიც სისტემის შიგნითაც მრავლადაა და მოახერხებს განათლების სფეროთი დაინტერესებულ ყველა მხარეს შორის ფასილიტატორის როლის შესრულებას, რაც მას ევალება“.
ამავე თემაზე:
ვის რატომ აძლევენ ხმას სტუდენტები? – „მონაწილეობა ნებისმიერი მოქალაქის ვალია“
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება