მეთორმეტეკლასელი ამომრჩეველი: „ვირჩევ ევროპულ განათლებას და მოვითხოვ, ჩემი ცოდნის რეალიზების საშუალება მქონდეს“
„წელს რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მქონდეს“, – როგორია მოსწავლეების არჩევანი და მოთხოვნები
წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ჩვენს ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ყველას ეხება. მათ შორის სკოლის მოსწავლეებსაც, აბიტურიენტებსა თუ მომავალ აბიტურიენტებს, რომლებსაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური რეკლამების, ლიდერების დაპირებებისა და ამომრჩევლების სჯა-ბაასის გარემოცვაში უწევთ ცხოვრება. საინტერესოა, რა პირობებს უყენებენ ისინი პოლიტიკურ პარტიებს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება უკვე რომ ჰქონდეთ, რის გამო დაუჭერდნენ მხარს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად EDU.ARIS.GE-მ რამდენიმე უფროსკლასელი ჩაწერა.
მეთორმეტეკლასელი დავით ცერცვაძის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მხარს დაუჭერდა, ევროპული ინტერესების გატარება და საქართველოს ევროინტეგრაციაა.
„წელს რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მქონდეს, ჩემი ხმა იმ პარტიისკენ გადაიხრებოდა, რომლის ინტერესებიც ყველაზე უფრო თანხვედრაშია ჩემსასთან. ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, ევროპულ სტანდარტებს, იდეებს, ინტერესებს, ევროინტეგრაციას. 2024 ის წელია, როცა საქართველოს ყველაზე დიდი შანსი აქვს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ჩემი ხმა ექნებოდა იმ პარტიას ან გაერთიანებას, რომელსაც ამ შანსის გამოყენების რეალური ხედვა, რესურსი და შესაძლებლობა ექნებოდა“, – აცხადებს დავითი და იმასაც გვიმხელს, რომ ასევე მხარს დაუჭერდა ისეთ პარტიას, რომლისთვისაც ევროინტეგრაციასთან ერთად, პრიორიტეტი განათლება იქნებოდა:
„თუ პარტიას სურს სახელმწიფოს სიმტკიცე, პირველ რიგში უნდა იზრუნოს განათლებაზე, რადგან განათლებული საზოგადოება მტკიცე სახელმწიფოს საწინდარია. დღეს, განათლების სისტემა სრულიად მოშლილი და უმართავია (არ იგულისხმება კერძო სკოლები). ძალიან ბევრი ცვლილებაა საჭირო ამ მიმართულებით. ხმას იმ პარტიას მივცემდი, ვისაც კარგად ექნებოდა გააზრებული კონკრეტულად რა ცვლილებები უნდა გატარდეს ამ სფეროში და რა ნაბიჯის შემდეგ, რა შედეგი გვექნება“.
განათლების სისტემაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს მე-11 კლასის მოსწავლე ნატალი კეკელიძეც. ნატალი საარჩევნო ბიულეტენზე იმ პარტიის გრაფას გააფერადებდა, რომელიც განათლების განახლებულ პროგრამას წარმოადგენდა.
„პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ კარგი იქნება სასურველი საგნების შერჩევის საშუალება გვქონდეს, როგორც იყო ჩვენი მშობლების დროს – მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ეფიქრათ მხოლოდ ჰუმანიტარულ, ტექნიკურ ან საბუნებისმეტყველო საგნებზე. ანუ, ესწავლათ ის საგნები, რომლებიც მომავალში გამოადგებოდათ. ჩვენ კი იძულებულები ვართ, ყველა საგანი კარგად ვისწავლოთ. კარგი იქნება ეს თუ შეიცვლება“, – განაცხადა ნატალიმ.
განათლების სისტემაში ცვლილებები ერთადერთი პირობა არ არის, რასაც მომავალი ამომრჩეველი პოლიტიკურ პარტიებს უყენებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უმუშევრობის დაძლევა, პენსიებისა და ხელფასების გაზრდა, ეკონომიკური სტაბილურობა.
„საქართველოში პროდუქტები ძვირდება, ხელფასი არ არის მაღალი. არც პენსია. უმუშევრობის პრობლემა ისევ გვაქვს. სიმართლე გითხრათ, პარტიების წარმომადგენლებისგან ვერ გავიგე, როგორ აპირებენ ამ პრობლემების მოგვარებას. უბრალოდ გვპირდებიან, რომ ეს იქნება შესრულებული, მაგრამ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის, არ ვიცით. მხოლოდ ლაპარაკით ქვეყნის კეთილდღეობას ვერ მივაღწევთ“, – გვეუბნება ნატალი.
ეკონომიკის გაძლიერება, ხელფასებისა და პენსიების ზრდა, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც, მე-8 კლასელი ლუკა ინაშვილი კონკრეტულ პარტიას ხმას მისცემდა.
„მხარს იმ პარტიას დავუჭერდი, რომლისთვისაც პრიორიტეტი ეკონომიკის გაძლიერება იქნებოდა და რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე ბიზნესის განვითარების, ხელფასებისა და პენსიების გაზრდის კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდა. პენსიების გაზრდა უმნიშვნელოვანესია, რადგან მარტოხელა პენსიონერებს ძალიან უჭირთ. მათთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის ჯანდაცვა უნდა იყოს უფრო ხელმისაწვდომი. არჩევანის გაკეთებისას აუცილებლად მივაქცევდი ყურადღებას პარტიის ხედვას სასამართლოსთან დაკავშირებით, რადგან ძალიან მინდა ქვეყანაში იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის თანაბრად სამართლიანი სასამართლო სისტემა“, – განაცხადა ლუკამ და იმაშიც გამოგვიტყდა, რომ მისთვის, როგორც სკოლის მოსწავლისთვის, განათლების რეფორმაა ერთ-ერთი მთავარი.
ამიტომ, აუცილებლად იმ პარტიას დაუჭერდა მხარს, რომელსაც განათლების სისტემაში საინტერესო ცვლილებების გატარების გეგმა ექნებოდა.
„რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში კარგი, ხარისხიანი, ევროპული განათლების მიღების საშუალება ყველა მსურველს ჰქონდეს? ვისაც ეს გეგმა ექნება, ხმას იმას მივცემდი. ბოლო დროს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სკოლებში უნდა იყოს უფასო კვება. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ რომელიმე პარტია კონკრეტულად იტყოდა, ამის გაკეთებას როგორ აპირებს, მხარს მას დავუჭერდი“, – განაცხადა ლუკამ.
მე-12 კლასელ მარიამ თოდრიას პოლიტიკური ლიდერების დაპირებების დაჯერება უჭირს, რადგან კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკოსები დაპირებებს არ ასრულებენ. ამიტომ, არჩევნებში რომ მონაწილეობდეს, გადაწყვეტილებას დაპირებებზე დაყრდნობით არ გააკეთებდა.
„წლევანდელ არჩევნებში ხმის მიცემა რომ შემეძლოს, უბრალოდ ვიქნებოდი ცვლილების მხარეს, რადგან ვფიქრობ, დღეს არსებული ვითარება, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ზოგადად კი, უპირატესობას იმ პარტიებს ვანიჭებ, რომლებიც ეკონომიკისა და განათლების გაუმჯობესებას, ასევე მეტ თავისუფლებას გვპირდება. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველმა იფიქროს იმაზე, რომ ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების მეტი შანსი ჰქონდეს“, – აცხადებს მარიამი.
ელენე აბულაძე მე-9 კლასშია. მისი სურვილია მშვიდ, განვითარებულ, უსაფრთხო, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ ექნება იმის შიში, რომ საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირების გამო, საფრთხე შეექმნება.
ამბობს, რომ სამომავლოდ, იმ პარტიას აირჩევს, რომელიც ამ ყველაფრის გარანტიას მისცემს. კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ელენე ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებს უყენებს, განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა:
„მინდა ხელისუფლებაში მოვიდეს ძალა, რომელიც უკეთეს პირობებს შეგვიქმნის იმისთვის, რომ დავრჩეთ ამ ქვეყანაში, არ გავიხიზნოთ უცხოეთში და სამშობლოშივე გვქონდეს მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება. უკეთესი საცხოვრებელი პირობები და მეტი სამუშაო ადგილიც უნდა შეიქმნას. არ მინდა ახალგაზრდებს გონებაში ის გვქონდეს ჩაბეჭდილი, რომ სასურველი კი არა, უბრალოდ მაღალშემოსავლიანი პროფესია ავირჩიოთ. მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ჩვენს ოცნებებზე უარს არ ვიტყვით იმის შიშით, რომ სამუშაოს და შემოსავალს ვერ ვიპოვით. ვინც ამის გარანტიას მომცემს და თან კონკრეტულ გეგმებს დამანახებს, როგორ აპირებს ამ ყველაფრის მიღწევას, ხმას იმას მივცემ“, – აცხადებს ელენე.
მეთორმეტეკლასელი ლიზი მელაძე ბათუმში ცხოვრობს. უკვე 18 წელი შეუსრულდა, ამომრჩეველთა სიაშია და 26 ოქტომბერს, საკუთარ არჩევანს პირველად გააკეთებს. ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „არჩევნები არის დღე, როდესაც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს! ამიტომ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მოქალაქეობრივი ვალის მოხდა, აუცილებელია. წელს მე პირველად ვმონაწილეობ არჩევნებში. ჩემი არჩევანი ემთხვევა ჩემს ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას – ვირჩევ ევროპულ კურსს, ევროპულ განათლებას და მოვითხოვ, ჩემი ცოდნის რეალიზების საშუალება მქონდეს. ეს არის მთავარი, რის მიხედვითაც გადაწყვეტილება მივიღე“, – გაგვიმხილა სკოლის მოსწავლე ამომრჩეველმა.
საქართველოში მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობის გარანტია სურს ხელისუფლებისგან მე-9 კლასელ თეო რაზმაძეს. პარალელურად, სურს ქვეყანაში ისეთი ვითარება იყოს, საზღვარგარეთ წასვლის სურვილი მხოლოდ სამოგზაუროდ გაუჩნდეთ.
„მინდა ვიცხოვრო განვითარებულ, თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ვიქნები მშვიდად, უსაფრთხოდ და არ მექნება აზრის დაფიქსირების შიში. მინდა ისეთი განათლების სისტემა შეიქმნას, ისეთი მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება გვქონდეს, არ გავხდეთ იძულებულები, უმაღლესი განათლების მისაღებად სხვა ქვეყანაში წავიდეთ.
„ყველა სკოლასა და უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს გამართული და კარგად გააზრებული პროგრამა, რაც დღეს, პრობლემაა. სკოლების მაგალითზე რომ ვთქვა, ბევრი გაკვეთილი არ არის შესაბამისად განმტკიცებული და ინფორმაციაც მწირია, რაზედაც მასწავლებლებიც კი გამოხატავენ ხოლმე უკმაყოფილებას. მინდა ეს შეიცვალოს. სამშობლოშივე უმაღლესი ხარისხის განათლება მივიღოთ და ჩვენი შრომა, სამშობლოშივე დაფასდეს“, – განაცხადა თეომ, რომელიც იმაში გამოგვიტყდა, რომ უკვე ამომრჩეველთა სიაში რომ იყოს, არჩევანის გაკეთება გაუჭირდებოდა, რადგან ამ ეტაპზე, მისი ნდობით რომელიმე პარტია განსაკუთრებულად არ სარგებლობს.
სხვათა შორის, პარტიებისადმი უნდობლობის პრობლემაზე EDU.ARIS.GE-ს თითქმის ყველა რესპონდენტმა ისაუბრა. მიზეზი ის მწარე გამოცდილებაა, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა – „ხალხი წინასაარჩევნოდ ახსენდებათ, სასიამოვნო დაპირებებს გასცემენ და გამარჯვების მერე დაპირებებიც ავიწყდებათ და ხალხიც“ – ამბობენ მოსწავლეები. მათი თქმით, უნდობლობას ისიც იწვევს, რომ ხშირად ისეთ დაპირებებსაც იძლევიან, რომელთა განხორციელება რთული, ან მეტიც – წარმოუდგენელია.
ამ ფონზე, მომავალი ამომრჩევლები ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებს ერთ ზოგად პირობასაც უყენებენ, რომელიც რჩევადაც კი გამოადგებათ – „თუ გსურთ, ჩვენი ხმა მიიღოთ, მოიპოვეთ ჩვენი ნდობა, იყავით მეტად გულახდილები, დაგვაჯერეთ, რომ მართლაც ხალხზე და ქვეყანაზე ფიქრობთ, ისეთი პროგრამები წარმოადგინეთ, სადაც ყველა დაპირების კონკრეტული გეგმა იქნება გაწერილი!“
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება