„პედაგოგი ჩამოტარებით არ არის, ჩადგმით არის – ვინც კოლეგებთან არ თანამშრომლობს, სკოლიდან წავა“
ახალგაზრდა დაუსაქმებელი პედაგოგები, ჭაღარა მასწავლებლები და დაწინაურებულები იყვნენ სამიზნე ობიექტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხრიდან პედაგოგებთან შეხვედრაზე.
ალექსანდრე ჯეჯელავამ უკმაყოფილება არ დამალა იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს და ახლა პრაქტიკოს კოლეგებს ზემოდან უყურებენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი პედაგოგები, რომლებიც კოლეგებთან ვერ თანამშრომლობენ, სკოლიდან წავლენ.
„მე პირობას ვდებ, რომ მასწავლებელი წავა სკოლიდან. ოღონდ 25 წლისაც წავა, 45-საც, 65-საც და 85-საც, ვინც ვერ ჩაატარებს კარგ გაკვეთილს. დარჩება ყველა, ვინც ჩაატარებს კარგ გაკვეთილს. ასაკთან ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს. სკოლიდან აუცილებლად წავა ის, ვინც წასასვლელია, ვინც კოლექტივთან ვერ თანამშრომლობს.
ადამიანმა, რომელმაც თავისი დაწინაურება გამოიყენა იმისთვის, რომ კოლექტივში “კუდი ყავარზე გაიდოს”, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, ის უნდა წავიდეს! არ შეიძლება. ეს არის კოლექტივის მიმართ უპატივცემულობა! ეს არის სირცხვილი. მან ბავშვებს რა უნდა ასწავლოს? ეს საქციელი?
სქემის შემოტანისას თავიდანვე უნდა ეთქვათ: „ჭკუით იყავით, ნერვები არ მოუშალოთ კოლექტივს, თორემ უკან დაგრჩებაც სქემაც, ჩინ–მენდლებიც და ჯინჯილებიც“.
მეორეს მხრივ, ეს რომ ვთქვი, ყველა პრაქტიკოსმა თქვა: აგაშენა ღმერთმა. ესენი გავყაროთ ყველანი და დავრჩებით ჩვენ ბედნიერად. ასეც არ უნდა გავაკეთოთ. მთავარი პედაგოგიური კოლექტივია. შეუძლებელია ფეხბურთის გუნდი შეაფასო სათითაო ფეხბურთელით. შეუძლებელია, რომ ოჯახი შეაფასო ერთი წევრით. ის ურთიერთობა, რაც არის ოჯახში, კოლექტივში, არის გადამწყვეტი“, – უთხრა მინისტრმა პედაგოგებს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ თავისი საუბრის დიდი ნაწილი იმ ახალგაზრდა მასწავლებლებს დაუთმო, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს, მაგრამ სკოლებში ვერ საქმდებიან. მინისტრი მათ მიმართ ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი.
„მე როცა მოვედი ამ თანამდებობაზე, მეუბნებოდნენ, რომ ათასობით ახალგაზდა პედაგოგს უნდა სკოლაში შესვლა, მაგრამ ვერ შედის, იმიტომ რომ აი, აქ თქვენ ვინც ხართ, იკავებთ მათ ადგილებს.
„მე ვთხოვე, ჩემს კოლეგებს, 10 ასეთი ახალგაზრდა სერტიფიცირებული პედაგოგის ნომერი ეშოვათ, ამ ათასობით პედაგოგიდან. მიშოვეს და დავურეკე. პედაგოგობის 10 მსურველს ველაპარაკე. 8-მ იცით, რა მითხრა? სანამ სხვა სამსახურს ვიშოვი, მანამ ვიმუშავებ სკოლაშიო. პედაგოგი ჩამოტარებით არ არის! ჩადგმით არის! ანუ ასე არ შეიძლება. სანამ უკეთეს სამსახურს იშოვი, მანამდე რომ გინდა სკოლაში მუშაობა. ჯერ სანამ აზრზე მოხვალ, სად მოხვდი, ერთი 2 წელი გავა. სანამ მიხვდები, რა „შარში“ გაეხვიე. სანამ მიხვდები, შენია ეს საქმე, თუ არა.
მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრი ალტერნატივაა საკმაოდ კარგი სამსახურისთვის. თან ჩვენ არ გვჭირდება ადამიანი, რომელიც დროებით არის აქ. რომელიც გაკვეთილების მერე ცდილობს, რომ სხვა სამსახური მოძებნოს და გაიქცეს. ის გულს ვერ ჩადებს ბავშვების მომზადებაში. ისინი ვერ გახდებიან მისი შვილები და შესაბამისად, ეს პროცესი არ წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს.
ის ათასობით ახალგაზრდა და ენერგიული პედაგოგი, რომელსაც უნდა სკოლაში მუშაობა, მითია. ეს არარეალურია. ჩვენ გვჭირდება ათასობით ახალგაზრდა პედაგოგი, განა არ გვჭირდება?! – უბრალოდ, დღეს არ გვყავს.
გამოდის, ახალგაზრდამ ჩააბარა რაღაც გამოცდა, რომელმაც რაღაცნაირად დართო ნება, რომ ვითომ პედაგოგია. რატომ არის პედაგოგი, გაუგებარია, ამ გამოცდის ჩაბარების შედეგად! საწყალი ახალგაზრდები. დგანან სიცივეში ქუჩაში, სულ ნარჩევი პედაგოგები თანაც! საიდან მოვიდნენ, არ ვიცით. ესენი კიდევ მათ ადგილს არ უთმობენ. ესეც ძალიან დიდი სირცხვილია!
წელს პირველად გავეცით გრანტები პედაგოგიური მიმართულებით. სულ 1000 კაცისთვის. ამ ათასიდან 4 წელიწადში ჩვენ 200-300 პედაგოგი გვეყოლება. ათასი სტუდენტიდან ათასივე პედაგოგი არ გამოვა და ის 200- 300 სტუდენტი ნამდვილად იქნება პედაგოგი. უნდა მოვიფიქროთ, რომ მათ ნამდვილად იპოვონ სამსახური.
იმის თქმა არ მინდა, რომ იმ გამოცდაჩაბარებულ ახალგაზრდებში არც ერთი არ ვარგა. იმ 10 კაცს რომ ველაპარაკე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ 2-ს ძალიან უნდოდა პედაგოგობა. დღესაც არის ხალხი, ვინც შემოსაშვებია სკოლაში და ნამდვილად უნდა პედაგოგობა და ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვიფიქროთ მეთოდი, როგორ დაგიმოწაფოთ გამოცდილ პედაგოგებს ახალგაზრდები. ჩემი სურვილია, საუკეთესო სტუდენტებს მივცეთ საშუალება, მოსინჯონ. მოქმედ პედაგოგთან ერთად პარალელურ რეჟიმში. როგორ იმუშავებს, ამას დავინახავთ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ახალგაზრდა პედაგოგების შემოდინება არ გვაქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება ასაკოვანი პედაგოგების მიმართ გამოხატა.
„ჩვენი სკოლის ფასადი მინდა, რომ იყოს ჭაღარა და ძალიან საყვარელი. ფასადში სინამდვილეში ვგულისხმობ ავანგარდს. ვისაც 40 წლის პედაგოგის გამოცდა მოაფიქრდა, სირცხვილია, იმიტომ რომ ჩვეულებრივი შეურაცხყოფაა. ჩვენ ვამბობთ, რომ გამოცდა არ უნდა ერქვას და ბარიერი არ უნდა იყოს. ჩაჭრის რისკი როცა ჰქონდა გამოცდას, ბევრმა პედაგოგმა არ გადაწყვიტა გასვლა. ახალი სქემით ყველაზე ცუდ შემთხვევაში გამოცდაზე გასული გამოხვალ ცოტა ქულით. ჩაჭრილი არც ერთ შემთხვევაში არ გამოხვალ. სამსახურის დაკარგვის საფრთხე არც ერთ შემთხვევაში არ გექნება. ახალი სქემით პრაქტიკოს მასწავლებელს აღარ აქვს სამსახურის დაკარგვის საფრთხე.
სად გართულდება ცხოვრება? შენარჩუნება ისეთივე რთული იქნება, როგორც მოპოვება. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება იქნება არჩევანი. რახან არავის ვუშვებთ სკოლიდან. მე ვეუბნები, შენ თუ გადაწყვიტე, რომ არ გინდა იწვალო და დარჩე პრაქტიკოს პედაგოგად, დარჩები პრაქტიკოს პრაქტიკოსად, 1 და 2-3 წლითაც. არ მოგემატება ხელფასი, თუ საერთო სახალხო მატება არ იქნება. დანამატები უფრო სწრაფად წავლენ, ვიდრე საბაზო ხელფასი. ვისაც სტატუსის ამაღლება არ უღირს, არ უღირს. მოკლედ დაძალება არ შეიძლება”, – თქვა ჯეჯელავამ.
ვისი პასუხისმგებლობით გათავისუფლდება ის სკოლიდან
ვინ გაუშვებს მასწავლებელს სკოლიდან – განათლების სამინისტროში ახალ სტანდარტზე მუშაობენ
სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია
როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით
ცისანა არის© შერგილაშვილი
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება