როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით
საქართველოში 59 720 მოქმედი პედაგოგია, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან. რაოდენობის მხრივ პირველ ხუთეულში მათემატიკის (16 285), ქართული ენისა და ლიტერატურის (15 559), საბუნებისმეტყველო საგნების (13 772), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა (11 177) და სპორტის (10 108) მასწავლებლები შედიან. ამ ორი უკანასკნელი საგნის პედაგოგებიდან უმეტესობა დაწყებითი კლასების პედაგოგია. ანუ, მხოლოდ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედგაგოგი 1 414 მათგანია, მხოლოდ სპორტის კი – 2 165.
როგორც განათლების სამინისტროსგან EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, მათ მოსდევენ მუსიკის პედაგოგები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც 8 156-ს შეადგენს (აქედან 5 434 ამავდროულად დაწყებითი კლასების პედაგოგიცაა. მხოლოდ მუსიკის კი – 2 721), ინგლისური ენის პედაგოგები, რომლებიც 5 430 გვყავს, ისტორიის -4 300 და საგან ჩვენი საქართველოს 3 506 პედაგოგი (რომელთაგანაც უმეტესობა ამავდროულად ისტორიის პედაგოგია).
3 452 პედაგოგი გვყავს არჩევით საგნებში, 3 256 – რუსულ ენაში, 2 995 – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, 2 886- ბიოლოგიაში, 2 767 – გეოგრაფიაში, 2 760 – სამოქალაქო განათლებაში, 2 659 – ფიზიკაში, 2 373 – ქიმიაში, 2 050 – მშობლიურ ენაში არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის, 1 518- საგანში საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებაში, 1 886 – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოებაში, 1 192 კი – ქართული, როგორც მეორე ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორისთვის.
მცირერიცხოვან პედაგოგთა ჯგუფში შედიან გერმანული ენის მასწავლებლები ( 642), ქართული ცეკვის მასწავლებლები (390), ფრანგული ენის ( 147), პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის (89), ჭადრაკის (31) , სხვა უცხოური საგნების (19) და აფხაზურის (3) პედაგოგები.
მასწავლებელი ერთდროულად შეიძლება ასწავლიდეს რამდენიმე საგანს.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიერ ჩატარებული სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით (TALIS), საქართველოში საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების 95%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.
ბაკალავრის ხარისხი მასწავლებლების 12%-ს გააჩნია, უმაღლესი პროფესიული განათლება მიღებული აქვს 7%-ს, მაგისტრის ხარისხი – 75%-ს და დოქტორის ხარისხი – მასწავლებლების 1%-ს.
უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლების ყველაზე მაღალი წილი გვხვდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (91%), მათემატიკაში(94%), საბუნებისმეტყველო საგნებში (92%), სოციალურ მეცნიერებებსა (90%) და უცხოურ ენებში (90%).
ასეთი მასწავლებლების ყველაზე მცირე წილი ხელოვნებისა (64%) და ფიზიკური აღზრდის (67%) დისციპლინების მასწავლებლებს შორისაა.
ბაკალავრის ხარისხის მასწავლებლების წილი მაღალია უცხოური ენების (21%), საინფორმაციო ტექნოლოგიების (20%), რელიგიისა (22%) და ფიზიკური აღზრდის (19%) მასწავლებლებს შორის.
უმაღლესი განათლება არ აქვს ხელოვნების მასწავლებლების 21%-სა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგების 13%-ს. თუმცა ასეთი მასწავლებლები გვხვდება უცხოური ენების,ქართულისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს შორისაც.
დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლები გვხდება მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების, სოციალური მეცნიერებების, უცხოური ენების, ისტ-ისა და ფიზიკური აღზრდის მიმართულებით. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს შორის დოქტორის ხარისხის მქონე პედაგოგების არსებობა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზემოთ დასახელებული საგნების (მაგ.: მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, სოციალური მეცნიერებები) მასწავლებლები ხშირად ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პოზიციასაც ითავსებენ.
აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი სოფლების სკოლებში, უმაღლესი განათლების დიპლომი ყოველ მეათე მასწავლებელს არ აქვს.
იმავე კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ 7 მოსწავლეზე 1 მასწავლებელი მოდის, რაც მნიშნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (12:1). ეს ვითარება დიდწილად სკოლების გეოგრაფიული განაწილებითაა განპირობებული. საქართველოში სკოლების 66% სოფლების მცირეკონტიგენტიან სკოლებს წარმოადგენს.
მასწავლებლების ნახევარზე მეტი საქართველოში არასრულ განაკვეთზე მუშაობს და მათი უდიდესი ნაწილისათვის ეს არჩევანი არ არის. ბრაზილიასთან, მექსიკასთან და ჰოლანდიასთან ერთად საქართველო არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიცხვშია. თუმცა, საქართველოსაგან განსხვავებით, ჰოლანდიაში არასრულ განაკვეთზე მუშაობა მასწავლებლის არჩევანია.
სრული განაკვეთით მომუშავე მასწავლებლების ყველაზე მაღალი წილი მათემატიკის მასწავლებლებშია (65%). ყველა დანარჩენ საგანში მასწავლებლების ნახევარზე ნაკლები მუშაობს სრული დატვირთვით. არასრული დატვირთვით მომუშავე მასწავლებლების წილი ყველაზე დაბალი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნების მასწავლებლებს შორისაა.
ქართველი პედაგოგები თვითშეფასების მაჩვენებლით ფინელ კოლეგებსაც უსწრებენ – კვლევის შედეგები
თაკო არის© მათეშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება