GE

პედაგოგი განათლების სამინისტროს „კარგად და ბევრი ფიქრისკენ“ მოუწოდებს

მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და კომპეტენციის ამაღლება არ არის მხოლოდ ის ცენტრალიზებული და ხშირად არაეფექტური ტრენინგები, რომელსაც დღეს განათლების სამინისტრო სისტემაში დასაქმებულ პედაგოგებს სთავაზობს. გვანცა შიშინაშვილი, რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და უფროსი მასწავლებელი სვამს კითხვას, პასუხობს თუ არა მასწავლებლის განვითარებას სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცენტრალიზებული ტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა საათობრივი დატვირთვით განისაზღვრება უფროსი, მენტორი და წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში.

ამ კითხვით მან განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” პირდაპირ ეთერში მიმართა და მის უწყებას მეტი ფიქრისკენ მოუწოდა.

“მაგალითად ჩემ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლისთვის 20-საათიან სავალდებულო ტრენინგს მოითხოვს. ეს ტრენინგები არ ერგება ჩვენ საჭიროებებს, ხედვებს და ჩვენ უნდა ამოვარჩიოთ, შემდგომ ამის მიხედვით დავესწროთ ამ ტრენინგებს, მაგრამ აქაც ხაზგასასმელია, რომ როდესაც ვსაუბრობთ მასწავლებლის პროდუქტიულობაზე და გვინდა, რომ პროდუქტიული იყოს, რას ვთავაზობთ: ვთავაზობთ ტრენინგებს, რომელიც მათ უტარდებათ ონლაინ რეჟიმში, რაც ხშირად არის არაეფექტიანი. ეს ტრენინგები ტარდება საღამოს საათებში, მაშინ, როდესაც მასწავლებელი ისედაც, მთელი დღის განმავლობაში სკოლაში ნამყოფი მიდის და კიდევ უნდა დაჯდეს, უსმინოს ამ ტრენინგს. აქაც ეფექტიანობის საკითხი დგას. ამიტომ, ამის მიღმა კიდევ რისი გაკეთება შეიძლება მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის, რომ ჩემი, როგორც მასწავლებლის კომპეტენცია იქნას გაზრდილი, ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ფიქრი და ბევრი ფიქრი”, – მიმართა პედაგოგმა მინისტრს.

მისი თქმით, მასწავლებლის გაძლიერებისთვის არსებობს არაერთი სხვა, გარე მექანიზმი, რომელსაც მისი კოლეგები ხშირად იყენებენ იმისათვის, რომ პროფესია და კომპეტენცია აიმაღლონ.

“ვფიქრობ, ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს საკმაოდ სამუშაო აქვს”, – დასძინა გვანცა შიშინაშვილმა.

1-ელ ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემასა და სახელფასო პოლიტიკის შესახებ ზოგად ჭრილში და საკუთარი შეხედულებებით ისაუბრა, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ, თუ რა კუთხით გეგმავს სამინისტრო მასწავლებელთა სქემის ცვლილებას, გაზრდიან თუ არა საბაზო ხელფასს და დარჩება თუ არა სქემა იმ სახით, როგორიც ახლა გვაქვს, საზოგადოებისა და მასწავლებელთა კორპუსისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ასევე იხილეთ:

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა – „სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური