ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა – „სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზია“
ესგ ადმინისტრაციული რეგულაციებისგან თავისუფალი, სისტემური ხედვის დოკუმენტი გახდება და ამ მიზნისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების განხორციელების შესახებ კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ამის შესახებ 30 ოქტომბერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, სადაც სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ესგ-ის დოკუმენტის რევიზია და გადამუშავება სასკოლო საზოგადოების მიერ მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განახორციელეს და მათი პოზიციები მაქსიმალურად გაითვალისწინეს.
“რიგ შემთხვევაში, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზია, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვკარნახობთ: მოგვეცით თავისუფლება და რეალურად მოგვეცით იმის საშუალება, რომ საფეხურის მიზანზე გავიდე, მაგრამ როგორ გავალ, რა მიდგომით, რა მეთოდით, რით დავადასტურებ ამას, აი, ეს თავისუფლება მომეცი მე. შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია ამ თვალსაზრისით მოხდა და ჩვენ გვინდა, რომ სკოლამ თავად განსაზღვროს საკუთარი სასკოლო საზოგადოების განვითარების გზა”, – თქვა თამარ მახარაშვილზე.
მისი თქმით, რასაკვირველია, ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლას საფეხურის მიზანს უკარნახებს, რაზე უნდა გავიდეს, მაგრამ როგორ რა მიდგომით, ეს მისი განსაზღვრის საგანი იქნება.
“სულ ამბობდნენ, რომ მეტი ავტონომია მოგვეცით, მეტი თავისუფლება, რესურსები უფრო მეტი გამომაყენებინეთ… ესგ-ის არსებული რედაქციაც იძლეოდა ამის საშუალებას, მაგრამ სასკოლო საზოგადოებას მაინც ჰქონდა განცდა, რომ ეს ძალიან გახსნილად დაგვანახეთ და სასწავლო გეგმა იყოს უფრო მარტივი, აღქმადი დოკუმენტი და გვიკარნანეთ ნაკლები; ის, რაც მთავარია გვიკარნახეთ და დანარჩენი მოგვეცით თავისუფლება. ამიტომ, ადმინისტრაციული რეგულაციებისგან თავისუფალი, სისტემური ხედვის დოკუმენტი მოგვეცით და იყოს მარტივი დიზაინითა და ენით იმისათვის, რომ ეს იყოს გამოსაყენებელი, სამაგიდე ნებისმიერი სასკოლო საზოგადოებისთვის”, – განმარტა განათლებისა და მინისტრის მოადგილემ განათლების კომიტეტში საუბრისას.
დეპუტატის კითხვაზე, რა მასშტაბით გაფართოვდა სკოლის უფლებები და თავისუფლებები, მაგალითად, შეიძლება თუ არა, სკოლამ გადაწყვიტოს, რომ ნიშნებს არ წერს, მაგალითად, შეიძლება თუ არა სკოლაში ასაკობრივი ჯგუფების არევა, შეიძლება თუ არა რელიგიური სკოლა გაიხსნას, რომელიც წარმატებით დაწერს თავისი სკოლის ფილოსოფიას, მაგრამ მათემატიკასაც ასწავლის, თამარ მახარაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:
“სკოლა საფეხურის მიზნებზე უნდა გავიდეს. საფეხურის მიზნები იქნება გამოკვეთილი. დაწყებითი, საბაზო, საშუალო და ყველა შემთხვევაში, შენი აქტივობებით უნდა გახვიდე ამ მიზნებზე. არის სავალდებულო საგანთა ჩამონათვალი და სავალდებულოობა, რომ სკოლა გავიდეს საფეხურის მიზანზე, ეს რჩება. მაგრამ თავისუფლების ხარისხი მათ შორის სახელმძღვანელოებში, მტკიცებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, მათ დარჩებათ, ანუ იქნება ის, რაც არის სავალდებულო საფეხურზე გასვლა, მაგრამ როგორ მოახერხებს ამას, რა მტკიცებულებებით, რა შესაძლებლობებით, აქ მე შენ გაძლევ თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს უნდა წარმოადგინოს და ეს უნდა დაუდასტუროს მათ შორის ავტორიზაციამ”.
ამავე თემაზე:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით ანგარიში მოისმინა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება