GE

პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდის შედეგები 2019 – ათასობით მასწავლებელი სისტემაში კომპეტენციის დადასტურების გარეშე რჩება

პრემიერი გახარია ამბობს: „არ შეიძლება, მოსახლეობას ვუთხრათ, რომ განათლების რეფორმის შედეგი დადგება 10 წლის შემდეგ. ეს არასწორი იქნება“. მაგრამ ჯერ ისევ ბუნდოვანია, საიდან ან როგორ უნდა დავიწყოთ, რომ სწრაფი შედეგი მივიღოთ? ან იქნებ 10 წელიც ცოტაა საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად?

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, თუ როგორი შედეგი დადეს 2019 წლის ზაფხულის მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე მასწავლებლობის მსურველებმა – გამოცდაზე გასულთა 74%-მა მინიმალური ზღვარიც ვერ გადალახა და „ჩაიჭრა“. მეორე საკითხია პრაქტიკოსი მასწავლებლები და მათი შედეგები ზაფხულის გამოცდაზე, რომელთა რიცხვიც საქართველოში ყველაზე მეტია და პედაგოგთა სქემის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ თავიანთ საგანში კომპეტენცია დაედასტურებინათ.

მოქმედი პედაგოგების ნაწილს, ანუ პრაქტიკოსებს, სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულის აღება სჭირდებოდათ და მათთვის აუცილებელი არ იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა. ამისთვის კი ისინი ალექსანდრე ჯეჯელავას უნდა „უმადლოდნენ“, რომელმაც მასწავლებლების გამოცდაზე ჩაჭრის პრინციპი საერთოდ გააუქმა.

“კვალიფიკაციას დადასტურება და ამაღლება სჭირდება, მაგრამ მე მრცხვენია, გამოვცადო ადამიანი, რომელიც 30-წელია ასწავლის. არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა – ის გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ”, – ამბობდა ჯეჯელავა.

თამარ სანიკიძის მინისტრობისას შემუშავებული პედაგოგთა სქემის პირველად ვერსიაში კი, ეწერა, რომ თუ მოქმედი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში საგნის გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებდა და კომპეტენციას ვერ დაადასტურებდა, მას სკოლა შრომით ხელშეკრულებას გაუუქმებდა. ცნობისთვის, თუ სქემის ამოქმედების ვადებს შევხედავთ (მათ შორის საპილოტე წელს), ეს სამი წელი 2019 წლის ზაფხულის გამოცდების შემდეგ უკვე ამოწურულია და მიუხედავად ამისა, სისტემაში ათასობით გვყავს მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციას ვერ ადასტურებს, სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ „ჩაჭრილს“ აღარ ვუწოდებთ. რაც შეეხება ხელშეწყობას, მასწავლებელთა გადამზადებასა და სხვადასხვა ტრენინგებში სისტემა სერიოზულ თანხებს ხარჯავს და ლოგიკურია, რომ ამის უკუკავშირი უპირველესად სწავლა-სწავლების პროცესში და თავად გამოცდაზეც უნდა იგრძნობოდეს.

მადლობა ბატონ ჯეჯელავას, რომ სქემაში ცვლილებები შევიდა, თორემ მოქმედ მასწავლებელთა გამოცდაზე ჩაჭრის მონაცემები, რომლის მედიაში გასაჯაროებაც განათლების უწყებას წლიდან-წლამდე ღამის კოშმარად ექცა, დღევანდელ სამინისტროსაც დაატყდებოდა თავს. მაგრამ გამოცდების ცენტრისგან დამოუკიდებლად, (რომელიც ახალი მმართველობის ეტაპზე რეკორდებს ხსნის ინფორმაციის არ გაცემის მხრივ), EDU.ARIS.GE-მ დათვალა ყველა საგნის მონაცემი პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდის შედეგად. ჩვენ გავარკვიეთ რამდენია იმ მასწავლებელთა წილი 18 500-ზე მეტ მასწავლებელში, რომელთაც ვერც ერთი კრედიტქულა ვერ მოიპოვეს ზაფხულის გამოცდაზე. როგორია შედეგები? ჩვენ მხოლოდ რიცხვებს და პროცენტებს წარმოგიდგენთ, შეფასებას ოფიციალური უწყებებისგან ველით, დასკვნებს კი საზოგადოებას მივანდობთ.

2019 წლის ზაფხულში, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობა 18 500-ზე მეტმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მიიღო.

მინისტრი ბატიაშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ამბობდა, რომ დაწყებით განათლებაში სკოლა მყარად დგას და პრობლემები შემდეგ საფეხურებზე იწყება – არადა, დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) ტესტირებაზე გასული 3 395 მასწავლებლიდან 2 336-მა ისეთი შედეგი დადო, რომ 0 კრედიტქულა მიენიჭება.

პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარა 13 788 მასწავლებელმა და 5 976-მა წარუმატებლად, ანუ 0 კრედიტქულა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ გრაფიკს, რომელიც საგამოცდო საგნების მიხედვით არის შედგენილი და გვიჩვენებს პროცენტებს, პრაქტიკოსთა რამდენმა პროცენტმა გამოიტანა 0 კრედიტქულა ტესტირებაზე დადებული შედეგის გათვალისწინებით:


 

EDU.ARIS.GE– მ გრაფიკზე მოცემული მონაცემების დამუშავებისას დაეყრდნო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პრაქტიკოს მასწავლებელთა ქულებს და ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ (#241, 23/05/2019).

შეგახსენებთ, რომ EDU.ARIS.GE–მ მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების გამოთვლის პრინციპში ხარვეზები აღმოაჩინა, რაც მასწავლებლის სახლმაც დაადასტურა და ხარვეზის გამოსწორებას დაგვპირდა. შესაბამისად, საკითხზე კითხვები იქამდე დარჩება, ვიდრე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არ იტყვის, კონკრეტულად როგორ ხედავს ხარვეზის გამოსწორების გზას.

2019-2020 სასწავლო წელი გუშინ დაიწყო. სკოლას არაერთი ახალი მასწავლებელი შეემატა და წარმატებები მათ. სისტემას უკვე შეელია 6000-მდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი, ისინი თავიანთ ჯილდოს ელიან. სკოლებში დღეს ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებელიც გვყავს, თუმცა საინტერესოა, იქნებოდნენ კი ისინი კვლავ სისტემაში, თუ ყოფილი მინისტრი ჯეჯელავა თამარ სანიკიძის განათლების მინისტრობისას მიღებულ მასწავლებელთა სქემაში მთავარს – გამოცდაზე „ჩაჭრის“ და შემდეგ სკოლიდან გაშვების პრინციპს არ გააუქმებდა?!

გამოცდის შემდეგ პრაქტიკოსი მასწავლებლის კრედიტქულის დათვლა არასწორი პრინციპით ხდება – რა პასუხი აქვს მასწავლებლის სახლს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური