GE

გამოცდის შემდეგ პრაქტიკოსი მასწავლებლის კრედიტქულის დათვლა არასწორი პრინციპით ხდება – რა პასუხი აქვს მასწავლებლის სახლს

EDU.ARIS.GEმ მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების გამოთვლის პრინციპში ხარვეზები აღმოაჩინა.

ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გაუგზავნეთ.
ცენტრმა აღმოჩენილი ხარვეზების არსებობა დაადასტურა.

პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი, ხარვეზების გამოსწორებას დაგვპირდა და დასძინა, რომ „ყველაფერი მასწავლებლების სასარგებლოდ გადაწყდება“.

თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, შესაძლებელია თუ არა ამაზე სამართლიანად თვალის დახუჭვა და უნდა დადგეს თუ არა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების ბათილობის საკითხი.

მაშ ასე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში, (წინა დადგენილებებშიც) მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ ვკითხულობთ, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას კრედიტ-ქულების დაგროვების პრინციპი შემდეგია:

თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის –

31%-დან 41%-მდე მიიღეთ – 1 კრედიტ-ქულას მიიღებთ
41%-დან 51%-მდე – 4 კრედიტ-ქულას
51%-დან 61%-მდე – 7 კრედიტ-ქულას
61% – დან ზემოთ კი 10 კრედიტ-ქულას

ალბათ, სიმარტივისათვის, პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრმა გამოცდაზე მიღებული შედეგის საფუძველზე კრედიტქულების დაგროვების თავისი ვერსია, ცხრილის სახით გაავრცელა:

შევადაროთ მონაცემები და მხოლოდ ორი მაგალითი განვიხილოთ (ისე მეტია):

1.ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) გამოცდაში მაქსიმალური ქულაა 65

თუ მასწავლებლის სახლის ცხრილს დავეყრდნობით, 1 კრედიტქულის მოსაპოვებლად გამოცდაზე მინიმუმ 20 ქულაა მისაღები.

მაგრამ 20 ქულა 31% ნაკლებია (30,77%), შესაბამისად, მთავრობის დადგენილების თანახმად, 20 ქულის მიღების შემთხვევაში 0 კრედიტ-ქულას მიიღებთ და 1 კრედიტქულის მისაღებად გამოცდაზე მინიმუმ 21 ქულა არის საჭირო.

ქულები დამრგვალდა? რატომ?

2.ბიოლოგია, მაქსიმალური ქულა – 63

თუ მასწავლებლის სახლის ცხრილს დავეყრდნობით, 10 კრედიტ-ქულის მოსაპოვებლად გამოცდაზე მინიმუმ 38 ქულაა მისაღები.

მაგრამ 38 ქულა 61% ნაკლებია (60,32%), შესაბამისად, მთავრობის დადგენილების თანახმად, 38 ქულის მიღების შემთხვევაში 7 კრედიტ-ქულას მიიღებ და 10 კრედიტ-ქულის მისაღებად გამოცდაზე მინიმუმ 39 ქულაა საჭირო.

აქაც ამრგვალებთ? რატომ?

არა, მეგობრებო, დამრგვალების შემთხვევაშიც 60%-ია

ასეთი არითმეტიკით, სამინისტრო რეალობაზე უკეთეს შედეგს იღებს.

პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდის შედეგებს EDU.ARIS.GE მომავალ კვირაში შემოგთავაზებთ, მანამდე ვეცდებით, რომ შეფასებისათვის ოდნავ რბილი სიტყვები მოვიფიქროთ.

გვინდა მანანა რატიანის ფრაზას „ყველაფერი მასწავლებლების სასარგებლოდ გადაწყდება“-ს დავუბრუნდეთ. რომელი მასწავლებლის სასარგებლოდ? იმათ ვინც დაუმსახურებლად დაწინაურდა? თუ მათი, ვინც ამის გამო დაზარალდა?

ჩვენი აზრით, მასწავლებლებს სამართლებრივი გზა გახსნილი აქვთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm