GE

პრაქტიკოსი მასწავლებლების 50%-ზე მეტი ვერ ასრულებდა აქტივობების 25%-ს – რა გამოავლინა სამი წლის მონაცემებმა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი რამდენიმე წელია რეფორმის პროცესშია და მასწავლებლის პროფესიის რეგულირების დოკუმენტზე დღემდე მუშაობს. ბოლო ორი წლის მანძილზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში გარკვეული ცვლილებები შევიდა და სტატუსის მოპოვების დროებითი კრიტერიუმებიც განისაზღვრა.

როგორი იყო ამ მიმართულებით განვლილი წლები, რაშიც სოლიდური საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა. აუდიტის სამსახურმა 2017-2019 წლების შესაბამისი ღონისძიებები შეისწავლა და გარკვეული ნაკლოვანებები აღმოაჩინა. აღნიშნული დაღვევების ნაწილი მასწავლებლის სახლს  უკვე გამოსწორებული აქვს, ან მის დახვეწაზე მუშაობს, თუმცა აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ საანგარიშო პერიოდში ცენტრი  აქტივობების შესრულების შედეგებს სათანადოდ არ აანალიზებდა.

EDU.ARIS.GE  გთავაზობთ კონკრეტულად მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს, სადაც არაერთ ხარვეზზეა საუბარი.

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მექანიზმების ნაკლოვანებები

მასწავლებლის პროფესიული განვითარება, რომელიც უწყვეტი პროცესია, მუდმივად საჭიროებს ცოდნის განახლებასა და გაუმჯობესებას, რათა პედაგოგმა შეძლოს უახლესი გამოწვევების საპასუხოდ ახალი, თანამედროვე მიდგომებით სასწავლო პროცესის წარმართვა.

ევროკომისიის კვლევის − „მასწავლებლის კარიერა ევროპაში: ჩართვა, პროგრესი და მხარდაჭერა“ მიხედვით, რომელიც აერთიანებს 43 ქვეყნის მაგალითზე მასწავლებლის კარიერის მიმოხილვას სწავლების 3 − დაწყებით, საბაზისო, საშუალო საფეხურზე, უწყვეტ პროფესიულ განვითარებას (CPD) მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მასწავლებლის კარიერაში, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ კომპეტენცია და ადაპტირდნენ თანამედროვე, ცვალებად გარემოსთან.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე CPD გეგმა შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მასწავლებლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და კარიერული განვითარების კავშირს სასწავლო მიზნებსა და სკოლის განვითარების სტრატეგიასთან ან/და გეგმის ეროვნულ პრიორიტეტებთან თავსებადობას. ევროკომისია ხაზს უსვამს CPD-ის საჭიროების, ხელმისაწვდომობისა და რელევანტურობის აუცილებლობასა და მასში ჩართვის შედეგად მიღებულ პოზიტიურ შედეგებზე.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, უწყვეტი პროფესიული განვითარება შესაძლოა იყოს შემდეგი სახის:

სავალდებულო ღონისძიებები − მასწავლებლებისთვის დადგენილია გადამზადებისთვის გამოყოფილი მინიმალური საათები, დღეები ან კრედიტქულები;

ზოგადი პროფესიული მოვალეობები − რეგულაციის მიხედვით მასწავლებელს ევალება განვითარება, თუმცა არ არის განსაზღვრული საჭირო საათების რაოდენობა;

ნებაყოფლობითი ღონისძიებები − პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ამავე დროს, ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში (21 ქვეყანაში), უწყვეტი პროფესიული განვითარება დაწყებითი და საშუალო განათლების მასწავლებლებისთვის სავალდებულოა, სადაც უმეტესად დადგენილია გადამზადებისთვის საჭირომინიმალური საათების რაოდენობა

აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული 9 ქვეყნისთვის CPD-ის გეგმით განსაზღვრული პირობების შესრულება აუცილებელია კარიერული წინსვლისთვის. 14 ქვეყანაში CPD განიხილება როგორც პროფესიული მოვალეობა, ხოლო 7 ქვეყანაში − ნებაყოფლობითია. შესაბამისად, მასწავლებლები უწყვეტ პროფესიულ განვითარებას მეტ დროს უთმობენ იმ ქვეყნებში, სადაც ეს სავალდებულოა.

კვლევაში მონაწილე 43 ქვეყნიდან, 37 ქვეყანაში სკოლები ჩართული არიან CPD-ის საჭიროებებისა და პრიორიტებების განსაზღვრაში. მათი როლი შესაძლოა 3 ტიპის მიდგომის მიხედვით განისაზღვროს:

 „ზემოდან ქვემოთ“ მიდგომა − გულისხმობს, რომ სკოლა ეყრდნობა განათლების მიმართულებით უმაღლესი სახელმწიფო უწყებების მიერ ცენტრალიზებულად განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და სახელმძღვანელოებს;

„ქვემოდან ზემოთ“ მიდგომა − გულისხმობს სკოლისა და მასწავლებლების მიერ საჭიროებების განსაზღვრას და ამის შესახებ სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების ინფორმირებას;

შერეული მიდგომა − ორივე მხარე ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ერთობლივად განსაზღვრავენ საჭიროებებს.

25 ქვეყნის მაგალითზე სავალდებულოა, სკოლას ჰქონდეს CPD გეგმა, რომლის შექმნაშიც პასუხისმგებლობა ეკისრება თავად სკოლას. დანარჩენ საგანმანათლებლო სისტემებში კი, ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია სხვადასხვა დონეზე.

უწყვეტ პროფესიულ განათლებაში ჩართვისკენ მასწავლებლებს კონკრეტული სამოტივაციო ფაქტორები უბიძგებენ. კარიერული წინსვლა და თანამდებობრივი სარგოს ზრდა ყველაზე გავრცელებული სტიმულია ევროპის ქვეყნების მასწავლებლებისთვის.

14 ქვეყანაში, სადაც მრავალსაფეხურიანი კარიერული სტრუქტურაა წარმოდგენილი, CPD-ში ჩართვა აუცილებელი პირობაა კარიერული საფეხურის შესაცვლელად, 3 ქვეყანაში კი − იმავე საფეხურის შესანარჩუნებლად;

ჰორიზონტალური კარიერული სტრუქტურის ქვეყნებში, CPD-ში ჩართვა ხელფასის ზრდის წინაპირობაა;

17 ქვეყანაში CPD-ში ჩართვა საჭიროა დამატებითი პასუხისმგებლობების მისანიჭებლადაც, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მასწავლებლის ფინანსური სტიმულირებაც. კერძოდ, პასუხისმგებლობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მენეჯერულ პოზიციებთან, საგნების კოორდინაციასთან, კარიერის ხელმძღვანელობასთან და მრჩევლის როლთან. მაგალითად, თუ მასწავლებელი კარიერის ხელმძღვანელის პოზიციის მიღებას გადაწყვეტს, აუცილებელია ამისთვის რელევანტური ტრენინგები გაიაროს.

საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სქემით გაწერილი აქტივობების შესრულება, რომელიც იყოფა სავალდებულო და დამატებით აქტივობებად. მასწავლებლები მაღალი აქტივობით ვერ ასრულებენ სქემით განსაზღვრულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სამუშაოების 40%-ს. კერძოდ, ისეთი აქტივობები, როგორიცაა მაგალითად: ზოგადი განათლების სფეროში შინაარსობრივ-კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობა, კონსულტაციები სტუდენტებისთვის, გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა, 2017-2019 წლებში, მოქმედი როგორც უფროსი, ასევე წამყვანი მასწავლებლების, საშუალოდ, მხოლოდ 3%-ს აქვს შესრულებული.

2017-2018 წლების მონაცემების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლების შემთხვევაში, ისეთი აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად წლის განმავლობაში საკლუბო და წრეების სამუშაოების წარმართვა, საშუალოდ, მხოლოდ 3%-ს აქვს შესრულებული. სასწავლო პროცესში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ისტ) 2017 წელს შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლების მხოლოდ 2,2% იყენებს. ამასთანავე, 2017-2018 წლებში სქემაში არსებული როგორც სავალდებულო, ისე დამატებითი აქტივობების 32%, მაღალი აქტივობით პრაქტიკოსი მასწავლებლების მხოლოდ 45%-ს აქვს შესრულებული, ხოლო 2019 წელს მზარდი ტენდენციის მიუხედავად, პრაქტიკოსი მასწავლებლების 50%-ზე მეტი ვერ ასრულებს როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი აქტივობების 25%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი კრედიტების დასაგროვებლად მასწავლებლებს გარდა სავალდებულო აქტივობებისა, დამატებითი აქტოვობების არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ, შეთავაზებული აქტივობების დიდი ნაწილი, მასწავლებლების მიერ შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ცენტრს არ შეუსწავლია აქტივობების შესრულების შედეგები.

2017 წლიდან 2020 წლამდე უცვლელი იყო სქემით გათვალისწინებული აქტივობები, რომლებსაც მასწავლებლების უმრავლესობა მაღალი აქტივობით ვერ ასრულებდა, ხოლო 2020 წლიდან შეიცვალა კარიერული წინსვლის მექანიზმები და გაუქმდა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განკუთვნილი დამატებითი აქტივობების უმრავლესობა.

2017 წელს სქემაში გაუქმდა ჩანაწერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მასწავლებელს 3 წლის განმავლობაში უნდა დაეგროვებინა შესაბამისი კრედიტქულები სხვადასხვა პროფესიული აქტივობის ხარჯზე და გამხდარიყო უფროსი მასწავლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყდებოდა სტატუსი.

2019 წელს განხორციელებული ცვლილებით, ყველა იერარქიულ საფეხურზე მყოფ მასწავლებელს უვადოდ ენიჭება სტატუსი, რაც თავის მხრივ, მასწავლებლისთვის ნაკლები მოტივაციაა შემდგომი განვითარების მიზნით საკუთარი ინიციატივით განახორციელოს დამატებითი აქტივობები. აღნიშნულმა შესაძლოა შეაფერხოს მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროცესი.

ამავე თემაზე:

6 დარღვევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში – აუდიტის სამსახურმა სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის საქმიანობა შეისწავლა

პედაგოგების 49% -ის აზრით, მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მათ საჭიროებებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური