„პრობლემები განათლებაში“ – ერთ საქაღალდეში შეკრებილი სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების გასაჭირი პედაგოგისგან
ნინა ინაიშვილი, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, განათლების მეცნერებათა საერთო სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.
სკოლაზე, ბავშვებზე, მასწავლებლის პროფესიაზე, სულ მამოტივირებელ, იმედიან და ბრჭყვიალა ამბებს ვყვები ხოლმე.
სირთულეებსა და განსაცდელებს ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვუმალავ, მაგრამ ძალიან რომ გამიძალიანდებიან ხოლმე, ბულეტებად Word-ის დოკუმენტში გადმომაქვს. „პრობლემები განათლებაში“ ასე ჰქვია. საპატიო ადგილი უკავია ჩემი ლეპტოპის desktop-ზე. ყველაზე ხშირად იხსნება და რედაქტირდება. და, სამწუხაროდ, სულ იზრდება, იზრდება და იზრდება…
თავიდან მცირე მოცულობის იყო და მხოლოდ ზოგად განათლებას ეხებოდა. ახლა უკვე საკმაოდ დიდია (40 პუნქტი) და განათლების ყველა საფეხურს მოიცავს (ბევრი მათგანი იდენტიფიცირებული განათლების 2020-2030 წლების სამოქმედო სტრატეგიის დოკუმენტში, ბევრიც ჩემი პირადი დაკვირვების შედეგადაა შეტანილი ამ ნუსხაში).
ვფიქრობ, განთლების სფეროს გულშემატკივრებს არ უნდა დაგეზაროთ ამ პოსტის ბოლომდე ჩაკითხვა. საინტერესოა, რომელ პრობლემას შეაფასებდით, როგორც ყველაზე მწვავეს, რას დაამატებდით. და, საერთოდაც, რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით, ბოლო ზარამდე და ბოლო ზარის შემდეგ მასწავლებლების, დირექტორების, ლექტორების, რექტორების, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმედად მყოფ ათი ათასობით ბავშვს, მოზარდსა თუ ზრდასრულს?
სკოლამდელი განათლება
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალის დიდი ნაწილის საქმიანობასთან შეუსაბამო კვალიფიკაცია (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018);
- საჯარო სკოლამდელ დაწესებულებაში პერსონალის სამჯერ უფრო დაბალი ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან შედარებით (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018).
ზოგადი განათლება
- ქალაქებისგან მოშორებით და სოფლად მდებარე სკოლებში მოსწავლეთა კლებადი რიცხვი;
- დიდ ქალაქებში გადატვირთული საჯარო სკოლები (29 მოსწავლე ერთ კლასში);
- სკოლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარიზაციისა და ინფრასტრუქტურის პრობლემა; (მონიტორების არარსებობა საკლასო ოთახებში, სპეციალური აუდიტორიების არარსებობა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის კათედრებისთვის, არაფორმალური განათლების სივრცეების არარსებობა, სპორტული მოედნების სიმწირე….);
- „ახალი სკოლის“ მოდელის კონცეფციის რეალიზებისთვის საჭირო სასკოლო ინვენტარის, ინფრასტრუქტურისა, მასწავლებელთა მაღალი კომპეტენციისა და კლასში მოსწავლეთა გონივრული რაოდენობის არარსებობა და შესაბამისად, „ახალი სკოლის მოდელის“ უტოპიური ხასიათი;
- სასწავლო პროცესში ჩართულობისა და სასწავლო მიზნების მიღწევის არათანაბარი შესაძლებლობა (ნაკლები ხელმისაწვმდომობა ინტერნეტზე – ქალაქიდან მოშორებით მდებარე სკოლები, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე პირები, სსმ და შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები);
- დირექტორებისა და მასწავლებლების არარსებული შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, რათა განსაზღვრონ და შეაფასონ თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებები სკოლის მართვის, პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიმართულებით(იგულისხმება სკოლების მართვის ცენტრალიზებული მოდელი);
- საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისა და დასრულების დაბალი მაჩვენებელი (მონაცემები განსხვავდება გეოგრაფიული არეალის მიხედვით);
- სკოლებში მომუშავე ფსიქოლოგთა რაოდენობის დაბალი მაჩვენებელი;
- მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია;
- მასწავლებლობა – არამიმზიდველი კარიერული არჩევანი;
- ზოგად განათლებაში ხელფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სხვა სექტორებთან შედარებით (საქსტატის მონაცემები 2014-2019 წლებში);
- მასწავლებელთა დეფიციტი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, stem-ის ზოგიერთ დარგში;
- მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის შეზღუდულობა;
- არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობა ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მიმართულებით;
- კარიერული წინსვლისთვის ჯერ კიდევ სრულიად ბუნდოვანი პრინციპით შედგენილი პროფესიული უნარების გამოცდის ეფექტიანობა;
- პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სტატუსის ამაღლების მსურველთა საქმიანობაზე დამკვირვებელი პირების სათანადო კომპეტენცია;
- სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ნაკლებად ხელშემწყობი გარემო;
- კერძო სკოლების მიერ დასაქმებულთა ექსპლუატაციისა და დასაქმებულის შრომის კოდექსის დარღვევების მაღალი მაჩვენებელი;
- მასწავლებლების დაბალი ცნობიერება მიმდინარე რეფორმების ღირებულებასა და მიზნების შესახებ;
პროფესიული განათლება
- პროფესიული განათლების სექტორის მცირე ზომა და მისი გავლენის შეზღუდულობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე;
- პროფესიული განათლების დაწესებულებების მასწავლებელთა არაპედაგოგიური კომპეტენციები; (ძირითად შემთხვევაში დარგის სპეციალისტები არიან);
- ნაკლებად რეგულირებული პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგ-პროგრამები;
უმაღლესი განათლება
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა (განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის გათვალისწინებით);
- უმაღლესი განათლების დაგვიანებით დასრულება;
- უმაღლესი სასწავლებლის წარმატებით დასრულების დაბალი მაჩვენებელი;
- კურსდამთავრებულების შემდგომი დასაქმების დაბალი მაჩვენებელი;
- კვალიფიკაციის შეუსაბამო დასაქმების მაჩვენებელი – 25 %;
- უმაღლესი განათლების არსებული მექანიზმის ორიენტირებულობა მაქსიმალურად გაიზარდოს სტუდენტთა რაოდენობა (რადგან „ფული მიჰყვება სტუდენტს“);
- 2015 წელს უმაღლეს განათლებაში გაზრდილი, თუმცა ჯერ კიდევ დაბალი ხელფასი;
- სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის წახალისების მექანიზმების არარსებობა,
(რომელიც ხელს შეუწყობდა აკადემიურ და კვლევით პერსონალს სრულად გამოეყენებინათ თავიანთი პოტენციალი მთელი კარიერის განმავლობაში); - პოლიტიკის ან წამახალისებელი მექნიზმების არარსებობა აკადემიური და კვლევითი პერსონალის როტაციის მხარდასაჭერად და ახალი კადრების მოსამზადებლად;
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ახალგაზრდა აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის დეფიციტი; (მკვლევრების მხოლოდ 11.7 % არის 25-34 წლის. საქსტატის 2019 წლის მონაცემები);
- სადოქტორო სწავლების სისტემის არასტრუქტურირებულობა, დოქტორანტის ხელმძღვანელობისა და მომზადების ფორმების დასახვეწი მოდელი;
- 8 ათასამდე სტატუსშეჩერებული დოქტორანტი(მთლიანი რაოდენობის 59%-ს, 2019 წელი);
- დოქტორანტთა სწავლების ვადების ხანგრძლივობა, დასრულების დაბალი მაჩვენებელი -35%;
- ინოვაციისა და ტექნოლოგიის სფეროში ძვირადღირებული და თანამედროვე აღჭურვილობისა და კვლევითი საშუალებების გაზიარების ნაკლებობა (რაც შემდგომ უნდა განაპირობებდეს კვლევის სათანადო ხარისხს);
სხვა
- მონიტორინგისა და შეფასების ნაკლებად გამჭვირვალე სისტემა;
- ცენტრალიზებულად მართული მასწავლებელთა ტრენინგებისა და გადამზადების სისტემა.
ასევე იხილეთ:
„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი