პროფესიულ კოლეჯებს უცვლელი დირექტორები აღარ ეყოლებათ – დამტკიცდება ახალი სტანდარტი პროფესიული კოლეჯის დირექტორთა დანიშვნისთვის
სახელმწიფოს მიერ ან მის სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული კოლეჯების დირექტორებს მალე ახალი რეალობა ექნებათ – ისინი დირექტორის აქამდე ლამის უწყვეტი სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ, რადგან პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დამტკიცების საფუძველი განსხვავებული წესით დადგინდება.
საუბარია კოლეჯის დირექტორთა სტანდარტის შემუშავებაზე, რომლის თანახმად, დირექტორს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიშნავს და ათავისუფლებს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, ერთ პირს კი დირექტორობის უფლება მხოლოდ 2 ვადით ექნება. ხოლო, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, პარლამენტში 16 ოქტომბერს განაცხადა, კანონპროექტის ამოქმედებისთანავე, კოლეჯის მოქმედი დირექტორები “გადაინიშნებიან მოვალეობის შემსრულებლებად და განხორციელდება კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტის საფუძველზე კონკურსის წესით დანიშვნა”.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაამტკიცებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს. ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილი იქნება კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სამინისტრო კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისსამინისტროს სისტემაში შესისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს”, – წერია კანონის პროექტში.
განმარტებით ბარათში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი დირექტორები ვერ დააკმაყოფილებენ ახალ სტანდარტებს, ისინი კონკურსს ვერ გაივლიან, რაც ნიშნავს რომ აღარ დაინიშნებიან დირექტორად. გარდა ამისა, დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა გამოიწვევს მოქმედი მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას. დირექტორების დანიშვნის შემდეგ მოადგილეების პოზიციებზე შესაძლოა იგივე პირები აღარ დაინიშნონ და მათი ნაწილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან:
“მოქმედი დირექტორების რაოდენობაა 24, მათ შორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელად დანიშნულია 3 პირი. მოქმედი დირექტორის მოადგილეების რაოდენობაა 26, მათ შორის 2 დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას”.
საქართველოს მთავრობა 16 ოქტომბერს წარდგენილ კანონპროექტში განმარტავს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა სტანდარტის შემუშავება დღის წესრიგში რიგი რეკომენდაციების შემდეგ დადგა.
ცვლილების შემდეგ შეიცვლება დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის ვადაც – “ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ”.
ამ ჩანაწერმა საკანონმდებლო ორგანოში პროექტის განხილვისას გააჩინა მოსაზრება, რომ ასეთმა მიდგომამ – კონკრეტული ვადით კოლეჯის ხელმძღვანელის დანიშვნამ, შესაძლოა პროფესიული კადრების გადინება გამოიწვიოს და განათლების მინისტრის მოადგილეს, რომელმაც ცვლილებები კომიტეტებს წარუდგინა, რეკომენდაციითაც მიმართეს – “გამონაკლისის სახით, მინისტრის დისკრეციით, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პირებისთვის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის ვადის გაგრძელება მოხდეს.
კანონის პროექტში კი განმარტებულია, რომ პირის მხოლოდ ორი ვადით დანიშვნას თავისი ობიექტური ახსნა აქვს და ერთი და იგივე პირის დირექტორად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ დანიშვნა განპირობებულია დაწესებულების განვითარების მიზნებით:
“ერთი და იმავე პირის დირექტორად დანიშვნა გრძელვადიანი პერიოდით გარკვეულწილად იწვევს დაწესებულების განვითარების შეფერხებას, ახალი იდეებისა და პროექტების გენერირების ნაკლებ ალბათობას”. (ჩანაწერი “იმავე კოლეჯში იგივე პირი” განმარტებითი ბარათში გვხვდება, თუმცა სხვა კონტექსტით. ავტ.)
რაც შეეხება კოლეჯის დირექტორის ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძვლებს, ჩამონათვალი ვრცელია და ასე გამოიყურება:
ზემოაღნიშნული დირექტორი ვადამდე ადრე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ: გადადგა თანამდებობიდან; მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა მისთვის კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული უფლებამოსილება; ჯეროვნად ვერ შეასრულა მისთვის კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილება; ვერ დააკმაყოფილა კოლეჯის დირექტორის სტანდარტი ან გარდაიცვალა.
პროცედურულად, ამ შემთხვევებში კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება უფლებამოსილი პირის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და როგორც კანონის პროექტი განსაზღვრავს, ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
“ამასთან, განისაზღვრება, რომ კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს”, – ვკითხულობთ პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნილ კანონის პროექტის დოკუმენტში.
“პროფესიული განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში.
ასევე იხილეთ:
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- გამოქვეყნდა უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების განრიგი და დავალებათა ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები
- 20 საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო by პროფესიული განათლების ამბები