GE

პროფესიული განათლების პერსპექტივა და სფეროები, რომლებშიც პროფესიონალების დეფიციტია

პროფესიული განათლების განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რომ მიიჩნევა, ამაზე განათლების სფეროს მესვეურები უკვე წლებია საუბრობენ და ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაციისათვის ძალ-ღონესაც არ იშურებენ.

სწორედ ამას ემსახურება საკმაოდ მოცულობითი გრანტიც, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან აქვს მიღებული და რომელსაც „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” განკარგავს.

იგი წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

პროექტი, რომლის მიზანიც  თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაა,  2014 წლის სექტემბერში  დაიწყო და ერთ წელიწადში სრულდება. იგი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მას ოთხი ძირითადი მიმართულება აქვს: საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების განვითარებისთვის, პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი სააგენტოებისთვის ტექნიკური და ექსპერტული დახმარების გაწევა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

რამდენად ასრულებს საკმაოდ შთამბეჭდავი დაფინანსების მქონე პროექტი დასახულ მიზანს, რა სახის კონსულტირებას უწევენ განათლების სამინისტროს, როგორ აფასებენ საქართველოს შრომით ბაზარს და რამდენად პერსპექტიულად მიაჩნიათ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარება, ამაზე EDU.ARIS.GE-ს  პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითრებისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი თათია ხუბულავა ესაუბრა.

პროექტი ფაქტიურად დასასრულისაკენ მიდის. რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ? რას გულისხმობს ის და რა გაკეთდა გასული წლების განმავლობაში?

-პროექტის მთავარი მიზანი თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და შედეგად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდაა. პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ასევე, მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარება გაუწიეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული განათლების პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და დახვეწაში, რათა ის პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა რაც განხორციელდა პროექტის ფარგლებში არის 45-მდე ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა. ჯამურად 12 მილიონი აშშ დოლარით დავაფინანსეთ ათი საგრანტო  განაცხადი,  რომლის ფარგლებში შეიქმნა ან გაუმჯობესდა  შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები საინჟინრო, საბუნებისმეტყველო, საზღვაო, საავიაციო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

ამ ეტაპზე, ჯამში უკვე შექმნილია 38 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც სრულად პასუხობენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზე სტუდენტებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ ახალ პროგრამებზე.

თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით, დანადგარებითა და სიმულატორებით აღიჭურვა ათივე საგანმანათლებლო დაწესებულება, რათა სტუდენტებმა შეძლონ პრაქტიკული სწავლება გაიარონ ისეთ ტექნიკაზე, რაც თანამდროვე ინდუსტრიაში გამოიყენება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის დანადგარები და სასწავლო ლაბორატორიები, რაც დღეს პროექტში ჩართულ საგანმანათლებლო დაწესებულებს აქვს, სრულად პასუხობს XXI საუკუნის თანამედროვე სასწავლო გარემოს.

რაში შეგექმნათ სირთულეები?

-პროფესიული განათლების სექტორი, ისევე, როგორც სხვა სექტორები, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი პროექტის განხორციელებისას, დიდი სირთულეები არ შეგვქმნია, ვინაიდან აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და პროექტის ყველა ეტაპზე, ვგრძნობდით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. პროფესიული განათლების განვითარება ოთხ-პუნქტიანი სამთავრობო რეფორმის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ სექტორის განვითარება პირველ რიგში საქართველოს მთავრობის ინტერესებშია.

ასევე, დიდი იყო კერძო სექტორის თანამშრომლობა აღნიშნულ პროექტებში, კერძოდ საჯარო და კერძო სექტორმა 6.9 მილიონი აშშ დოლარის თანადაფინანსება გაუწია ამ პროექტებს. მსგავსი თანამონაწილეობა უპრეცედენტო და უაღრესად მნიშვნელოვანია. პროექტების თანადამფინანსებლები დარგში მოღვაწე ლიდერი კომპანიები არიან, რომლებიც აცნობიერებენ, რომ კვალიფიციური კადრების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ დარჩნენ კონკურენტულები ბაზარზე.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციონალური შესაძლებლობები პროექტების მართვის კუთხით ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროექტის დახმარებით, არა მხოლოდ ახალი პროგრამები და ინფრასტრუქტურა შეიქმნა, არამედ გაძლიერდა პროექტში ჩართული ორგანიზაციების ადამიანური რესურსი, რომელმაც დიდი  გამოცდილება მიიღო პროექტების მართვის კუთხით. ეს კადრები, დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო გააძლიერებს პროფესიული განათლების სექტორს მომავალში.

თქვენ შეისწავლეთ საქართველოს შრომითი ბაზარი. რა შეგიძლიათ თქვათ მასზე, რა არის მისი მოთხოვნა და თავისებურება?

-პროექტის დაწყებამდე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩაატარა ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა, რათა გამოგვევლინა ინდუსტრიის, დამსაქმებლების მოთხოვნები და ადამიანური კაპიტალის, უნარებისა და კვალიფიკაციის დეფიციტი. სწორედ ამ კვლევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული დეფიციტია კადრებზე საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში – ისეთ დარგებში, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დასაყრდენს წარმოადგენს.

შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ჩადებულმა ფინანსებმა გაამართლა და პროფესიული განათლება საქართველოში პერსპექტიული სფეროა? რა გაკეთდა თქვენი მხრიდან უშუალოდ პროფესიული განათლების განვითარებისათვის?

-საქართველოს განათლების სისტემაში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ერთერთი უმსხვილესი დონორია. პროფესიულ განათლებაში ჩვენს მიერ გაწეული დახმარება უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით. კონკრეტულ შედეგები უკვე გვაქვს. როგორც გითხარით, შეიქმნა ახალი საგანმანათებლო პროგრამები, სადაც უკვე ჩარიცხულია 600-ზე მეტი სტუდენტი და ახალ პროგრამებზე რეგისტრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს.

შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო სტანდარტები, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია, განახლდა სასწავლებლების ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, რომლებიც აღიჭურვა უახლესი სასწავლო მასალებით, სიმულატორებით და ლაბორატორიებით. კერძო სექტორის ინტერესი ითანამშრომლოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დღითი დღე იზრდება. რასაც მოწმობს მათი გაზრდილი ინტერესი განახორციელონ საერთო პროექტები. ყოველივე ეს კი აუცილებლად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების პოპულაზაციის გაზრდას. საზოგადოებაში ცნობადობა პროფესიული განათლების მიმართ იზრდება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყოველივე აისახება სტუდენტების, მათი მშობლოების და ზრდასრულების დაინტერესებაში პროფესიული განათლებით.

რა სახის წინადადებები და პროექტები დაფინანსდა?

-პროექტები შეირჩა კონკურსის წესით. მსხვილი გრანტების პროექტების შერჩევას ერთ წელიწადზე მეტი დრო დასჭრიდა. თავდაპირველად შემოვიდა 70 განაცხადი, საიდანაც შეფასების დამოუკიდებელმა კომისიამ საუკეთესო ათი განაცხადი შეარჩია. დაფინანსდა ისეთი პროექტები, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობდა კონკურსის პირობებს. მთავარი კრიტერიუმი კი გახლდათ თანამედროვე შრომის ბაზრის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, პროექტების მდგრადი განვითარების შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორების არსებობა და კერძო სექტორის თანამონაწილეობა.

იგივე პროცესი მიმდინარეობდა მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების შერჩევისას. ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჯამში დავაფინანსეთ 17 პროექტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მესამე და საბოლოო რაუნდი, სადაც გამარჯვებული პროექტები მაისში გახდება ცნობილი.

აღმოჩნდა თუ არა ისინი წარმატებული, რა აჩვენა მონიტორინგმა?

-პროექტის გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს ყველა პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან, რათა პროექტები წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელდეს. მონიტორინგის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ის შედეგები, რაც პროექტებში იყო გაწერილი, წარმატებით სრულდება. რაც შეეხება თუ რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტები ზოგადად პროფესიული განათლების განვითარების კუთხით, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ჩვენ გვჯერა რომ ამ პროექტის მეშვეობით, მყარი საფუძველი ჩავუყარეთ თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების განვითარებას. მთავარია, გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება პროფესიული განათლების სარგებლის შესახებ. ამაში კი მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა, მათ შორის მთავრობის, დონორების და რა თქმა უნდა მედიის.

შეადარეთ რა სიტუცია იყო ამ მხრივ 2014 წელს, მაშინ, როცა პროექტი იწყებოდა და რა სიტუაციაა ახლა?

-ჩვენი დაკვირვებით მნიშვნელოვნად გაიზარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციონალური შესაძლებლობები. პროექტების მართვის მიმართულებით მათი უნარები ძალიან არის გაზრდილი. ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები დღეს უფრო მეტია, ვიდრე ეს 2014 წელს იყო. ვფიქრობთ, რომ ზოგადად ცნობადობა პროფესიული განათლების მიმართულებით გაზრდილია. ეს არ ნიშნავს რომ საზოგადოების ინფორმირების დონე საკმარისია. პირიქით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ გაიზარდოს პროფესიული განათლების იმიჯი და რეპუტაცია. ახალგაზრდა თაობამ, სკოლის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ფიქრი მათი კარიერული შესაძლებლობების შესახებ და ამ პროცესში, პროფესიული განათლების როლი კარგად უნდა იყოს ახსნილი და დანახული.

2014 წელთან შედარებით, ასევე გაუმჯობესდა კერძო სექტორის დაინტერესება პროფესიული განათლების მიმართულებით.

რა არის აღნიშნული სფეროს ყველაზე დიდი პრობლემა?

-მთავარი გამოწვევა ის არის, რომ პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულების ცოდნა არ შეესაბამება არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტუდენტებს არ გააჩნიათ ის უნარები, რაც მათ დამსაქმებელს სჭირდება, შესაბამისად, უნდა გაუმჯობესდეს პროგრამების ხარისხი და რელევანტურობა. ეს უკანასკნელი კი ვერ გაკეთდება დამსაქმებლების ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე.

მნიშვნელოვანია, ასევე, თავად პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. ის დრო, როცა პროფესიული განათლება წარუმატებელ სტუდენტებთან ასოცირდებოდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თანამედროვე პროფესიები, რომელიც, ერთი მხრივ ძალიან პრესტიჟულად ითვლება და მეორე მხრივ მაღალანაზღაურებადია, სწორედ პროფესიულ განათლებას ეკუთვნის. პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს ასევე დიდი შანსი აქვთ სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ და საკუთარ ბიზნეს ჩაუდგნენ სათავეში.

როგორ ფიქრობთ, საკმარისია თუ არა პროფესიული განათლების პოპულარობის არსებული დონე საქართველოში?

-ისევე როგორც ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში, პროფესიული განათლების პოპულარობის დონე საქართველოშიც დაბალია. პირველ რიგში, აუცილებელია გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება თუ რა შესაძლებლობები არსებობს ქვეყანაში და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა ინდივიდმა პროფესიული განათლებით. საზოგადოებაში მენტალობის შეცვლას დროს სჭირდება და ამ საქმეში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვაა მნიშვნელოვანი.

ხშირად ისმის კრიტიკა, რომ პროფესიული განათლებით ახალგაზრდები არ ინტერესდებიან. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

-მიზეზი ისევ და ისევ პროფესიული განათლების დაბალი ცნობადობა და რეპუტაციაა. სამწუხაროდ, ეს დარგი კვლავ საბჭოთა დროის პერიოდთან ასოცირდება, როდესაც პროფესიული განათლება ერთგვარ სადამსჯელო ფუნქციას ასრულებდა მათთვის, ვისაც სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრება არ ქონდა. ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს, ვინაიდან თანამედროვე პროფესიული განათლება ახალი საინტერესო, პერსპექტიული და მაღალ-ანაზღაურებადი პროფესიების დაუფლების ერთერთი სწრაფი გზა არის. დღეს, ბევრი საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიები სწორედ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება და განსხვავებით უმაღლესი განათლებისა, დასაქმების მაჩვენებელი პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებში უფრო მაღალია. მთავარია საზოგადოებამ დაინახოს ის სარგებელი, რისი მოტანაც პროფესიულ განათლებას შეუძლია და დაეუფლოს ისეთ პროფესიებს, რაზეც მოთხოვნა დღეს შრომის ბაზარზე არსებობს და არ აარჩიოს პროფესია მხოლოდ იმის მიხედვით თუ რა ითვლება ან ითვლებოდა პრესტიჟულად წარსულში.

რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულებები პროფესიულ განათლებაში და რომლით ინტერესდებიან ყველაზე ნაკლებად?

-როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი პროგრამები საინჟინრო, საბუნებისმეტყველო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საზღვაო, საავიაციო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგებშია. კვლევამ სწორედ ამ დარგებში გვიჩვენა ყველაზე მეტი დეფიციტი. სტუდენტების მიღება ახალ პროგრამებზე ახალი დაწყებულია, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გამოვარჩევთ კონკრეტულ პროფესიას. გვიხარია რომ დაინტერესება ყველა ახალ შექმნილ პროგრამებზეა.

თქვენ მიერ შესწავლილი სფეროს, ბაზრის, მოთხოვნილებების საფუძველზე  რა სახის კონსულტაციას უწევთ განათლების სამინისტროს?

-პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ტექნიკური დახმარება გაუწიეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სააგენტოებს (სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი” და სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური”), რათა პროფესიული განათლების სისტემა უკეთ პასუხობდეს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამ მიმართულებით მომზადდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ანგარიშები, როგორიცაა საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, კარიერული განათლებისა და დაგეგმვის მხარდაჭერა სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არაფორმალური განათლების აღიარების გზამკვლევი, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნების გათვალისწინებით და ა.შ. ამ თემებში, ასევე გადამზადდნენ სამინისტროს და მისი სააგენტოების კადრები.

რა ღონისძიებებს ატარებთ მოსახლეობაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის?

ტარდება სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიები და ღონისძიებები პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის. ორი მთავარი მოვლენა, რასაც საფუძველი ჩაუყარა პროექტმა არის ყოველწლიური კონფერენცია პროფესიული განათლების შესახებ და პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო. ყოველწლიურ კონფერენციებზე თავს იყრის ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, დამსაქმებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორი და განიხილავენ დარგში არსებულ სიტუაციას და ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდენციებს.

ასევე, პროექტის ინიცირებით, საფუძველი ჩაეყარა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსს, სადაც ვლინდება წლის საუკეთესო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. ამ ინიციატივის მიზანია პროფესიული განათლებაში წარმატებული მაგალითების გაზიარება და პროფესიული განათლების პოპულარობის გაზრდა, რათა ფართო საზოგადოების ინტერესი ამ დარგით კიდევ უფრო გაიზარდოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური