უწყებას პროფესიის გაუქმება შეეძლება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები ფართოვდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმოწერით, „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უფლებამოსილება გაეზარდა.
მათ შორის, ბრძანებას დაემატა ასეთი პუნქტი: “უზრუნველყოფს პროფესიის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და დამოუკიდებელი მოდულის შემუშავებას, მასში ცვლილების შეტანას და გაუქმებას“.
ბრძანების თანახმად, ცენტრის კომპეტენციაა:
- პროფესიის სტანდარტის შემუშავების, მასში ცვლილების შეტანის და გაუქმების პროცესის მართვა;
- პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და დამოუკიდებელი მოდულის შემუშავების, მასში ცვლილების შეტანის და გაუქმების პროცესის მართვა;
- პროფესიული განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვა;
- პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების მინიჭების, დაგროვებისა და გადატანის (ტრანსფერის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ამავე ბრძანების თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების პროცესი წარმართოს (“განახორციელოს” ჩანაწერი ბრძანებიდან ავტ.).
როგორც ბრძანებაშია განმარტებული, ცენტრი უფლებამოსილია, ცენტრის კომპეტენციების ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შექმნას დარგობრივი საბჭოები, პროფესიული განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფები, კომისიები ან/და სხვა საკონსულტაციო ორგანოები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაამტკიცოს მათი საქმიანობის წესი. აღნიშნულის გათვალისწინებით ახალი რედაქცით ჩამოყალიბდა შესაბამისი მუხლის კონკრეტული ჩანაწერი:
“საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების კონკურსის გზით შერჩევის თაობაზე, რომელიც თავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დაინტერესებული მხარეები უფლებამოსილი არიან წარმოადგინონ საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ი. დაინტერესებული მხარეები ამ მუხლის მიზნებისთვის არიან: სამინისტრო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, ა(ა)იპ – არასამთავრობო (კერძო) სასწავლებლების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, დამსაქმებელი/დამსაქმებელთა გაერთიანება, არასამთავრობო და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია. უცხოელი სპეციალისტების/ექსპერტების კანდიდატებს შეარჩევს ცენტრის დირექტორი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით“.
გივი მიქანაძის ბრძანება 21 აპრილიდან ამოქმედებულია და ვრცელდება 2026 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს!“ – 24 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
by ამბები ზოგადი განათლებიდან