პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს
უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს, ვისაც მასწავლებლობა სურს, ერთწლიანი პროგრამის გავლის შესაძლებლობა და სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შანსი ეძლევა. როგორც დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, აღნიშნული გზით სახელმწიფოს სურს მოიზიდოს საუკეთესო კადრები და კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტი აღმოფხვრას.
მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლია ბაკალავრის, მაგისტრის და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. ამისთვის ისინი უნდა დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე და ზაფხულში გაიარონ იმ საგნის გამოცდა რომლის სწავლებაც სურთ.
ყველა მასწავლებლობის მსურველს, რომელიც წარმატებით გადალახავს ტესტს სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ლარია, თუმცა ციფრი მას შემდეგ დაზუსტდება, რაც იმ აპლიკანტების რაოდენობა გაირკვევა, რომლებმაც გამოცდას თავი წარმატებით გაართვეს.
სწავლას მასწავლებლობის მსურველები სექტემბრის თვიდან აკრედიტირებულ 12 უნივერსიტეტის პროგრამაზე შეძლებენ. იმისთვის რომ მათ სერტიფიკატი მოიპოვონ 60– კრედიტიანი სასწავლო პროგრამის გავლა მოუწევთ, რომლის ფარგლებშიც ისინი ისეთ საკითხებს შეისწავლიან როგორიც არის საგნის სწავლების მეთოდოლოგია, გაკვეთილის დაგეგმვა…
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ უკვე მოქმედ პედაგოგებსაც. თუმცა მათ სწავლას სახელმწიფო არ დაუფინანსებს. გადასახადი კი წლიური 2000 ლარი იქნება. მინისტრის თქმით, ეს პროგრამა მოქმედ პედაგოგებსაც ,,არ აწყენთ”.
-რატომ უნდა აირჩიოს ახალგაზრდა კადრმა დღეს ნაკლებად პოპულარული პროფესია მასწავლებლობა, რა ბენეფიტებს აძლევს მას ეს პროგრამა? – ამ კითხვით მიმართა განათლების მინისტრს EDU.ARIS.GE–მ.
-“პირველ რიგში გეტყვით, რომ ყველა ვინც ამ პროგრამას წარმატებით დაძლევს მოხვდება პედაგოგების მეორე კატეგორიაში და მიიღებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ამასთან, აიღებს ხელფასს, რომელიც არის დღეს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე მეტი. ექნებათ მაგისტრთან გათანაბრებული სტატუსი და ამასთან ერთად, ეს არის ყველაზე სწრაფი გზა დასაქმებისთვის. ფაქტობრივად ერთი წლის შემდეგ, როდესაც ისინი დაასრულებენ პროგრამას ჩვენ მათ უკვე შევთავაზებთ სამსახურს,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
– დასაქმებას ელოდება უკვე სერტიფიცირებული, პედაგოგობის მსურველობის გარკვეული ნაწილი, თუმცა სამუშაო ადგილები მათთვის არ არის. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ხომ არ გაიზრდება პედაგოგობის მსურველი სერტიფიცირებული უმუშევარი კადრების რიცხვი?
– 2000 სერტიფიცირებული პედაგოგობის მსურველიდან 300-400 პედაგოგი არ არის მხოლოდ დასაქმებული. ჩვენ ვვარაუდობთ რომ ახალი პროგრამით ყოველწლიურად 800- 1000 ახალ პედაგოგს მივიღებთ. დაახლოებით ამდენი პედაგოგი გაედინება ყოველწლიურად სისტემიდან თუნდაც მხოლოდ ასაკის გამო.
მინისტრი კატეგორიულად გამორიცხავს მოსაზრებას, რომ აღნიშნული პროგრამის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა რაც პედაგოგებმა საგნობრივ გამოცდებზე არც თუ ისე სახარბიელო შედეგი დადეს.
,,პედაგოგების საგამოცდო შედეგები დაიდო 2 თვის წინ, როგორ ფიქრობთ ეს პროგრამა ორ თვეში მომზადდა. მასზე მუშაობა სქემაზე მუშაობის პარალელურად დაიწყო”.
განათლების მინისტრი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალი წლიდან კი პედაგოგი მხოლოდ ის კადრი გახდება, რომელიც 5 წლიან 300 კრედიტიან საუნივერსიტეტო პროგრამას დაძლევს. თამარ სანიკიძის თქმით, ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ,,ახალი კადრები უკეთესად მომზადებულები იქნებიან ვიდე დღეს არიან”.
,,რეგისტრაცია პედაგოგობის მსურველებმა ჩვენს ვებგვერდზე www.naec.gov.ge-ზე ან online.naec.ge-ზე უნდა გაიარონ, პარალელურად, რეგისტრაციის გავლა მოეთხოვებათ საგანმანათებლო რესურსცენტრებში 12 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაცია უმარტივესი პროცედურაა. აპლიკანტებს საკუთარი მონაცემების დაფიქსირება და იმ საგნის დაფიქსირება ევალებათ რომლის ჩაბარებაც სურთ. რაც შეეხება ტესტებს ის ზუსტად იგივე სირთულის იქნება, როგორიც არის უკვე მოქმედი პედაგოგების საგნის გამოცდა”- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.
მასწავლებელთა მომზადების აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი
სისტემა თუ პედაგოგები – ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი შედეგზე?!
“24 ათას პედაგოგს და ყველა სკოლის დირექტორს ძალიან ცხელი ზაფხული ელოდება”
ეკა არის© წივწივაძე
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი