სისტემა თუ პედაგოგები – ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი შედეგზე?!
პედაგოგთა საგნის გამოცდა და არასახარბიელოდ შეფასებული შედეგები. იანვრის თვეში გამოცდაზე გასული 6 477 პედაგოგიდან მინიმალური კომპეტენცია 83%–მა ვერ დაადასტურა. აღნიშნულ თემაზე პირველი კომენტარი უკვე გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა. როგორც გაირკვა, თამარ სანიკიძე ,,უკეთეს შედეგს არც ელოდა”. მინისტრმა პრობლემის სათავედ წინა ხელისუფლების არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა დაასახელა. edu.aris.ge დაინტერესდა, თუ სად ხედავენ პრობლემას სფეროს ექსპერტები- რატომ უჭირთ პედაგოგებს საგამოცდო ტესტების დაძლევა, სახეზეა თუ არა სისტემური პრობლემა, რას უნდა ველოდოთ მომავალში, როგორია სახელმწიფოს პასუხიმგებლობის წილი და რა არის სიტუაციიდან გამოსავალი?!- ამ საკითხებზე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას გთავაზობთ:
დამდგარ არასახარბიელო შედეგებში სახელმწიფოს ბრალეულობაზე მიუთითებს განათლების საკითხების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. როგორც edu.aris.ge-სთან საუბარში ნიკოლაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო გამოცდის კორუმპირებულ, მოძველებულ მოდელს იყენებს, რომელიც პედაგოგთა და განათლების დონის ზრდას მიზნად არ ისახავს.
,,ეს შედეგი სახელმწიფოს ბრალია. ერთი მიზეზი არ აქვს, კომპლექსური პრობლემაა. ასეთი ცუდი შედეგები ხელოვნურად არის მართული. სხვანაირად როგორ შეიძლება ყოველწლიურად გამოცდას მხოლოდ 10-12 პროცენტი ლახავდეს. რას ემსახურება პროცესის ხელოვნური მართვა ?! – ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ყოველი გამოცდის მომზადებაზე კოლოსალური თანხებია გამოყოფილი,”- განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა. ექსპერტის თქმით, დაბალ შედეგს კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
- არის მასწავლებლის ძალიან ცუდი სტანდარტი – გაუმართავი და ხარვეზებიანი. გამოსაცდელი საგნობრივი სტანდარტიც ძალიან ცუდია.
- სახელმწიფო არ ხარჯავს საკმარის თანხებს პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე, არ ატარებს მაღალხარისხიან ტრენინგებს. ეს ორ-სამ დღიანი ან თუნდაც ერთკვირიანი ტრენინგები არაფრისმომცემია და სულ ტყუილად თანხის ხარჯვაა.
- არ იბეჭდება კრებულები და არ იხსნება ტესტები. ექიმის და ადვოკატის ტესტები იხსნება, პედაგოგების რატომ არის გასაიდუმლოებული -ეს დანაშაულია!
- დავუშვათ, დავეთანხმეთ სახელმწიფოს, რომ გვყავს ყოვლად უვიცი პედაგოგები, თუ ისინი მართლა ასეთები არიან – შვიდი წელი ერთი და იმავე კონტიგენტს რატომ ვუტარებთ გამოცდებს, ტრენინგებს?! ამაზე ხომ სახელმწიფო ბიუჯეტი იხარჯება?! მაინტერესებს საკუთარ თავებს თუ უსვამენ კითხვას რატომ – არ იწევა განათლების ხარისხი?!
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძე მიიჩნევს, რომ მედიაში გავრცელებული არასწორი ინფორმაციით, პედაგოგთა მიზანმიმართული დისკრედიტირება მიმდინარეობს. რეალურად კი სკოლებში ძალიან ბევრი მაღალი რანგის პროფესიონალი პედაგოგი მუშაობს და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
,,გამოცდაზე პედაგოგთა 83% არ ჩაჭრილა. ზღვარი ვერ გადალახა გამოცდაზე გასული 6477 პედაგოგიდან 83%-მა -ეს კი აბსოლუტურად სხვადასხვა მოცემულობაა. სამწუხაროდ, არ ვფლობთ ინფორმაციას რამდენი იყო 6 477 აპლიკანტიდან მოქმედი მასწავლებელი და რამდენი მასწავლებლობის მსურველი (თუმცა edu.aris.ge-სთვის ოფიციალურად ცნობილია, რომ გარდა 6477 პრაქტიკოსისა, გამოცდაზე 707 პედაგოგობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, მათი შედეგები კი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჩვენთვის არ მოუწოდებია ე.წ). ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უბრალო ციფრებით მანიპულირება ხდება. სამწუხაროდ ეს ფაქტი პედაგოგთა იმიჯის შელახვას იწვევს. 2015 წლის სექტემბერში დაიწყო ახალი სქემის დანერგვა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ ჩამოყალიბებულა პედაგოგთა გადამზადების სისტემა. ასევე, სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა, რომ შემუშავდეს ტესტებში შემავალი საკითხების კრებულები, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს და ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს რათა მათ შეძლონ სათანადოდ მომზადება,“- განაცხადა მაია კობახიძემ.
კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია – პროფკავშირების თავმჯდომარე აცხადებს, რომ პედაგოგთა საგამოცდო ტესტებში არის საკითხები, რომელთა ცოდნა მოქმედ პედაგოგს არ მოეთხოვება.
,,ტესტებში არის ისეთი საკითხები რომელსაც მასწავლებელი პრაქტიკულ საქმიანობაში არ იყენებს ვინაიდან ამ საკითხებს არც საგნობრივი სახელმძღვანელო და არც სასკოლო სასწავლო პროგრამები ითვალისწინებენ. არის ტესტებში საკითხები რომელიც მასწავლებლისთვის უცხოა ან კარგად დავიწყებული თემაა. ამიტომაც, ყველა გამოცდას წინ უნდა უძღვოდეს გადამზადება,“- ამბობს მაია კობახიძე.
რა შედეგს უნდა ველოდოთ მომავალში, გაუმჯობესდება თუ არა მასწავლებელთა საგამოცდო შედეგები როგორც ამას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პროგნოზირებს? – ამ საკითხზე edu.aris.ge-ის განათლების საკითხების ექსპერტი გიორგი გახელაძე ესაუბრა.
,,ძალიან საინტერესო ინფორმაცია იქნებოდა, რომ გამოქვეყნებულიყო უფრო კონკრეტული მონაცემი. ანუ ზღვარგადაულახავ პედაგოგებს შორის რამდენი იყო მოქმედი და რამდენი არამოქმედი. ზოგადად, ამ შედეგის წინა ხელისუფლებისთვის დაბრალება არასწორია. იმიტომ რომ, სანამ სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდებოდა, ჩატარდა კვლევა – ეს იყო 2008 წელს, ანალოგიური კვლევა ჩატარდა 2010-შიც და ამ კვლევებით მოხდა შესწავლა პედაგოგთა ჩაბარების დინამიკის, მათი შეფასებების და გაკეთდა ანალიზი.
ამ ანალიზს ეთანხმებოდა წინა მთავრობაც და ახლანდელიც. ანალიზში მკაფიოდ იყო მითითებული რომ პირველ ჯერზე გამოცდაზე გამოდიან უფრო მოტივირებული და საკუთარ თავში დარწმუნებული პედაგოგები. ხოლო მომდევნი წლებში შედეგიან მასწავლებელთა მაჩვენებელი იქნებოდა კლებადი. 2008 წლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშის ეს პროგნოზია. ის, რომ ხუთი-ექვსი წლის მოქმედ პედაგოგს შეიძლება საგნის სწავლების მეთოდისკის კომპეტენცია სხვადასხვა ტრენინგით აუმაღლდეს, ეს ილუზიაა. რას უნდა ველოდოთ მომავალში?!- მე არ ველოდები რომ მოქმედი მასწავლებლები მომავალ წლებში შედეგებს გაუმჯობესებენ. თეორიულად შედეგების გაუმჯობესებას უფრო მეტად მაძიებელი პედაგოგებისგან უნდა ველოდოთ,”- ამბობს გახარია.
Edu.aris.ge აღნიშნულ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის პოზიციითაც დაინტერესდა, რომლის მინისტრობის დროსაც დაიწყო პედაგოგთა საატესტაციო გამოცდები. დიმიტრი შაშკინის შეფასებით, საატესტატო გამოცდაზე პედაგოგების ჩაჭრის მაჩვენებელი ხელისუფლების ოთხწლიანი უმოქმედობის შედეგია.
,,ძალიან მძიმე შედეგი და სიტუაციაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის პედაგოგების ბრალი, ეს არის იმ მავნებლობის შედეგი, რომელსაც სანიკიძე ეწევა ბოლო წლების მანძილზე. 2012 წელს, ჩვენ ხელისუფლებას დავუტოვეთ ძალიან კარგად შექმნილი მოტივაციის სისტემა. სკოლებში უკვე გვყავდა ყოველი მეოთხე სერტიფიცრებული პედაგოგი, რადგან მათ ჰქონდათ სახელფასო დანამატები. 2012 წელს კი ყველაფერი გაჩერდა.
4 წელია იძახიან, რომ ახალ სქემას ამუშავებენ. ახალი სქემა შექმნეს, რომელიც თვითონაც არ ესმით. სუბიექტურ პრინციპებზე ააწყვეს სქემა. ერთი ადამიანი აფასებს მეორეს, ხოლო თვითშეფასება მიაბეს სახელფასო პოლიტიკას. ამიტომაც, პედაგოგებმა საკუთარი თავები არასწორად შეაფასეს. დამდგარი შედეგი სხვა არაფრის ბრალია თუ არა იმისა, რომ მინისტრს კონცეპტუალურად არ ესმის სისტემა და 4 წელი პედაგოგების განვითარებისთვის არაფერი გაკეთებულა,”- აცხადებს განათლების ყოფილი მინისტრი.
2016 წლის იანვარში პროფესიულ იგივე საგნის გამოცდაზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრიდა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 6 477 მასწავლებელი გავიდა. შედეგად კი მხოლოდ 1101–მა გადალახა ზღვარი, 83%–მა კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ დაძლია, ანუ საჭირო ქულათა 60% ვერ დააგროვა. მასწავლებელთა პროფესული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის დამტკიცების შემდეგ, პრაქტიკოს პედაგოგთა საგნის გამოცდა იანვარში უკვე მეორედ ჩატარდა, სურათი ისეთივე მძიმე დარჩა, როგორიც გასული წლის ივლისში ჩატარებული გამოცდის შემდეგ. როგორც ცნობილია, ახალი სქემის თანახმად, პედაგოგებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა 3 წლის განმავლობაში 6–ჯერ მიეცემათ, კომპეტენციის ვერ დადასტურება კი მათთვის სკოლასთან ხელშეკრულების შეწყვეტას და მათ ადგილზე ვაკანსიის გამოცხადებას გამოიწვევს.
იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა
ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა
ეკა არის© წივწივაძე
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება