GE

ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონება მუშაობას უსაფრთხოს გახდის – რა არის მანძილის მზომი რობოტი

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში 2010 წლიდან მოყოლებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“  იმართება.  კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს იდეა რეალობად აქციონ. დღემდე 49 გამარჯვებული გამოვლინდა და მათი პროექტიც გამოგონებად ჩაითვალა.  გამარჯვებულთა შორის წელს პირველ ადგილს „მანძილის მზომი“ რობოტის ავტორები: იონა იობიძე და გიორგი ურატიძე იკავებენ.

ახალგზრდა გამომგონებლები ქუთაისიდან არიან, იონა – VIII, ხოლო გიორგი – XII კლასში სწავლობს. მათი სურვილია, შექმნან ინოვაციები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას გაამარტივებენ და უსაფრთხოს გახდიან. მოსწავლე ბიჭების პირველი გამოგონებაც – „მანძილის მზომი რობოტი“  სწორედ ამას ისახავს მიზნად.

–რით არის გამორჩეული „მანძილის მზომი რობოტი“ და რა ფუქნციების შესრულება შეეძლება მას?

–იონა: მანძილის მზომი რობოტი მრუდ წირს და წრიულ მანძილებს ზომავს. იმ ყველაფერს, რასაც ადამიანის  დიდი დრო და ენერგია სჭირდება.  რა თქმა უნდა, ეს პრობელმაა და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას „მანძილის მზომი რობოტი“ უფრო უსაფრთხოს ხდის მუშაობას. მაგალითად, იგი შეგვიძლია შევუშვათ მღვიმეებში, რომელიც ჯერ არავის გამოუკვლევია. რობოტი თავისი კამერის მეშვეობით კარგად დააფიქსირებს იქ არსებულ სიტუაციას, შეძლებს რუკის დახატვას. მოკლედ, მოახდენს იმ ყველაფრის მონიტორინგს, რაც იქ ხდება.

გიორგი:  ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მანძილის გაზომვას საფრთხის შემცველ ან მიუვალ ადგილებში. ეს რობოტი კი ყველგან მისვლას შეძლებს. შესაძლებელია, მისი გამოყენება კარანტინში, რადიაციულ ზონებში, მიუღწეველ ადგილებში. ჯერ გამოგონების ბეტა ვერსიაა შექმნილი. შემდგომში მას კიდევ ბევრი დეტალი დაემატება, რობოტიც უფრო და უფრო დაიხვეწება და უკვე სრულად მოვა ისეთ მდგომარეობაში, რომ წარმოებაში ჩაეშვას. შესაბამისად, ახალი ფუნქციებითაც აღიჭურვება.

–როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ  „მანძილის მზომი რობოტი“ ?

–იონა: იდეა დამოუკიდებლად გაჩნდა. როგორც ასეთი, ვფიქრობდით, რა უნდა მოგვემზადებინა საკონკურსოდ. თავიდანვე მიგვაჩნდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო რობოტი. ხშირად ვხედავდი, როგორ უჭირდათ ჩემ გარშემო მანძილის ზომების აღება. ერთხელ თავად გავხდი ამ ყველაფროს მონაწილე. ვამჩნევდი, როგორ წვალობდნენ, როგორ აღნიშნავდნენ წერტილებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ღობე გაეკეთებინათ. მახსოვს, სამი-ოთხჯერ მაინც მოუწიათ გაზომვის თავიდან დაწყება. ამ ყველაფერმა კი დიდი დრო წაიღო და ჩვენც  ძალიან გავწამდით. ჩვენი რობოტი ამ ყველაფერს ძალიან მარტივად ახერხებს.

–თუ მიიღეთ რჩევა რობოტზე მუშაობის პროცესში?

–გიორგი: იყო რამდენიმე ადამიანი ვისგანაც რჩევა მივიღეთ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩვენს მენტორს. მე და იონას მენტორი ბატონი დავით სოლოღაშვილი იყო და მან ბევრი რამ გვირჩია, რაც ძალიან გამოგვადგა და მომავალშიც გამოგვადგება. გაითვალისწინო ვინმეს რჩევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

–თუ აპირებთ სხვა გამოგონებებზე მუშაობას ?

–გიორგი: მე ამ მიმართულებით ვაპირებ წასვლას და იდეაში კიდევ რამდენიმე გამოგონება მაქვს, რომელიც მინდა განვახორციელო. ვაბარებ კომპიუტერულ ინჟინერიაზე და შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩემს სპეციალობად იქცევა მომავალში.

–იონა: მას შემდეგ, რაც სისრულეში მოვიყვანთ ჩვენს ახლანდელ გეგმას, აუცილებლად ვიმუშავებთ სხვა პროექტებზეც. მსურს, შევქმნა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც უფრო გაამარტივებს ადამიანთა ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროა გამოგონებების მიმართულებით, მომავალში თავს მაინც რობოტისტიკაში ვხედავ.

და ბოლოს, როგორც ახალგაზრდა გამომგონებლები, რა რჩევას მისცემდით თანატოლებს, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროთი დაინტერესებას?

–იონა: პირველ რიგში, ახსოვდეთ, აუცილებელია იდეის დახვეწა. თავდაპირველი იდეა ყოველთვის არ არის სრული. ჩვენი იდეაც თავიდან არ იყო ისეთი კარგი, როგორიც ბოლოს მივიღეთ. ასევე, ვურჩევ, გაითვალისწინონ, რომ მნიშვნელოვანია,  ამ იდეის წარდგენა მაყურებლის წინაშე.  თავდაპირველად  მუშაობს იდეა და შემდეგ უკვე პრეზენტაციის უნარი. პრეზენტაციით უნდა გააგებინო სხვებს ის, რაც გინდა ამ იდეამ შეასრულოს, სხვა მხრივ შეუძლებელია.

–გიორგი: უპირველეს ყოვლისა, ვეტყოდი იმას, რომ რჩევევბი აიღონ გამოცდილი ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, თუ დაიწყებენ ამ საქმიანობას, უნდა მიჰყვნენ ბოლომდე. გაიღრმავონ ცოდნა და შესაძლებლობები ამ მხრივ. ზოგადად, გამოგონებები ასე მოითხოვს, რომ ჯერ შეისწავლო ბაზა როგორ არის, რა არის გამოგონილი და რა არა, და ამ ყველაფრის შესწავლის შემდგომ გამოიგონო შენი ინტერპრეტაციით. და კიდევ, ყველაზე მთავარი, ვურჩევდი  იმას, რომ ბევრი იმუშაონ და შრომა არ დაიზარონ.

ქართველი მოსწავლე-მკვლევარის გამოგონებით NASA-ს კონკურენტი “Space x” დაინტერესდა

მოამზადა გვანცა გუბელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური