GE

ქართველი მოსწავლე-მკვლევარის გამოგონებით NASA-ს კონკურენტი “Space x” დაინტერესდა

ქართველი მე-11 კლასელის გამოგონებით არც მეტი არც ნაკლები NASA-ს კონკურენტი კოსმოინჟინერიის გიგანტი კომპანია “Space x” დაინტერესდა. სულ მალე კი, შესაძლოა, კოსმოსში ქართული კონსტრუქცია ვიხილოთ, რომლის ავტორიც თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ჩიჩუაა.

მოსწავლე-მკვლევარებისთვის – ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე (Intel ISEF) მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70 ქვეყნიდან 1700-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობს, 2014 წლიდან კი მათ რიცხვს საქართველოდან “ლეონარდო და ვინჩის” კონკურსის გამარჯვებულები შეემატნენ.

როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, შეერთებულ შტატებში ჩვენი ქვეყნიდან ის 7 მოსწავლე გაემგზავრა, რომლებმაც “ლეონარდო და ვინჩის” მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსზე საპრიზო ადგილები აიღეს. თეიმურაზ ჩიჩუა კი ამერიკიდან მეოთხე ადგილითა და თავბრუდამხვევი სამომავლო პერსპექტივებით დაბრუნდა.

როგორც აღმოჩნდა, ლოს-ანჯელესში ჩასვლით ბავშვობის ოცნებაც აიხდინა და პოპ-მუსიკის მეფის მაიკლ ჯექსონის ვარსკვლავზე იცეკვა კიდეც. გაგიკვირდებათ და გარდა ფიზიკისა, თემური მუსიკით და ცეკვით არის გატაცებული, თუმცა ჩვენთან მის მთავარ მიღწევაზე საუბრობს, რის განხორციელებაშიც თავისი წვლილი ფიზიკოს ბაბუასაც მიუძღვის.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რამდენად დიდი იყო კონკურენცია ინტელის საერთაშორისო კონკურსზე, რა ნამუშევრით მიიქცია მეთერთმეტეკლასელმა ბიჭმა ადგილობრივი ჟიურის ყურადრება და რა შემოთავაზება მიიღო მან უცხოელი მეცნიერებისგან. ყურადღებით მოუსმინეთ თემურს, მასთან საუბრის დასასრულს კი გამოგონების ამსახველ ვიდეომასალასაც შემოგთავაზებთ.

-რა არის შენი გამოგონება და რისთვის შეიძლება მისი გამოყენება?

ჩემს პროექტს ეწოდება “ტრანსფორმერი კლეფსიდრონი”. როდესაც დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა ჩემი მიზანი არ იყო გამეკეთებინა კონსტრუქცია, რომელიც დაიშლებოდა, დაიკეცებოდა ან განზომილებას შეიცვლიდა. ჩემი მთავარი მიზანი იყო მეპოვნა ფიგურა, რომელიც სხვადასხვა ხედიდან ერთნაირი იქნებოდა. ანუ, როდესაც ფიგურას სხვა კუთხით მოატრიალებ იღებ იგივეს რაც მანამდე იყო. 2 თვე ამ თემას ვსწავლობდი, შემდეგ მქონდა გასაუბრებები სხვადასხვა უმაღლესების პროფესორებთან და ბოლოს კომპიუტერში სპეციალური პროგრამის საშუალებით ამოვბეჭდე ეს მოდელი. ამას მოჰყვა საბოლოო პროექტის იდეა. შემდეგ დავიწყე კვლევები რა ძალას შეუძლია გაუძლოს, როგორ უნდა გავაკეთო და ა.შ.

პრაქტიკული კუთხით რომ მივუდგეთ და მარტივად ვთქვათ, ეს არის სათამაშო კონსტრუქტორი, ისეთივე, როგორიც ლეგო, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეს არის ტრანსფორმირებადი კონსტრუქტორი, რომლის გარდაქმნაც შესაძლებელია მრავალი კუთხით და სხვადასხვანაირ ფიგურას ვიღებთ. რაც შეეხება მის უფრო სერიოზულ გამოყენებას, ამ პროექტით დაინტერესდა ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია კოსმოინჟინერიაში, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ. მაგალითად კოსმოსში-როგორც მოგეხსენებათ, ისეთი დიდი ობიექტების წაღება როგორიც არის ტელესკოპი, კოსმოსური ანტენა და ა.შ. მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯებს და ენერგიას, რადგანაც მიაქვთ რამდენიმე ნაწილად და შემდეგ ხდება მისი აწყობა. ჩემი პროექტი სწორედ იმაზეა თუ როგორ შეიძლება ელემენტი მთლიანად მოვათავსოთ ერთ პატარა სივრცეში და შემდეგ ადგილზე გაიშალოს სრულად. ანუ ორგანზომილებიანი ელემენტი გარდაიქმნება სამგანზომილებიან ელემენტად, რაც იძლევა საკმაოდ დიდი ლავირების საშუალებას და მრავალმხრივი არჩევანს გიტოვებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა არა იმდენად ფიგურამ, არამედ პროექტმა, რომელიც ამ ყველაფრის განხორციელების საშუალებას იძლევა. ჩემი პროექტის თანახმად ჩვენ არ ვართ შეზღუდულები მასალაში, ფორმებში და ზომებში.

-რა ქვეყნები გავიდნენ პირველ ადგილებზე, და რომელი კომპანია დაინტერესდა შენი პროექტით?

ჩემ დარგზე თუ ვისაუბრებთ, საპრიზო ადგილების უმეტესობა ამერიკამ და კანადამ მოიპოვეს, თუმცა თითოეული მათგანი ნამდვილად იმსახურებდა ამას. მე ავიღე მეოთხე საპრიზო ადგილი ინჟინერიაში და “Space x”-ის სიმპატია, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ ჩემი გამოგონება და ეს პროდუქტი საკუთარ საქმიანობაში დანერგოს. “Space x”-ი არის კოსმოინჟინერიის დღევანდელი ლიდერი, რომელმაც NASA-ს გადაუსწრო. სწორედ ასეთმა სერიოზულმა კომპანიამ მოიწონა ჩემი პროექტი და წარმოიდგინეთ ქართული კონსტრუქცია იქნება კოსმოსში. დღესაც ვაგრძელებ მათთან ინტერნეტის საშუალებით კავშირს და მიდის იდეების გაცვლა და მუშაობა ამ თემაზე. მე ვხედავ ამ პროექტის მომავალს და ეს არა მხოლოდ კოსმოსში არამედ ყოველდღიურ პრაქტიკულ ცხოვრებაშიც იქნება გამოყენებული.

-ვინ წარმოადგენდა ჟიურის და რა კრიტერიუმით ხდებოდა შეფასება?

ჟიურის წევრები იყვნენ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერისტეტების პროფეორები, NASA-ს, “Spacex”-ის, google-ის და სხვადასხვა დარგების მიხედვით ასეთივე სერიოზული კომპანიების წარმომადგენლები. გარდა ამისა იყვნენ, ნობელის ლაურიატებიც.
ჟიურის წევრები საკმაოდ თბილად იყვნენ განწყობილი. ისინი ეძებდნენ არა კრიტიკას, არამედ მართლა აინტერესებდსთ რა იყო პროექტის სიახლე, რამდენად იყო ეს აქტუალური დღეს, რამდენად იყო ეს სამეცნიერო კვლევა, რამდენად ჰქონდა ბავშვს გააზრებული ის, რაც გააკეთა, თვითონ გამოიკვლია ეს ყველაფერი თუ ვინმე დაეხმარა და თუ დაეხმარა, რა დოზით, ისინი განსაზღვრავდნენ რა იყო დამოუკიდებლობის ხარისხი და რა დოზით იყო დახმარება. ჩემი პროექტი შეამოწმეს არა მხოლოდ ინჟინერიის სპეციალისტებმა, ფიზიკოსებმა და ასტონომებმა, რადგანაც ის კოსმოინჟინერიას ეხებოდა.

რაც შეეხება კონკურსს, იქ გახლდათ 1783 კონკურსანტი მთელი მსოფლიოდან, ნიგერიიდან დაწყებული ამერიკით და კანადით დამთავრებული. საქართველოსთვის ეს დებიუტი იყო და ჩვენ 2 პრიზი ჩამოვიტანეთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანები ვართ სხვა ქვეყნებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ პრიზი საერთოდ ვერ აიღო, ან მხოლოდ ერთი ჯილდოთი დაბრუნდა, მაგალითად: ესპანეთი, ჩრ. ირლანდია, ყაზახეთი, იტალია, რუმინეთი და სხვა.

17 წლის თემურ ჩიჩუა ინტელის საერთაშიროსო კონკურსზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის, “ლეონარდო და ვინჩი”-ს მეშვეობით მოხვდა. ამ უკანასკნელში თემური მისი დაარსების დღიდან მონაწილეობს და არაერთი საპრიზო ადგილი აქვს აღებული. 2013 წელს კი მან მესამე ადგილი აიღო, რასაც მის საოცნებო კონკურსზე გამგზავრება მოჰყვა.

კომპანია ინტელის სპონსორობით, მსოფლიოში უდიდესი კონკურსი მოსწავლე მკვლევარებისთვის – ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინროგამოფენა Intel ISEF ყოველწლიურად ტარდება. მას 1700-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ეროვნულ და რეგიონულ ასოცირებულ კონკურსებზე. ლეონარდო და ვინჩის კონკურსმა შარშან მიიღო ასოცირება და ამის შედეგად მისმა 7-მა გამარჯვებულმა ISEF 2014-ზე 4 პროექტი წარადგინა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსს “ლეონარდო და ვინჩი” წელსაც ჩაატარებს, რის შემდეგაც გამარჯვებულები ინტელის საერთაშორისო კონკურსზე უკვე მეორედ გაემგზავრებიან. 

აი დაპირებული ვიდეოც

ნინო არის© თაბუკაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური