GE

„ქვეყანაში ვირუსის 12-მდე ტიპი ცირკულირებს“ – დამხმარე საკლასო-საინფორმაციო აქტივობები გაკვეთილისთვის სპეციალისტისგან

ზამთრის არდადეგების შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო ბაგა-ბაღებში სასწავლო/სააღმზრდელო პროცესი 16 იანვარს განახლდება. როგორც რამდენიმე დღის წინ, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა განცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში 12-მდე ვირუსი ცირკულირებს და მათ შორის დომინანტი გახდა A და B ტიპის ვირუსი. ნათელია, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, მოსწავლეებსა და სკოლის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა მოუწევთ.

EDU.ARIS.GE, მოსწავლეებისა და პედაგოგების დახმარების მიზნით, თამარ სამიტაშვილს დაუკავშირდა, რომელიც სერტიფიცირებული ბიოლოგი და ტუტორი მასწავლებელია. სპეციალისტი ჩვენს მკითხველებს ვირუსების უახლეს სტატისტიკას აცნობს და საფრთხეებთან გასამკლავებლად ეფექტურ საგაკვეთილო აქტივობებსაც წარმოგვიდგენს.

„მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე, მომატებულია სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების სიხშირე. ქვეყანაში ცირკულირებს 12-მდე ტიპის ვირუსი, მათ შორის რესპირაციულ-სინციტიური, რომელიც განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ბავშვებში. შესაბამისად, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგაკვეთილო სივრცეში ვირუსებისა და მისგან თავდაცვის პრევენციულ გზებზე საუბარი, პრაქტიკული რჩევების მიცემა პედაგოგებისთვის, რომლებსაც აუცილებლად მოუწევთ ვირუსების შესახებ გარკვეული საინფორმაციო ღონისძიებების გატარება“, – განმარტავს სპეციალისტი.

ბიოლოგი ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების პერიოდში სკოლის გახსნა სერიოზული გამოწვევაა და საინფორმაციო გაკვეთილის ორგანიზება დროული უნდა იყოს.

„სკოლების გახსნა, როცა სეზონური ვირუსული ინფექციების შემთხვევათა სიხშირე პიკურ ნიშნულს აღწევს, საკმაოდ საფრთხილოა და ასეთ დროს, პედაგოგების პასუხისმგებლობები კიდევ უფრო იზრდება. ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე, პირველივე კვირაში უნდა მოხდეს მოსწავლეების ინფორმირება და საინფორმაციო გაკვეთილის ჩატარება. ეს ეფექტური მეთოდია, დავიცვათ საკუთარი თავიც და ასევე გარშემომყოფებიც ვირუსული ინფექციებისაგან“, – აცხადებს თამარ სამიტაშვილი.

ჩვენი რესპონდენტი საგაკვეთილო გეგმის შესახებაც საუბრობს და პედაგოგებს ურჩევს, გეგმა ისე გაწერონ, რომ მოსწავლეებმა ვირუსების შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება შეძლონ:

„საგაკვეთილო გეგმა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ ვირუსების შესახებ არსებული საკვანძო საკითხები, რომელთა შორისაა: ვირუსის სტრუქტურა-ძირითადი მახასიათებლები; ვირუსების გავრცელების გზები; ვირუსული ინფექციების სიმპტომები; ვირუსებისა და მათგან გამოწვეული ინფექციების დიფერენცირება სხვა მიკროორგანიზმებისაგან; იმუნიტეტი და ვაქცინაცია.

„თითოეული აქ ჩამოთვლილი საკითხის საფუძვლიანი სწავლებისთვის, პედაგოგებს ვურჩევ, სალექციო მეთოდის ნაცვლად, პროექტული სწავლების მეთოდი გამოიყენონ, რათა მოსწავლეებს პასიური მსმენელის როლი არ ჰქონდეთ და საკითხის დამუშავება დამოუკიდებლად, ჯგუფებში შეძლონ“.

EDU.ARIS.GE-ს მკითხველი პედაგოგებისთვის, თამარ სამიტაშვილმა ის აქტივობები წარმოგვიდგინა, რომელთა განხორციელებაც პედაგოგებს დაეხმარებათ, რომ სეზონური ვირუსებისგან გამოწვეულ საფრთხეებს გაუმკლავდნენ.

  • ექიმისა და პაციენტის შეხვედრის მოდელირება

ამ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო ვირუსულ ინფექციებს და ექიმისა და პაციენტის როლებს ინაწილებენ. „პაციენტები“ ასახელებენ ყველა შესაძლო სიმპტომს, „ექიმი“ კი მათ აძლევს რჩევებსა და რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება, მომავალში ინფექციებისაგან დაიცვან თავი. სასურველია, როლურ იმიტაციას სკოლის ექიმიც დაესწროს, რომელიც მინი ლექციის ფორმატში, პრაქტიკულ რჩევებს მისცემს მოსწავლეებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას დისკუსიის რეჟიმში გასცემს პასუხს. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლის კრიტიკული, პრობლემაზე ორიენტირებული აზროვნების განვითარებასა და თეორიული ცოდნის განმტკიცებას პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

  • ასწავლე, რათა დაიცვა მეგობარი

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რომ დაამზადონ საინფორმაციო ბუკლეტი მეგობრებისთვის, რომელშიც ვირუსულ ინფექციებზე ისაუბრებენ და გაუზიარებენ მათ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება დაიცვან პირადი ჰიგიენის ნორმები, რათა თავი აარიდონ ინფექციას. აღნიშნული აქტივობით მოსწავლე კიდევ ერთხელ იაზრებს, რომ ცნობიერების ამაღლებით მას შეუძლია დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაც.

  • მე პანდემიამდე და მას შემდეგ

ეს აქტივობა გულისხმობს მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის მომზადებას პოსტერის ან ელექტრონული ფორმატის სახით, რომელიც პირობითად, ორ ნაწილს უნდა მოიცავდეს. პირველ ნაწილში მათ უნდა აღწერონ ყოველდღიურობა და სასწავლო რეჟიმი პანდემიამდე, მეორე ნაწილში კი- პანდემიის შემდეგ. პარალელების გავლება და პრეზენტაციის შედარებითი ხასიათი, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ რა მასშტაბის პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოება ვირუსული ინფექციების გამო.

  • ვირუსი ჩემს წარმოდგენაში

მოსწავლეებს სთხოვეთ, დახატონ ვირუსი სწორედ ისე, როგორც თავად წარმოუდგენიათ. ილუსტრაციების დასრულების შემდეგ, მათ უნდა გააკეთონ მოკლე პრეზენტაცია, ახსნან საკუთარი იდეა და ერთმანეთის ნამუშევრებს შეადარონ. აქტივობის ბოლოს კი პედაგოგმა ვიდეო მასალით უნდა წარმოადგინოს ვირუსის სტრუქტურული მახასიათებლები, გავრცელებისა და პათოგენეზის გზები. რადგან ვირუსის შეუიარაღებელი თვალით აღქმა შეუძლებელია, აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას და მეორე მხრივ, ვირუსის, როგორც რეალურად არსებული ბიოლოგიური ობიექტის აღქმას.

ასევე იხილეთ:

„პირველკლასელს რეპეტიტორი არ უნდა სჭირდებოდეს!“ – მშობლები განვლილ სემესტრს აფასებენ – რა ისწავლეს პირველკლასელებმა?

„ზოგჯერ სულ რამდენიმე დღე გვაქვს, რაც ხელისშემშლელია“ – იყო თუ არა კომპლექსური დავალებები მოსწავლეების მთავარი გამოწვევა 2022 წელს

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური