„ზოგჯერ სულ რამდენიმე დღე გვაქვს, რაც ხელისშემშლელია“ – იყო თუ არა კომპლექსური დავალებები მოსწავლეების მთავარი გამოწვევა 2022 წელს
კომპლექსური დავალებები ქართული სასკოლო საზოგადოებისთვის სიახლე აღარაა. თუმცა, პედაგოგებს, ჩვენთან საუბრის დროსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ მიუხედავად შეძენილი გამოცდილებისა, მასზე მუშაობა არ ემარტივებათ. კომპლექსურ დავალებებზე მოსწავლეთა მშობლების პოზიციაც ვიცით და საინტერესოა, რას ფიქრობენ მოსწავლეები.
EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია, იყო თუ არა 2022 წელს მოსწავლეების მთავარი სასკოლო გამოწვევა კომპლექსური დავალებები, რა მოსწონთ და რაში ხედავენ ისინი სირთულეებს.
ანჟელიკა ბერიძე დაბა შუახევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ კომპლექსური დავალებებს აქტიურად ასრულებს და ძირითადად მათ პროექტების სახე აქვს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, მათზე მუშაობა მოსწავლეებს ჯგუფებში უწევთ და იმის გამო, რომ ჯგუფების წევრებს შორის საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვა ხშირად არის აუცილებელი, ეს დავალებაზე მუშაობის პროცესს ართულებს.
„კომპლექსურ დავალებებს წელს აქტიურად ვასრულებ. მოსწავლეებს ხანგრძლივი მუშაობა გვიწევს და სხვადასხვა თემაზე არაერთი ინფორმაციის მოძიება. უნდა ითქვას, რომ ამ დავალებების შესასრულებლად მოსახერხებელ დროს ყველა მასწავლებელი ვერ გვისაზღვრავს, ზოგჯერ, სულ რამდენიმე დღე გვაქვს და ეს დრო არ გვყოფნის. უნდა ვითანამშრომლოთ ჯგუფის სხვა წევრებთნ, მოვაგვაროთ საორგანიზაციო საკითხები და შემდეგ დავიწყოთ მუშაობა, ეს კი, ვფიქრობ, ხელისშემშლელი გარემოებაა იმისთვის, რომ მუშაობის პროცესი ჩვენთვის კომფორტული იყოს“, – გვიხსნის სკოლის მოსწავლე.
ანჟელიკა ბერიძე გვიყვება, რომ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა სკოლის ნაცვლად, სახლში უწევს. მისი შესრულების ინსტრუქციას კი, მასწავლებლებისგან კლასში იღებს. ეს მაშინ, როცა კომპლექსური დავალება, როგორც ამას მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ჯგუფის წევრები განმარტავენ, საკლასო სამუშაოა.
„მასალებს, რომელიც აუდიტორიაში უნდა წარვადგინოთ, ძირითადად სახლში ვამზადებთ, ინსტრუქციის მიღება კი გაკვეთილის ნაწილია. მე მესმის მასწავლებლებისაც, ამას თავისი დასაბუთებაც აქვს, რადგან კომპლექსურ დავალებებს ბევრი მუშაობა სჭირდება, ზოგიერთ ბავშვს კი, უფასო ინტერნეტი სახლში აქვს, ტელეფონზე აღარ იაქტიურებს და საჭირო ინფორმაციებს სახლში აგროვებს. სკოლაში რომ ვაკეთებდეთ, დრო არ გვეყოფოდა სამუშაოდ“.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, კომპლექსურ დავალებებს არაერთი ძლიერი და დადებითი მხარე აქვს: შემეცნებითია, ავითარებს ძიებისა და პრეზენტაციისთვის საჭირო უნარებს, შემოქმედებითს და აქტიურს ხდის მოსწავლეს. თუმცა, როგორც მეათე კლასის მოსწავლე გვიხსნის, ზემოთქმული დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეადგენს და რამდენად საინტერესო დავალებას მისცემს პედაგოგი მოსწავლეებს.
კომპლექსურ დავალებებს საინტერესო გამოწვევად აღიქვამს თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გიორგი მამულაშვილი, რომელიც EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ კომპლექსური დავალება მოსწავლეებისთვის რთულად შესასრულებელი მაშინ არის, თუ მათ არ ესმით დავალების პირობა, ან ესმით, მაგრამ არ მოსწონთ.
„პირადად ჩემთვის, კომპლექსური დავალებები საინტერესო გამოწვევაა და მათი შესრულებაც არ მიჭირს. თუმცა, მრავლად არიან მოსწავლეები, რომლებსაც დავალების შესრულების პროცესში სირთულეები აქვთ. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ მასწავლებელი შესაბამისად აფასებდეს პირველ რიგში კლასის მდგომარეობას, მათ საჭიროებებს და შემდგომ წყვეტდეს, რა ტიპის დავალება მისცეს მოსწავლეებს. იმასაც ვიტყვი, რომ ასეთ დავალებებს მარტივი სათაური და პირობა უნდა ჰქონდეს, რომელიც ყველა მოსწავლისთვის გასაგები იქნება.
„გვესმის, რომ ჩვენი, მოსწავლეების მოვალეობაა, ზუსტად ჩავჯდეთ თემის კონტექსტში და არ ავცდეთ მას. პირადად მე ამ მიმართულებით მაქვს გამოწვევა, რადგან არ შემიძლია, მხოლოდ ერთი მიმართულებით ვსაუბრობზე. მინდა, ჩემი აზრი ყოველთვის და ყველგან დავაფიქსირო. ამიტომ, კომპლექსური დავალებები, რომლებიც ჩემს აზრს ითხოვენ, უფრო მომწონს და საინტერესოდ შესასრულებელი მგონია”, – გვიყვება გიორგი მამულაშვილი.
მე-11 კლასის მოსწავლემ იმაზეც ისაუბრა, თუ რას მიიჩნევს კომპლექსური დავალებების ძლიერ და სუსტ მხარედ და ასევე, ერთ საინტერესო საკითხს შეეხო. გიორგი ფიქრობს, რომ თუ მოსწავლეები ყველა იმ საგნის არჩევას შეძლებდნენ, რომლებიც აინტერესებთ და არა სავალდებულოს, კომპლექსური დავალებებსაც უფრო მეტი ენთუზიაზმით შეასრულებდნენ:
„კომპლექსური დავალება გეხმარება შენი თავის, ცოდნის თუ ინტერესების გამოვლინებაში. ასევე, პრაქტიკულ გამოცდილებას იღებ სხვადასხვა საკითხში, რაც აღვიძებს ცნობისმოყვარეობას და უფრო მეტის წაკითხვისკენ გიბიძგებს. ცუდი კი ისაა, რომ ხშირად, გამაღიზიანებელია, როცა დავალების შესრულების დროს არსებობს რაღაც ფარგლები, რომელსაც ვერ გაცდები და შენი აზრის დაფიქსირებას ნათლად ვერ შეძლებ. მოსწავლეებს კი გვსურს, ჩვენი პოზიცია გავაჟღეროთ და უკუკავშირიც მივიღოთ”.
„მგონია, რომ გარკვეულ ჩარჩოებში გვსვამენ. ძალიან ცუდი სასწავლო პროგრამა გვაქვს. არ გვაძლევენ იმის საშუალებას, ვისწავლოთ ის, რაც გვინდა და გვთავაზობენ იმას, რითაც ყველა ვერ იქნება დაინტერესებული. თუ სავალდებულო საგნების ნაცვლად, ვისწავლიდით არჩევით საგნებს და კომლექსური დავალებების შესრულებაც ამ საგნებში მოგვიწევდა, ვფიქრობ, უკმაყოფილო არავინ დარჩებოდა და არც არავის ექნებოდა საქმე საწუწუნოდ”.
ასევე იხილეთ:
რატომ კომპლექსური დავალება? – დამწყები პედაგოგის ერთი დავალება პირველკლასელებს და მიღებული შედეგი
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება