GE

რა აქტივობებით ვიმუშაოთ წინა საახალწლოდ კლასში – „საახალწლო სასწავლო გეგმა მხოლოდ ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგებს არ სჭირდებათ“

„ბევრი დავალება არ მოგვცეთ მასწ, ახალი წელი მოდის“ – ამ ფრაზას, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველა მასწავლებელი ისმენს და ზოგჯერ მხიარული პასუხიც არ აყოვნებს – „ხვალ გაკვეთილს შენით ვიწყებ“… პასუხის პასუხი მოსწავლეებისგან – „კარგით რა მას“…

მასწავლებლები ხშირად ცდილობენ, ახალი წლის მოახლოებამდე ისე შეცვალონ საგაკვეთილო გეგმა, რომ მოსწავლეების აქტივობები გაკვეთილზე სახალისო, მასში მონაწილეობა კი საინტერესო იყოს.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ ცვლიან პედაგოგები გაკვეთილის გეგმას, როცა ახალი წელი ახლოვდება და მოსწავლეების ჟრიამული იმატებს რა აქტივობების გამოყენებით ცდილობენ სასწავლო კვირა საახალწლოც იყოს და შემეცნებითიც.

ჩვენი რესპონდენტი თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის უფროსი პედაგოგი, მედეა ნოზაძეა, რომელიც მიიჩნევს, რომ კარგმა პედაგოგმა არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა სურვილები და ისეთი დავალებები შესთავაზოს, რომლის შესრულებაზე თავადაც არ იტყოდა უარს:

„ამის გარეშე ჩვენი პატარა მეგობრები სკოლაში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობენ. მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინება ყოველთვის იწვევს საგნის დიდი ენთუზიაზმით შესწავლას და ზრდის სწავლის მოტივაციას. ისინი სიამოვნებით იწყებენ დავალებების შესრულებას და პედაგოგიც თავისუფლად გრძნობს თავს. გაკვეთილს ისე გეგმავს, რომ თავადაც გახალისდეს“.

მედეა ნოზაძეს ვკითხეთ, როდის იწყებენ პედაგოგები საახალწლო სამზადისს და ამავე პერიოდში ხდება თუ არა სასწავლო გეგმის ცვლილებაც. ჩვენი რესპონდენტის თქმით, დეკემბრის დასაწყისში უკვე ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს ე.წ საახალწლო საგაკვეთილო პროგრამა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვება.

„დეკემბრის დადგომა და ზამთრის მოახლოვება ყველაზე მეტად პატარებს ამცნობს, რომ ახალი წელი მალე შემობრძანდება, სწორედ ამიტომ, ჩვენც დეკემბრის პირველი რიცხვიდან ვიწყებთ მზადებას და უკვე გვაქვს საახალწლო სასწავლო გეგმა. იწყება საკლასო ოთახში ფუსფუსი, კლასის მორთვა და საინტერესო აქტივობების დროც დგება. სამწუხაროდ, არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საახალწლო სასწავლო გეგმა მხოლოდ ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგებსა და დამრიგებლებს უნდა ჰქონდეთ, რადგან მხოლოდ მათ ევალებათ ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და ახალი წლის თემატურ საკითხებზე მუშაობა, ეს ნამდვილად არასწორი დამოკიდებულებაა და ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა მასწავლებელი იყოს ჩართული საახალწლო სამზადისში, ყველა მათგანმა გარდაქმნას გაკვეთილის გეგმა, მიუხედავად იმისა, რომელ საგანს ასწავლის“, – ამბობს მედეა ნოზაძე.

კოლეგებს კი სთავაზობს, რომ საახალწლო საგაკვეთილო გეგმის შედგენის დროს, არა მხოლოდ აქტივობები დაგეგმონ, არამედ შექმნან სასწავლო თემატური რესურსებიც.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ახალი რესურსის მიწოდება შევძლოთ. პირადად მე, თავადვე ვქმნი სხვადასხვა ტიპის რესურსს და კონსულტაციას გავდივარ ხელოვნების პედაგოგებთან. მინდა, ჩემს კოლეგებსაც იგივე ვურჩიო და აქვე ჩამოგითვალოთ ის რესურსები, რომელსაც მე ვიყენებ: ელექტრონულად შექმნილი თემატური გასაფერადებლები, დეკორაციები, რომლებიც აწყობილია 3D ფორმატში, სხვადასხვა თვალსაჩინოებები, მაკეტები, ნახატები, წიგნები… „ფოვერ ფოინთში“ აწყობილი ანიმაციები. ასევე რესურსები, რომლებსაც ბავშვები თავად ქმნიან. ამისთვის ვიყენებთ ვებგვერდს learningapps.org, რომელზეც კროსვორდები, ვიქტორინები, ფაზლები და სხვა საგანმანათლებლო რესურსებია განთავსებული”.

„ვიყენებ სხვის შექმნილ რესურსებსაც. მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ რესურსების შექმნაში ისტის გაკვეთილზე. ხშირად, ხელოვნებისა და ისტის გაკვეთილებს ინტეგრირებულად ვატარებ, ვაძლევ არჩევნის საშუალებას, ვეკითხები სად სურთ ნამუშევრის შექმნა, რის გამოყენება ურჩევნიათ – თაბახის ფურცელი, პლასტელინი თუ კომპიუტერი. ძალიან მოსწონთ საიტი scratch.mit.edu რადგან აღნიშნულ ვებგვერდზე ანიმაციური პერსონაჟების გაცოცხლება შეუძლიათ, მისი ალაპარაკება და საკუთარი ხმის პერსონაჟზე მორგება“, – აღნიშნა პედაგოგმა.

მედეა მასწავლებელმა EDU.ARIS.GE-ს მკითხველ კოლეგებს ის 5 აქტივობაც გაუზიარა, რომელთა გამოყენებაც, ახალი წლის კვირეულში, ნებისმიერი საფეხურის კლასში შეეძლებათ:

შექმენი მისალოცი ბარათი წლის ადამიანისთვის: სთხოვეთ მოსწავლეს, აირჩიოს ე.წ წლის ადამიანი ისე, რომ არ ჩაერიოთ მის არჩევანში. შემდეგ კი მიეცით ინსტრუქცია, საკუთარი ხელით შექმნას ბარათი, რომელშიც წლის ადამიანს ახალ წელს მიულოცავს და მის მიღწევებზე ისაუბრებს. ამ აქტივობით მოსწავლეებს სააზროვნო უნარ-ჩვევები უვითარდებათ, სწავლობენ საკუთარი პოზიციის დაცვას და მართავენ საკუთარი ქმნილების პრეზენტაციას ფართო აუდიტორიის წინაშე.

ეს ჩემი ნაძვის ხეა, ეს კი ჩვენი ნაძვის ხე: მიეცით დავალება მოსწავლეებს, რომ დახატონ საკუთარი ნაძვის ხე, რომელსაც ისე გააფორმებენ, როგორც თავად სურთ. თუ მოსწავლე გადაწყვეტს, რომ ნაძვის ხე სხვა ფერის, ფორმის ან დიზაინის იყოს, ნუ მისცემთ საპირისპირო ინსტრუქციას, მითუმეტეს შენიშვნას. აქტივობის დასრულების შემდეგ, პედაგოგმა ყველა მოსწავლის ნაძვის ხე, ავტორის მითითებით კედელზე უნდა გამოფინოს. ეს აქტივობა მოსწავლეებში შემოქმედებით უნარ-ჩვევებს ავითარებს და დავალებას განსაკუთრებული ხალისით ასრულებენ.

საახალწლო კითხვარი მშობლებისთვის: სთხოვეთ მოსწავლეებს, შეადგინონ კითხვარი მშობლებისთვის. მაგალითად, საყვარელი საახალწლო ფილმი, მუსიკა, რას ისურვებდი ახალ წელს და სხვა, კითხვებს თავად მოსწავლე შეარჩევს. ამ აქტივობის შესრულება ე.წ ვიდეო ბლოგის სახითაც შესაძლებელია და მისი შესრულებით მშობლებიც კმაყოფილი დარჩებიან, რადგან შეძლებენ საკუთარ შვილთან კომუნიკაციას, რასაც ბევრი მშობელი ხშირად მოკლებულია.

მე რომ სანტა ვიყო: მოსწავლეებს დაავალეთ, დაწერონ წერილი, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაიწყება: „მე, რომ ვიყო სანტა“. ამ აქტივობით ისინი შეძლებდნენ, უკეთ დაენახათ ახალი წლის მნიშვნელობა და გაიაზრონ ის იდეა, რომელზეც ახალი წელი დგას.

მოგონებების ზარდახშა: სთხოვეთ მოსწავლეს, შექმნას ხელნაკეთი ზარდახშა, რომელშიც წლის ყველაზე ცუდ და კარგ მოგონებებს შეინახავს. შეგიძლიათ ურჩიოთ, რომ ეს მოგონებები ე.წ მინი წიგნაკში გააცოცხლოს და ნახატების ან კომიქსის სახე მისცეს. ყველა ის აქტვიობა, რომელიც კეთებასთან არის დაკავშირებული, მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ და პედაგოგის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს, რომ მოსწავლეებს სრული შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდეთ.

ასევე იხილეთ:

როგორ ვასწავლოთ ტოლერანტობა მოსწავლეებს – აქტივობები მასწავლებლისგან სხვადასხვა კლასებისთვის

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური