GE

რა დანიშნულება აქვს EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოქვეყნებულ რანჟირებას აბიტურიენტების შესახებ – ავტორის განმარტება

2020 წლის 4 დეკემბერს, EDU.ARIS.GE-მ რანჟირებული სია გამოაქვეყნა – საქართველოს რომელ უნივერსიტეტებშია კონცენტრირებული კარგად მომზადებული აბიტურიენტები. ჩვენ ARIS.GE-ს ხელმძღვანელს, რანჟირების პროექტის იდეის ავტორს, გიორგი კაშიას ვთხოვეთ კომენტარი.

EDU.ARIS.GE: რატომ ეს რანჟირება და რა იყო მისი შექმნის მიზანი?

გკ: ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ყურადღებით ვაკვირდებით და სხვადასხვა ორგანიზაცისთვის ანალიტიკურ მასალებს ვამზადებთ.

შედეგების ანალიზი დაინტერესებულ პირებს განათლების საკითხებზე მსჯელობის საფუძველს აძლევს, საგანმანათლებლო ბიზნესის მართვაში ეხმარება.

წელს, პანდემიის პირობებში, როცა უნივერსიტეტები და აბიტურიენტები ინფორმაციის გაცვლის არხებში შეზღუდულები არიან, მარტივი რანჟირებული სიის საჯაროდ გამოქვეყნება გადავწყვიტეთ.

EDU.ARIS.GE: რა დანიშნულებით არის შესაძლებელი ამ რანჟირების გამოყენება დაინტერესებული პირებისთვის და ვინ არიან ისინი?

გკ: გვსურს მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ უნივერსიტეტების შესახებ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კი მივცეთ საშუალება, რომ სხვა რაკურსიდან შეხედონ საკუთარ თავს და სხვა უნივერსიტეტებს, უმაღლესების ნაწილი ამას ისედაც აკეთებს.

რასაკვირველია, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული რანჟირება და არც ერთი ბევრად რთული რანჟირება არ იძლევა პასუხს მარადიულ კითხვაზე – რომელი უნივერსიტეტია ყველაზე კარგი?

ჩვენი რანჟირება მხოლოდ დასმულ კითხვას პასუხობს – რომელ უნივერსიტეტებში არიან კონცენტრირებული კარგად მომზადებული აბიტურიენტები. ცხადია, ეს აბიტურიენტს და მშობელს ყველა კითხვაზე პასუხს არ აძლევს, მაგრამ, რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, მით მეტი ანალიზის შესაძლებლობა და სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება უჩნდებათ.

ზემოთქმულს მაგალითით ავხსნი:

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი სიაში პირველ ადგილზეა. თავისუფალში ჩარიცხული აბიტურიენტების 96,6%-მა სხვადასხვა სასწავლო გრანტი (100%, 70% და 50%) მოიპოვა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი კი რანჟირებულ სიაში მე-5 ადგილზეა, იქ ჩარიცხულთა მხოლოდ 46,2% -მა მოიპოვა სასწავლო გრანტი.

მაგრამ, რამდენად სწორია სიტყვა მხოლოდ, როდესაც თავისუფალ უნივერსიტეტში გრანტი ჯამურად სულ 576-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, ხოლო თსუ-ში 2 349-მ?

სწორედ ამიტომ, გთხოვთ, ინფორმაციის სწორი აღქმისთვის, რანჟირებულ სიას შეხედოთ იმ კუთხით, როგორც ის არის წარმოდგენილი – თავისუფალ უნივერსიტეტში არის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია კარგად მომზადებული აბიტურიენტების და თანხობრივად თითო აბიტურიენტზე სასწავლო გრანტის სახით საშუალოდ 1866 ლარი მოდის.

მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც უნივერსიტეტების რანჟირების პროექტში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს რომელ უნივერსიტეტებშია კონცენტრირებული კარგად მომზადებული აბიტურიენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური