რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს თსუ-ის სტუდენტმა, რომელსაც საერთო საცხოვრებელში ცხოვრება სურს
სტუდენტური საერთო საცხოვრებლების თემა, არცერთ სასწავლო წელს არ კარგავდა აქტუალობას, თუმცა წლევანდელი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიპოვა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია. საქართველოში ათეულობით საუნივერსიტეტო დაწესებულებაა, სტუდენტების ჯამური რიცხვი კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, უნივერსიტეტებში 60 ათასს აღწევს.
ცნობილია, რომ სტუდენტთა დიდი უმრავლესობა სასწავლებლად დედაქალაქს ირჩევს და მაშასადამე თბილისი ხდება მათვის საცხოვრებელი ადგილიც. საცხოვრებლის მოთხოვნა აქვთ არა მხოლოდ რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს, არამედ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც დამოუკიდებლად ცხოვრება აქვთ გადაწყვეტილი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე, EDU.ARIS.GE შეეცადა დაედგინა, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა, რომელსაც სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრება სურს და რას უნდა ელოდოს უნივერსიტეტისგან.
პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუკავშირდით, სადაც, თუკი დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდს დავეყრდნობით, 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისზე
თსუ-ის სტუდქალაქის მმართველი, ზაზა წაქაძე, EDU.ARIS.GE-ს უხსნის, რომ დღეის მდგომარეობით, სტუდქალაქის ლისის საერთო საცხოვრებელში 320 ადგილიდან სტუდენტთათვის გამოყოფილია 270-მდე ადგილი. დანარჩენი ადგილები კი, როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუმართათვის. ლისის საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ერთი თვის საფასური სტუდენტისთვის 150 ლარია.
ხოლო, ქვემოთ ჩამოთვლილი სტატუსის მქონე სტუდენტთათვის ლისის საერთო საცხოვრებლის ერთი თვის ღირებულება შეადგენს 120 ლარს:
- უნივერსიტეტის სტუდქალაქში მცხოვრები სტუდენტის და ან ძმა;
- სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომლთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
- არანაკლებ 3,5 GPA მქონე სტუდენტები (მიმდინარე მონაცემებით).
ბაგების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი
ბაგების საერთო საცხოვრებელში 280-მდე სტუდენტის განთავსებაა შესაძლებელი და ამ საერთო საცხოვრებლით სარგებლობის სტანდარტული ღირებულება თვეში 50 ლარს შეადგენს.
„ორივე საცხოვრებელში როტაცია საკმაოდ მაღალია და მხოლოდ სექტემბრის თვეში, შესახლებულ იქნა 100-ზე მეტი ახალი სტუდენტი. დღეისათვის, ვინაიდან სტუდქალაქში შესახლების მიზნით სექტემბერში გამოცხადდა საკონკურსო ონლაინ რეგისტრაცია, ლისის საერთო საცხოვრებელში თითქმის არ დარჩა თავისუფალი ადგილები, ხოლო ბაგების საერთო საცხოვრებელში 50 თავისუფალი ადგილია“, – უთხრა ზაზა წაქაძემ EDU.ARIS.GE-ს 29 სექტემბერს.
საცხოვრებლით სარგებლობის ვადები
სტუდენტს საერთო საცხოვრებლით სარგებლობა შეუძლია შესაბამისი სწავლების საფეხურით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, რომელსაც, შესაბამისი სწავლების საფეხურის დასრულების მიზნით, შესაძლებელია დაემატოს მხოლოდ ორი სასწავლო სემესტრის ვადა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, სტუდენტი ვალდებულია, რომ ხელახლა გაიაროს საკონკურსო ონლაინ რეგისტრაცია სტუდქალაქში შესახლების მიზნით.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი, რომ ლისის ან ბაგების სტუდენტური საცხოვრებლით ისარგებლოს
- პირი უნდა იყოს თსუ-ის აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე;
- უნდა გაიაროს საკონკურსო ონლაინ რეგისტრაცია, ხოლო საკონკურსო შერჩევის ზოგად კრიტერიუმს წარმოადგენს სვებზე სწრაფად რეგისტრაცია, იგივე დროში დასწრებითობა. (ეს დათქმა არ ვრცელდება პრიორიტეტების მქონე სტუდენტებზე).
რომელ სტუდენტებს ენიჭებათ პრიორიტეტი და რა არის ამის საფუძველი
პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი სტატუსის მქონე სტუდენტებს (მიუხედავად რეგისტრაციის დროისა):
- სტუდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტრიებზე მცხოვრები;
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
- უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა;
- სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი, ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
- სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში;
- სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს საზღვრისპირა რეგიონში;
- სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილის ოჯახის წევრი (შვილი).
სტუდენტების პოზიცია საერთო საცხოვრებელზე
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თსუ-ის სტუდენტების ნაწილი ამბობს, ორივე საცხოვრებელი არ აკმაყოფილებს სტუდენტთა საჭიროებებს და იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის ბაგების სტუდქალაქი, განსახლების უფლებასა და პირობებს უნდა დაემატოს ერთადერთი კრიტერიუმი: „საერთო საცხოვრებელი არის უფასო“. სტუდენტებს მრავალადგილიანი საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მოთხოვნა აქვთ.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტების გარკვეულ ნაწილს, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის შეთავაზება შეუძლია. აქვე გეტყვით, რომ მსურველთა შერჩევის კრიტერიუმებს, მოთხოვნებსა და პირობებს, მათ შორის საფასურს, ყველა უნივერსიტეტი თავად ადგენს.
ასევე იხილეთ:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტით მიღწეული შედეგი და სამომავლო მიზნები
მოამზადა მზეო შველიძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება