თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტით მიღწეული შედეგი და სამომავლო მიზნები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროტესტი 2022 წლის აპრილის თვიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა უნივერსიტეტის გადაწყვეტილება 2 მაისიდან სწავლების სრულად აუდიტორიებში აღდგენის შესახებ. საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნები დინამიკურად იცვლებოდა, მათ შორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საპასუხო რეაქციის ზეგავლენით. რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის შეუძლებელი იყო ასე მოკლე ვადით თბილისში საცხოვრებლის ქირაობა, მით უფრო საქართველოში რუსი ვიზიტორების გამო საცხოვრებელი ბინებზე მოთხოვნის და შესაბამისად ფასების ზრდის გათვალისწინებით.
ამიტომაც, სტუდენტური პროტესტის უპირველეს თემადაც სასწავლო სემესტრის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულების მოთხოვნა იქცა. პროტესტის ირგვლივ გამართულ დისკუსიებში თავი იჩინა სტუდენტური საცხოვრებლის საკითხმა, სადაც საკმაოდ მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია და მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გაცემული დაპირებისა, ჯერჯერობით არ არის აშენებული არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი. სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის ირგვლივ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სტუდენტები ითხოვენ საცხოვრებელი სახელმწიფომ ააშენოს და არა კერძო ინვესტორმა, რადგან ინვესტორის მოგების ინტერესი ვერ იქნება მორგებული სტუდენტურ საჭიროებაზე – უფასო ან მინიმალური გადასახადის საცხოვრებელზე.
სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის ამ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ადმინისტრაცია ვერ ხედავდა საჭიროებას ჰიბრიდული სწავლება დაენერგა. არ გაეცა პასუხი სტუდენტური საცხოვრებლის უზრუნველყოფის მოთხოვნასაც. შედეგად სტუდენტურმა პროტესტმა უფრო რადიკალური ხასიათი მიიღო. უკვე არსებულ მოთხოვნების გარდა, მათ მოითხოვეს რექტორის გადადგომა, რექტორის არჩევის წესის ცვლილება და შეიჭრნენ რექტორის კაბინეტში, რომელსაც 16 დღის განმავლობაში იკავებდნენ. რექტორის კაბინეტის დაკავების პროცესში სტუდენტებს წინააღმდეგობას უწევდა უნივერსიტეტის დაცვის სამსახური, მაგრამ ამ ფაქტს, როგორც ვიცით, არ მოჰყოლია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. სამაგიეროდ, რექტორის კაბინეტის დაკავება კარგი სტიმული აღმოჩნდა ადმინისტრაციის მიერ სტუდენტური პროტესტის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადმოსადგმელად. როგორც მოძრაობამ „ბრძოლა განათლებისთვის“ განაცხადა, უნივერსიტეტში ნაწილობრივ დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, ფინალური გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა 2 რეგიონული საგამოცდო ცენტრი, მიმდინარე სემესტრში სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გახდა უფასო, გაიხსნა ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი და დაიწყო დიალოგი რექტორის წესის ცვლილებასთან, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
თუმცა პრობლემები ძირითადად მოუგვარებელი დარჩა. რეგიონებში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოიყენა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტების უმეტესობამ მოკლევადიანი საცხოვრებელი მაინც თბილისში იპოვა. სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ამჟამად ვერც რაოდენობით და ვერც ინფრასტრუქტურის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სტუდენტურ საჭიროებებს, ხოლო რექტორის წესის ცვლილების შესახებ რამე პრინციპული შეთანხმება სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის არ შემდგარა.
სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ რექტორის კაბინეტის დატოვებით პროტესტი არ სრულდება. ისინი დათანხმდნენ დიალოგის გაგრძელებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და სამინისტროსთან საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, რექტორის არჩევის წესის დემოკრატიული ცვლილების და უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის საკითხებზე. სტუდენტური მოძრაობა გეგმავს ზაფხულის განმავლობაში და ახალი სასწავლო წლიდან გააფართოვოს პროტესტის მასშტაბი და საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანოს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, ვინაიდან სტუდენტური საცხოვრებლის საკითხი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ეხება.
პროტესტის ამ ეტაპზე ჰიბრიდული სწავლების და გამოცდების საკითხი მეტ-ნაკლებად გადაიჭრა, ყოველ შემთხვევაში, მომდევნო სემესტრიდან ეს საკითხები აღარ იქნება აქტუალური. დარჩენილი პრობლემების მოგვარების ბერკეტები კი სახელმწიფოს ხელშია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და სტუდენტების მონაწილეობით უნდა შეთანხმდეს რექტორის არჩევის ახალი წესი, მაგრამ არჩევის ახალი წესისთვის იურიდიული ძალის შეძენა საქართველოს პარლამენტზეა დამოკიდებული, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესაბამის ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭიროს. ასევე სახელმწიფომ, განათლების სამინისტროს სახით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტების მეორე მოთხოვნის – სახელმწიფო საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, შეიძლება გამონახოს გარკვეული რესურსები, თუნდაც მიწის სახით ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობის დასაწყებად, მაგრამ ვინაიდან საერთო საცხოვრებლის პრობლემა უფრო მასშტაბურია და სტუდენტური მოძრაობაც აპირებს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ჩართვას ამ პროტესტში, ამ საკითხის გადაწყვეტაში სახელმწიფოს მონაწილეობა გარდაუვალია.
ერთი შეხედვით, სტუდენტების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ხმაურიანი პროტესტის ორგანიზება მოახერხა და მათი მთავარი მოთხოვნა შესრულდა – თბილისში გაძვირებული ბინის ქირაობის სანაცვლოდ, სტუდენტებს ქუთაისში და ახალციხეში გამოცდების ჩაბარების საშუალება მისცეს, მაგრამ ფუნდამენტალურ საკითხებზე – რექტორის არჩევის წესზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების გამჭირვალეობასა და საერთო საცხოვრებელის მშენებლობაზე მხოლოდ შემდგომი დიალოგის გაგრძელების პირობა მიიღეს. რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ეს პროცესი, ამას ახალი სასწავლო წლიდან შევიტყობთ.
ამავე თემაზე:
ავტორი კონსტანტინე ჩაჩიბაია
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება