GE

რა პრეტენზიები და გეგმები აქვს სამხატვრო აკადემიასთან მიმართებით კულტურის მინისტრს – „ეს სისტემის აქილევსის ქუსლია“

„სამხატვრო აკადემია, არ მომერიდება და ვიტყვი, რომ არის ჩვენი სისტემის აქილევსის ქუსლი“, – ასე დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამხატვრო აკადემიაზე საუბარი 22 სექტემბერს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის პასუხად.

მინისტრის გამოსვლის ამ ვრცელი ნაწილიდან გაირკვა, რომ სამხატვრო აკადემიის შესახებ აუდიტის მიერ გამოკვეთილ სხვადასხვა გარემოებებს საქართველს პროკურატურა შეისწავლის, რადგან ჩანს კორუფციის სერიოზული ნიშნები. ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ ხუთი ოქტომბრის შემდეგ, აკადემიას ახალი მმართველი ეყოლება და წლის ბოლომდე უნივერსიტეტში ისეთი ფაკულტეტები აღდგება, რომელიც წინა რექტორის დროს გაუქმდა. ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ აკადემიაში ახალი კადრების შესვლაა დაგეგმილი, რადგან „ვერცერთი ჯგუფი ვერ იქნება სექტა, რომელიც არ უშვებს ახალ სისხლს თავის წიაღში“.

თეა წულუკიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა მიმართულებით აქვს ან ჰქონდა აკადემიასთან პრეტენზიები, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს წლის ბოლომდე.

როგორც მინისტრი ამბობს, სამხატვრო აკადემია არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი და ის უნდა იყოს სამჭედლო იმ კადრების, რომლებიც ძეგლების დაცვას სჭირდება, სამინისტრო კი ასეთ კადრებს ვერ იღებს.

„ჩვენ გვაქვს ძეგლთა დაცვის მიმართულებით მწვავე დეფიციტი პროფესიებში და როდესაც ვსვამთ კითხვას გვესმის, რომ ნუ, ბუღაძის დროს ასე ჩაითვალა, რომ რესტავრაციის ფაკულტეტი აღარ იყო საჭირო და გაუქმდა. შესაბამისად, ჩვენ წლის ბოლოს, უფრო სწორად ნოემბერში, ვგეგმავთ რესტავრაციის ფაკულტეტის აღდგენას სამხატვრო აკადემიაში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ქანდაკების ფაკულტეტის აღდგენას სამხატვრო აკადემიაში, რომელიც გაუქმებულია ასევე იმ დიდი ეპოქის დროს, „როდესაც დიდი რეფორმები ხორციელდებოდა ძალიან კომპეტენტური ხალხის მიერ“.

„ასევე არის პრობლემა იმისა, რომ აკადემიაში არ არის საკმარისი საკადრო რესურსი, ვგულისხმობ ადგილების ოდენობას, თორემ ვფიქრობ, კომპეტენტური კადრები კიდევ მოიძებნებოდა. ამიტომაც, ჩვენ გვაქვს მზად ბიუჯეტი, რომ ნოემბრიდან დავამატოთ საკადრო რესურსი, ვგულისხმობ აკადემიურ პერსონალს და შევქმნათ მინიმუმ ეს ორი ახალი ფაკულტეტი. მაგრამ, ამისათვის საჭიროა, აკადემია გახდეს ჩვენი პარტნიორი. დღეს აკადემია ჩვენი პარტნიორი არ არის. სამხატვრო აკადემია ატარებს აკადემიური პერსონალის არჩევნებს და 4 ოქტომბერს, აკადემიის რექტორს ეწურება მისი ვადა. 5 ოქტომბერს, აკადემიას, მე ვვარაუდობ, რომ უკვე ეყოლება სხვა პირი, რომელიც რექტორის მოვალეობას შეასრულებს მანამ, სანამ არ იქნება არჩეული ახალი რექტორი. მოქმედი რექტორი ვეღარ იყრის კენჭს, ვინაიდან ის მეორედ არის თავის პოზიციაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა აუდიტი და არსებობს კორუფციის სერიოზული ნიშნები, რის გამოც სამინისტრო დასკვნას საქართველოს პროკურატურაში აგზავნის, ეს ეხება მშენებლობის ნაწილს და ბევრ სხვა ფინანსურ პროექტს, სადაც, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ელემენტარული ფინანსური ჰიგიენა არ იყო დაცული“.

ვიცეპრემიერმა ქრონოლოგიურად აუხსნა პარლამენტს, თუ რატომ ვერ მოასწრეს აკადემიაში ოთხ ოქტომბრამდე ახალი რექტორის არჩევა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტში მომზადებული შერჩევის კრიტერიუმები ანტიკონსტიტუციური იყო და წულუკიანმა მათი შეცვლა მოითხოვა.

„სამინისტროსთან ყველანაირი კონსულტაციის გარეშე, ე.წ. აკადემიური სუვერენიტეტის თუ აკადემიური დამოუკიდებლობის სახელით, მათ შეიმუშავეს კრიტერიუმები აკადემიური პერსონალის ასარჩევად, რომელმაც შემდეგ უნდა გამოკვეთოს საკუთარ თავში რექტორების კანდიდატი და ჩვენ რომ ჩავხედეთ ამ კრიტერიუმებში, ეს იყო ანტიკონსტიტუციური. მაგალითისთვის იქ ნათქვამი იყო, რომ კანდიდატები შესაძლოა იყვნენ ხოლოდ ისინი, რომლებიც აკადემიაში მუშაობდნენ 2007 წლის შემდეგ. რომ ვიკითხე 2007 წლის შემდეგ რატომ,  – იმიტომ, რომ ბუღაძის რეფორმის მერე (ასე ქვია ეპოქას, მე ამ გვარს არ ვატრიალებ მარჯვნივ-მარცხნივ ტყუილად), ამ ეპოქაში ვინც მუშაობდა მას მერე იყო ნათელი, მანამდე, თურმე აპოლონ ქუთათელაძის დროს იყო ბნელი და ასეთი დისკრიმინაციული კრიტერიუმები იყო შეტანილი. შესაბამისად მე მომიწია როგორც ზედამხედველ უწყებას, რომ მიმეწერა წერილი და მიმეცა რჩევა, რომ ეს ბრძანება წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან და მადლობას ვეუბნები, რომ ეს გაიზიარეს და შემუშავდა ახალი კრიტერიუმები – გამჭვირვალე და შეესაბამება კანონს. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ გაჭიანურდა პროცესი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ერთგვარი გაფრთხილებაც მისცა აკადემიის მომავალ რექტორს, თუ როგორი უნდა იყოს იგი:

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი რექტორი, ვისაც სამხატვრო აკადემია თავის წიაღიდან გამოკვეთს, ახალი აკადემიური პერსონალიდან, რომელიც სრულად ვერ გადახალისდება და იქნებიან ისინი, ვინც არიან, თუკი კომისიის ნდობას დაიმსახურებენ და იმედი მაქვს ახლებიც იქნებიან, იმიტომ, რომ ვერცერთი ჯგუფი ვერ იქნება სექტა, რომელიც არ უშვებს ახალ სისხლს თავის წიაღში. გამოკვეთს რექტორს და ეს რექტორი დააკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმს. იქნება ისეთი, რომელიც იზნურებს სტუდენტზე და არა საკუთარ თავზე; რექტორი იქნება იმისთვის, რომ აკადემიამ აწარმოოს ახალი კადრები, რომელიც სჭირდება ქვეყანას და სტუდენტი იქნება მთავარი და არა კონკრეტული პროფესორი, კანცლერი ან რექტორი“.

ასევე იხილეთ:

„რაზე ვართ ორიენტირებული, რაოდენობასა და გეგმის შესრულებაზე თუ ხარისხზე?“ – სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი გრიფირების პროცესის პრობლემებზე საუბრობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური