„რაზე ვართ ორიენტირებული, რაოდენობასა და გეგმის შესრულებაზე თუ ხარისხზე?“ – სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი გრიფირების პროცესის პრობლემებზე საუბრობს
რატომ ვართ მშობლები მუდამ უკმაყოფილონი იმ სასკოლო სახელმძღვანელოების ფორმით ან შინაარსით, რომლით სწავლაც ჩვენი შვილისთვის სავალდებულოა? მივყავართ თუ არა რეალური სასკოლო რეფორმის განუხორციელებლობას იმ შედეგებამდე, რასაც ჩვენი შვილები საერთაშორისო კვლევების დროს დებენ – ძალიან არასახარბიელოს? რა განაპირობებს ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების ნაკლებობას საქართველოში?…
დაგვიანებული კონკურსი, უკიდურესად მცირე ვადები, ბუნდოვანი მიზანი, ავტორთა დაბალი ანაზღაურება, სტანდარტების შეცვლის აუცილებლობა – პრობლემების ეს, ერთი შეხედვით მოკლე ჩამონათვალი, სასკოლო სახელმძღვანელოების შექნის პროცესში გადაულახავ რუბიკონად იქცა. დაწყებითი და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოების გრიფირება და სკოლებში შეტანის კარსაა მომდგარი, თუმცა, სამუშაო, დაწყებითი საფეხურის შემთხვევაში, ჯერ არც კი დაწყებულა – არ გამოცხადებულა კონკურსი, არ შეცვლილა სტანდარტები, არ ჩატარებულა ავტორთა ტრენინგები და ა.შ.
ეს ყველაფერი და ამას დამატებული წიგნების მომზადება, წარდგენა, რეცენზირება, განხილვა, დამტკიცება, სკოლებისთვის დაგზავნა, მათი მხრიდან არჩევა, დაბეჭდვა და მოსწავლეებამდე მიტანა, ფაქტობრივად, ერთ წელიწადში უნდა მოესწროს. უშუალოდ წინებზე მუშაობისთვის ავტორებს სულ რამდენიმე თვე ეძლევათ. ეს ვადა, სამუშაოს მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, წარმოუდგენლად მცირეა. რისკის ქვეშ კი სახელმძღვანელოების ხარისხი დგას, ისევ. იქმნება საშიშროება, რომ შემდეგი წლებს განმავლობაში სახელმძღვანელოების ხარისხის მიმართ საზოგადოებას იგივენაირი კითხვებს და პრეტენზიები ექნება, როგორიც აქამდე.
ამ საშიშროებაზე თავად ავტორები ღიად საუბრობენ და არც იმ სხვა პრობლემებს მალავენ, რომლებიც მთელს პროცესში მრავლადაა დაგროვილი: „თუ არ იქნა განხილული გაუმჯობესებული და დამტკიცებული შესაბამისი ცვლილებები სტანდარტებში, თუ არ ჩატარდა ავტორთა და ექსპერტთა ტრენინგები და თუ დროულად არ გამოცხადდა კონკურსები, არ დაითქვა შესაფერისი ვადები, ჩვენ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ კიდევ 6-7 წელიწადი, დაწყებითი – I-IV კლასებისთვის გვექნება კვლავაც დაბალხარისხოვანი სახელმძღვანელოები, ამას ვერ ავიცილებთ თავიდან“, – ეს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორის, გია ნოზაძის სიტყვებია, რომლითაც მან 27 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტს მიმართა. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა იმ შეხვედრაზე, როდესაც კომიტეტის წევრებს მსგავსი მწვავე შინაარსის განცხადებების მოსმენა მოუხდათ. განათლების სფეროში მომუშავე იმ პროფესიული ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, სხვა არაერთ პრობლემაზეც გაამახვილეს ყურადღება. პრობლემების ძირითადი ჩამონათვალი ისე გამოიყურება, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. გადაჭრის გზები, ცენტრალიზებულ დონეზე, არ ჩანს, თუმცა სფეროში მომუშავე და პროცესში ჩართულ ადამიანებს ამაზე ბევრი აქვთ ნაფიქრი. ყველა რისკის გათვალისწინებით ისინი მიიჩნევენ, რომ თუ წიგნების მომზადების დაწყებამდე ეს ყველაფერი არ იქნება გათვალისწინებული, არ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენი მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებს კონკურენციას გაუწევენ.
„მოსწავლე რომ დაჯდება და წიგნს გადაშლის, სწავლის სურვილი არ უნდა დაეკარგოს“
მაია ბლიაძე ბუნებისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორია. გეოგრაფიის დოქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი და განათლების სპეციალისტი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში დეტალურად საუბრობს ყველა იმ სირთულეზე, რომლებიც მას, როგორც ავტორს არსებული რეალობით ექმნება. რეალობა კი, როგორც მისი ნაამბობიდან ირკვევა, იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩანს, რადგან ამჟამად საკითხი ასე დგას – მიიღებენ თუ არა გამოცდილი, კვალიფიციურ ავტორები სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში მონაწილეობას, რადგან მათ, ფაქტობრივად, შესრულებელ მისიას აკისრებენ, თანაც მოტივაციის გარეშე.
ქალბატონ მაიას ვკითხეთ თუ რა ეტაპზეა სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი, რომელიც, წესით, ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. როგორც ირკვევა, საშუალო საფეხურზე, დაწყებით საფეხურთან შედარებით, მდგომარეობა შედარებით უკეთესადაა.
მაია ბლიაძე: ახლახანს დასრულდა საშუალო საფეხურის მეათე კლასის სახელმძღვანელოების მეორე ნაწილი. იმის გამო, რომ საშუალო საფეხურის სტანდარტის დამტკიცება დაგვიანდა, სახელმძღვანელოების შექმნის ისედაც ძალიან მოკლე ვადებმა კიდევ უფრო გადაიწია. რაკი სახელმძღვანელოებზე მუშაობის დრო ასეთი მოკლე იყო, სამინისტრომ ორ ეტაპად გაყო და ახლა მეორე ეტაპზე ვართ. გამოდის, რომ სახელმწიფოს ორჯერ უწევს თანხების გადახდა რეცეზენტებისთვის, ექსპერტებისთვის, ავტორებისთვის, ბეჭდვისთვის, და ა.შ. პირველი ეტაპი რომ დასრულდა და სახელმძღვანელოებმა გრიფი მიიღეს, პარალელურად ჩვენ მეორე ნაწილს ვწერდით. ახლა ისიც დასრულდა, ჩავაბარეთ და ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ – როდის მიენიჭებათ გრიფი, რადგან პირველი სემესტრის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს, რათა ბავშვები წიგნების გარეშე არ დარჩნენ.
როგორც ავტორი, გეტყვით, რომ ზოგადად, დრო ძალიან მცირეა. ამისთვის 5 თვე კი არა, 1 წელიც არაა საკმარისი. მითუმეტეს, რომ საგნები განსხვავებული და სპეციფიკურია. თუ ქართულში ტექსტები დასაწერი არ არის, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში ყველაფერი შესაქმნელია. ჩემს საგნებში, ქართულად, ზოგჯერ მასალაც კი არ არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ გეოგრაფიას უამრავი ვიზუალური მასალის შექმნაც სჭირდება – რუკების, დიაგრამების, გრაფიკების, ცხრილების და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. თანაც, მარტო ერთ წიგნს ხომ არ ვწერთ? მოსწავლის წიგნთან ერთად იწერება მოსწავლის რვეულიც და მასწავლებლის წიგნიც, რომელიც არანაკლებ შრომატევადია. წარმოიდგინეთ, რა ტიტანურ შრომაზეა საუბარი.
– რა სიტუაციაა დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების შემთხვევაში?
– დაწყებით საფეხურზე სიტუაცია ბევრად რთულია. ჩემს გულისტკივილს ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოს ავტორის პოზიციიდან ვამბობ – ბუნებისმეტყველებაზე სტანდარტი და პროგრამა იცვლება, რადგან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდა და შესაბამისად, ის სტანდარტის მოდიფიცირებას აკეთებენ, რაც დაწყებით საფეხურზე იყო. არადა, დაწყებითი საფეხურის და მათ შორის, ბუნების მოქმედი სტანდარტი, რომელთა მიხედვით სახელმძღვანელოები 2018 წელს შეიქმნა, სწორედ 2018-2024 წლების სტანდარტზე იყო დაფუძნებული. ჩემი ინფორმაციით, ავტორებს ახლა 4 წიგნის დაწერა მოგვიწევს, ოთხი კლასისთვის, თითოეულ საგანში. რეალურად კი, თითო წიგნში სამი წიგნი იგულისხმება – მოსწავლის წიგნი, რვეული და მასწავლებლის წიგნი. ანუ, გამოდის, რომ ერთი წლის განმავლობაში 12 წიგნი უნდა დავწეროთ. ახლა მე ვსვამ კითხვას – რაზე ვართ ორიენტირებული, რაოდენობასა და გეგმის შესრულებაზე თუ ხარისხზე? გეგულებათ სადმე გუნდი, რამდენ კაციანიც არ უნდა იყოს ის, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ამხელა საქმეს ხარისხიანად გააკეთებს? ამას ხომ უნდა რესურსების მოძიება, შეკრება, კოორდინირება, მწყობრში მოყვანა, ვიზუალური მასალის, კომპლექსური დავალებებისა და თემატური მატრიცების შექმნა. უამრავი რამაა და ასე მარტივად ხომ ვერ კეთდება? როგორ შეიძლება ეს ერთ წელიწადში მოესწროს?!
– წიგნის შედგენის გარდა, დრო ხომ სჭირდება მათ განხილვას, გრიფირებას, სკოლებში შეტანას და სხვა საორგანიზაციო საკითხებსაც. როგორ ჩაეტევა ეს ყველაფერი ერთ წელიწადში?
– სკოლაში შეტანამდე ძალიან ბევრი პროცედურაა. თან, საკმაოდ დიდ თანხებთან დაკავშირებული. გამოდის, რომ ძალიან მოკლე დროში უნდა მოხდეს ექსპერტების დაქირავება, განხილვა, რეცენზირება და ა.შ. ევროპის ქვეყნებში ერთ სახელმძღვანელოზე 2-3 წელი მუშაობენ არა მარტო ავტორები, არამედ დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ა.შ. – მთელი გუნდი. რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოებიც ბევრად კარგი, საინტერესო და დახვეწილი გამოდის.
– რა არის გამოსავალი, თქვენი აზრით?
– ვფიქრობ, სახელმძღვანელოები ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს და დაინერგოს – ჯერ პირველი კლასის, მერე მეორე და ა.შ. ასე, ნელ-ნელა მივიდეთ ბოლომდე. სახელმწიფოც დაზოგავს ფულს, დანერგვის პროცესიც გამართლებული იქნება, ავტორებსაც გაუადვილდებათ და უფრო ხარისხიან სახელმძღვანელოებს შექმნიან. მოგებული დარჩება ავტორიც, სახელმწიფოც და რაც მთავარია – მოსწავლეც, რადგან მათზე ორიენტირებული, მათთვის შექმნილი წიგნები გვექნება. ასე უფრო შეეგუებიან ახალ სახელმძღვანელოებს და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს. წარმოიდგინეთ, მესამეკლასელი ბავშვისთვის, რომელმაც პირველი ორი წელი სხვა რამ გაიარა და უცებ სხვა სახელმძღვანელო მისდის, სხვა პარამეტრზე დაფუძნებული, სხვა მიდგომით, რა რთული იქნება. თანამიმდევრულობის გამო, მგონია, რომ უმჯობესია ეტაპობრივად წავიდეს პროცესი. სახელმძღვანელოების ოთხივე კლასში ერთდროულად და უცებ გამოცვლა მართებულად არ მიმაჩნია.
– როგორც თქვენი კოლეგები საუბრობენ, უკვე დამტკიცებული საგნის სტანდარტები ვერ უძლებს კრიტიკას და მათი ცვლილებებია საჭირო. ეთანხმებით თუ არა ამას და რა ტიპის ცვლილებებს ისურვებდით?
– სტანდარტები, რა თქმა უნდა, მუდმივ დახვეწასა და განახლებას საჭიროებს. ზოგიერთი სახელმძღვანელო 2012 წელსაა გამოშვებული და მას მერე საკმაოდ ბევრი რამ მოხდა. ეს ყველაფერი უნდა აისახოს, რათა მოსწავლე არ ჩამორჩეს მიმდინარე მოვლენებს.
გარკვეული საკითხები ცოტა რთული მგონია. მიმაჩნია, რომ ზედმეტად გადატვირთულია. დაწყებითი საფეხურის ბავშვებისთვის უფრო მარტივიც შეიძლებოდა ყოფილიყო. სტანდარტსა და პროგრამაში შეტანილი საკითხები ისე უნდა განისაზღვროს, რომ მართლაც აქტუალური და მნიშვნელოვანი იყოს. ბევრი ნიუანსია. ავტორს, პროგრამის გარდა, უამრავი რამის გათვალისწინება უხდება. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმძღვანელო იქმნება მოსწავლისთვის და არა მშობლის, ან მასწავლებლისთვის. ისე უნდა შეირჩეს საკითხები, ენა, დავალებები და ყველა დეტალი, რომ მოსწავლემ დაძლიოს.
თუკი სტანდარტის შეცვლის აუცილებლობა დადგა და იგი მესამე თაობის ესგ-ს მოერგო, ტრენინგები აუცილებელია. ვისურვებდი, რომ მეთოდური კუთხით სავალდებულო ტრენინგები ჩაეტარებინათ – რა არის მიზანი, რას მოელიან, რა დაკვეთა აქვთ, რა იგულისხმება, რისი დანახვა უნდათ და ა.შ. როცა ავტორმა არ იცის როგორია მოთხოვნა, ისე წერს, როგორც ხედავს და ესმის. ამიტომ, ინსტრუქტაჟი უფრო მკაფიო უნდა იყოს – თუ რა სურთ ამ სახელმძღვანელოებში ასახონ, გნებავთ შინაარსობრივად და გნებავთ მეთოდური კუთხით.
– ავტორთა ანაზღაურება მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად უნდა მოვიაზროთ? მისი სიმცირის გამო კარგ ავტორებს უქვეითდებათ მონაწილეობის მოტივაცია?
– ნამდვილად ასეა. სახელმძღვანელოს შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. მასზე მთელი მომავალი თაობის განათლებაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, საზოგადოება ძალიან მარტივად აკრიტიკებს წიგნებს და მათ ავტორებს. ყველაფერი მათზე ტყდება. ამ ადამიანებმა, ალბათ, არ იციან, რომ ავტორი წარმოდგენილი სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით წერს. ის ვალდებულია სტანდარტში მოცემული თემატიკისა და გაწერილი საკითხების მიხედვით წეროს. არ შეუძლია ახალი მოიგონოს. კი, შეუძლია შეალამაზოს, გაამრავალფეროვნოს, მაგრამ იმ საკითხებს ვერ გასცდება. წიგნი არის სამინისტროს დაკვეთა, რომელიც ავტორმა გაამზადა და სკოლას მიაწოდა. ავტორს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ ეს აკეთოს. ჩემი წინა წიგნები ბუნებაში ორ სხვა ადამიანთან თანაავტორობით შევქმენი. ახლა, როცა ვცდილობ პარტნიორი ვიპოვო და მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს ვთავაზობ, ძალიან ბევრისგან უარს ვიღებ. რომ ვუხსნი რა არის გასაკეთებელი და რა ვადებში, მპასუხობენ, რომ ამას ურჩევნიათ სკოლაში სწავლებით, რეპეტიტორობით დაკავდნენ. უფრო ნაკლებად შრომატევადიცაა და მეტად შემოსავლიანიც.
იმის რისკიც ხომ არის, რომ იშრომო, სახელმძღვანელო დაწერო, მაგრამ ვერ გავიდეს კონკურსში და შენი შრომა გაქრეს?! ყველაზე უკეთეს ვარიანტში, იმარჯვებ კონკურსში, მაგრამ ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი სკოლა აგირჩევს. თითოეული არჩეული წიგნიდან ავტორს ძალიან მცირე პროცენტს აძლევენ. იმ პროცენტიდანაც გამომცემლობას მიაქვს თავისი წილი და რაც რჩება, იმას თავის კოლეგებთან ინაწილებს. ცალკე პრობლემებია სკოლების მერ სახელმძღვანელოების არჩევის პროცესშიც. აქ სხვადასხვა ხრიკები ერთვება – ნაცნობობა, მეგობრობა, გეუბნებიან, რომ შენი წიგნი ჩამონათვალში არ არის. მერე გიწევს სხვადასხვა ინსტანციის საშუალებით არკვიო. დირექტორისგან ისიც კი მომისმენია, რომ მასწავლებელმა ფაილი ვერ გახსნა. უამრავი თამაში მიდის ხოლმე. პრობლემებია ექსპერტების მიერ შეფასების პროცესშიც. ყველა თავისი ხედვით აფასებს. ექსპერტები ვერ ახერხებენ ყველა წიგნის წაკითხვას და შედარებას. დრო რომ მეტი იყოს, ესეც არ გახდებოდა პრობლემა, ქულების მოგროვებისა და გრიფირების გადალახვის პროცესში მეტი გარანტიები და ობიექტურობა იქნებოდა.
თუ ამ საქმეზე შეყვარებული არ ხარ, ამას არ დათანხმდები. ხშირად მიფიქრია – დავანებებ თავს, აღარ დავწერ, არ მიღირს ამდენ შრომად. იძულებულები ვართ ბევრგან ვიმუშაოთ, რათა დამატებითი შემოსავალი გვქონდეს. ეს ყველას არ შეუძლია. ისეთი ხალხი, ვინც ამას ენთუზიაზმით, ფაქტობრივად, ალტრუისტულად აკეთებს, ცოტაა. ანაზღაურება სახელმძღვანელოს შექმნისა და კარგი ავტორი მოზიდვის ყველაზე ნაკლები მოტივატორია.
ყველა ის ფაქტორი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ – ვადების სიმცირე, კონკურსების გამოცხადების დაგვიანება, სამუშაოს მასშტაბი, ანაზღაურების სიმცირე, სტანდარტებში ცვლილებების ჯერ-ჯერობით არარსებობა ქმნის იმის საშიშროებას, რომ უხარისხო სახელმძღვანელოები მივიღოთ?
ამის თქმა გამიჭირდება, რადგან მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ძალიან ბევრს ვცდილობთ, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე, როგორც ბუნების სახელმძღვანელოს პოტენციურ ავტორს თუ ერთ წელიწადში ოთხი წიგნის დაწერა მომთხოვეს, პირველ რიგში, დავფიქრდები მიღირს, თუ არა ერთი წლის განმავლობაში სტრესში, ყველაფერზე უარის თქმის პირობებში ცხოვრება. კიდევ იმეორებ, რომ ეს, რეალურად, 12 წიგნს ნიშნავს და ამდენი წიგნის ასეთ ვადებში დაწერა, ელემენტარულად, ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, ამდენი ღამის თევა შეუძლებელია. ამიტომ, ჯერ ვიფიქრებ შევეჭიდო თუ არა. თუ გადავწყვიტე, რომ შევეჭიდო, მაქსიმალურად ვეცდები ხარისხიანი იყოს, მაგრამ არ ვიცი, ამ ვადებში ჩემი ამ მცდელობის განხორციელება რამდენად მოხერხდება, რადგან ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. აქ უამრავი ადამიანი მონაწილეობს თავისი შრომით. სკოლის სახელმძღვანელო სულ სხვა სირთულისაა და სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს. მოსწავლე რომ დაჯდება და წიგნს გადაშლის, სწავლის სურვილი არ უნდა დაეკარგოს. მინდა ასეთი წიგნები ჰქონდეთ ბავშვებს – მათთვის მისაღები და საინტერესო. ამიტომ ვერ ველევი ამ საქმეს.
გაეცა თუ არა სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვებს პასუხი ამ ერთი ინტერვიუთიც, ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია.
ასევე იხილეთ:
რა პრობლემები რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების დამტკიცების პროცესში და რას არ აკეთებს სამინისტრო
განათლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არსებითი ნაკლოვანება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება