GE

რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია

სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგები ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდაზე გასული მსურველების შედეგებს ფაილის სახით აქვეყნებს:

A1 – A2 დონე – აპლიკანტთა შედეგები
შეფასების სქემა
B1 – B2 დონე – აპლიკანტთა შედეგები
შეფასების სქემა

აპლიკანტებს შედეგების ნახვა იმ საგამოცდო კოდის მეშვეობით შეუძლიათ, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცათ.

საპრეტენზიო განაცხადების მიიღება 14 იანვარს, 10:00 საათიდან დაიწყება და 16 იანვარს 18:00 საათზე დასრულდება.

ინფორმაცია მინიმალური გამსვლელი ქულების შესახებ

ტესტის მაქსიმალური ქულაა 100. იმისათვის, რომ A1 და B1 დონეების გამოცდა აპლიკანტს წარმატებით დაძლეულად ჩაეთვალოს, მან უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი (41 ქულა და მეტი), ხოლო A2 და B2 დონეების შემთხვევაში, მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი (61 ქულა და მეტი).

ამასთან, ყველა გამოსაცდელმა აუცილებლად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) მაქსიმალური ქულის (25 ქულა) შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი:

A1 და B1 დონეებისთვის – მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულის 35%-ზე მეტი (9 ქულა და მეტი), კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი (11 ქულა და მეტი), წერის ნაწილში მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (7 ქულა და მეტი), ლაპარაკის ნაწილში 25%-ზე მეტი (7 ქულა და მეტი);

A2 და B2 დონეებისთვის – მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულის 55%-ზე მეტი (14 ქულა და მეტი), კითხვის ნაწილში 60%-ზე მეტი (16 ქულა და მეტი), წერის ნაწილში 45%-ზე მეტი (12 ქულა და მეტი), ლაპარაკის ნაწილში 45%-ზე მეტი (12 ქულა და მეტი).

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა რომელიმე ნაწილში ზღვარი ვერ დაძლია, მას გამოცდა ჩაბარებულად არ ჩაეთვლება.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სახელმწიფო ენის გამოცდა საქართველოში პირველად ჩატარდა.

ტესტირებაში მონაწილეობა 45-მა აპლიკანტმა მიიღო.

“სახელმწიფო ენის გამოცდის მიზანია, ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის განმტკიცება, გაძლიერება და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოება. გამოცდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის. სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს, გამოცდის შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასცემს”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური