რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ე. წ. მეორად ჩარიცხვებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის შედეგები და მინიმალური გამსვლელი ქულები უკვე გამოცხადდა.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად გაიზარდა წელს პირველკურსელთა რაოდენობა ორჯერ გამოცხადებული ე.წ. მეორადი ჩარიცხვების ფონზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 13 ოქტომბერს აცხადებს, რომ 2026 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მეორად ჩარიცხვებამდე კი ეს რიცხვი, ასევე NAEC-ის მონაცემებით, 34 150 იყო. ამ ორ ციფრს შორის სხვაობა 1 350-ია. სწორედ ამდენით გაიზარდა როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ე. წ. მეორადი ჩარიცხვების ხარჯზე.
თუ ორჯერ გამოცხადებული მეორადი ჩარიცხვების სტატისტიკის ერთმანეთთან შედარება გსურთ, იხილეთ გამოცდების ცენტრის მონაცემები:
რა მონაცემები მივიღეთ მეორადი ჩარიცხვების პირველ ეტაპზე:
მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა 1715. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს. საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 506 აბიტურიენტი. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
მეორადი ჩარიცხვების მეორე ეტაპის ნამატი სტატისტიკა კი ასეთია:
მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა სულ 2 019 აბიტურიენტი, რომელთაგან უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 350-მა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა 866-მა აბიტურიენტმა. მათგან 331 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა, ხოლო 535 – კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 466-მა აბიტურიენტმა, მათ შორის, 278-მა – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო 188 აბიტურიენტმა – კერძო პროფესიულ სასწავლებლებში.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 18-მა აბიტურიენტმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.
ასევე იხილეთ:
-
„ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ“ – პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის პოზიციები საქართველოს ევროპულ EQAR-ში დაბრუნებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
რა თანხები დაიხარჯება და როგორ უნდა წარიმართოს სამეცნიერო საგრანტო კონკურსები – ახალი დებულება დამტკიცდა
by ARIS.GE-განათლება
-
12 წლის ასაკში მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში და ნინიკო ჯინორიძის სამომავლო გეგმები
by ARIS.GE-განათლება