როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? – მასწავლებლის სახლის მითითებები წინსვლის მსურველებს
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში, წინსვლის მსურველი მასწავლებლი/სპეციალური მასწავლებლი წარდგენილი განაცხადისა და განხორციელებული საქმიანობის შეფასებისთვის კომისიასთან გასაუბრებას გადის.
გასაუბრება პედაგოგის მიერ უკვე წარდგენილ წერილობით ხედვასთან ერთად ფასდება და მას აზუსტებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ხედვის დოკუმენტის წარდგენის პროცესის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ კითხვას პასუხობს – როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?
როგორია ეკატერინე ხუციშვილის უწყების მითითებები მასწავლებლებისთვის:
აქტუალური კითხვა და მასზე პასუხი
კარგად იცოდეთ საკუთარი ხედვა და თითოეულ კრიტერიუმზე მოამზადეთ მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან.
გასაუბრებამდე: გადაიკითხეთ საკუთარი ხედვა; დარწმუნდით, რომ თითოეული წინადადების ახსნა შეგიძლიათ; თითოეულ კრიტერიუმზე მოამზადეთ მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან.
გასაუბრების დროს: დააკონკრეტეთ წერილობით წარმოდგენილი მოსაზრებები; უპასუხეთ დამაზუსტებელ შეკითხვებს; აჩვენეთ, რა გააკეთეთ, ვისთან ერთად და რა შედეგით.
რა კითხვებს დამისვამენ?
ძირითადი კითხვები შეფასების ხუთ კრიტერიუმს მიჰყვება: 1. მიმართულებისა და ფუნქციების არსი; 2. ამოცანების კავშირი და საჭიროება; 3. სამიზნე ჯგუფის მონაწილეობა და განსხვავებული აზრი; 4. გავლენა და მდგრადობა; 5. შეფასება და მტკიცებულებები.
ყველას ერთნაირ კითხვებს დაუსვამენ?
ძირითადი კითხვები იდენტურია; დამატებითი კითხვები – თქვენი ხედვის მიხედვით.
ძირითადი კითხვები: საორიენტაციო კითხვები ყველასთვის ერთნაირია, კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე. დამატებითი კითხვები შეიძლება დაისვას როგორც ხედვაში ზოგადად ან არასრულად წარმოდგენილი საკითხების დასაზუსტებლად, ისე საუბრის პროცესში
დამატებითი განმარტების საჭიროების შემთხვევაში.
გასაუბრებაზე პირად მაგალითებს მკითხავენ?
დიახ – თითოეულ კრიტერიუმთან დაკავშირებულ საკითხზე საჭიროა მაგალითი პირადი პრაქტიკიდან. თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით საჭიროა მინიმუმ ერთი რეალური მაგალითის მოყვანა. ერთი და იგივე მაგალითი შეიძლება რამდენიმე კრიტერიუმის დასასაბუთებლადაც გამოიყენოთ, თუ ის თითოეული მათგანის მოთხოვნას შეესაბამება.
მთავარია, ნათლად წარმოაჩინოთ, როგორ უკავშირდება თქვენი მაგალითი თითოეულ კრიტერიუმს.
შემიძლია გასაუბრებაზე დავაზუსტო ჩემი ხედვა?
დიახ – ხედვა და გასაუბრება ერთიანობაში ფასდება და თანაბარი მნიშვნელობისაა.
როგორ იწერება ქულა?
შემფასებელი თითოეულ კრიტერიუმში ერთ ქულას წერს ორივე კომპონენტის ერთობლივი ანალიზით – მხოლოდ გასაუბრების დასრულების შემდეგ.
რას ნიშნავს ეს ჩემთვის?
რაც ხედვაში მოკლედ დაწერეთ, გასაუბრებაზე შეგიძლიათ დააკონკრეტოთ და საკუთარი პრაქტიკის მაგალითით დაასაბუთოთ.
ყველა კრიტერიუმს უნდა ახლდეს მაგალითი?
დიახ – ყველა კრიტერიუმში საჭიროა საკუთარი პრაქტიკის კონკრეტული მაგალითი. წერილობით ხედვის ტექსტში. და/ან გასაუბრებაზე თუ წერილობით მოკლედ წარმოადგინეთ.
როგორ მოვიყვანო კონკრეტული მაგალითი?
მაგალითი უნდა ეფუძნებოდეს თქვენს რეალურ გამოცდილებას და აჩვენებდეს რა გააკეთეთ ამ მიმართულებით საკუთარ პრაქტიკაში.
რა გავაკეთე? – აღწერეთ კონკრეტული მოქმედება ან გადაწყვეტილება. ვისთან ერთად? – მიუთითეთ, როგორ ჩაერთნენ კოლეგები ან სხვა დაინტერესებული პირები. რა შეიცვალა? – აღწერეთ შედეგი და ის, როგორ შეიტყვეთ ან შეაფასეთ იგი.
„ხშირად ვთანამშრომლობ კოლეგებთან“ ზოგადი განცხადებაა; კონკრეტული შემთხვევა კი აჩვენებს თქვენს რეალურ წვლილს.
ასევე იხილეთ:
-
არაერთ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9.1% სერტიფიკატის გარეშე მუშაობს, 6.4%-მა კი პროფესია მიატოვა – OECD
by ARIS.GE-განათლება
-
უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა საფრანგეთის მთავრობამ – ცვლილებები და 4 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტი
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს მიმართავს
by ARIS.GE-განათლება
