GE

ჟან მონეს აკადემიის მეექვსე დღე „ევროპის უნივერსიტეტში“ – სამწლიანი პროექტის EnlargEU დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

30 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს აკადემიის მეექვსე და დასკვნითი დღე გაიმართა, რომლითაც მესამე აკადემიასთან ერთად, ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელებული სამწლიანი პროექტი EnlargEU დასრულდა.

უნივერსიტეტის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჰიბრიდულ ღონისძიებაზე მონაწილეებმა, კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები და პროექტის შედეგები განიხილეს.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორმა, ნიკოლოზ ფარჯანაძემ, საქართველოში Erasmus+ ეროვნული ოფისის პროექტის ოფიცერმა, მარიამ ბუთხუზმა და მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა, თათია დოლიძემ. მარიამ ბუთხუზი ღონისძიებას ონლაინ შეუერთდა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პანელური დისკუსია იყო, რომელშიც ევროპის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს პროფესორები მონაწილეობდნენ. თათია დოლიძის მოდერაციით, გურანდა ჭელიძემ და გიორგი გვალიამ კანდიდატი ქვეყნების პერსპექტივებზე, გაფართოების გამოწვევებსა და საქართველოს ევროპულ მომავალზე იმსჯელეს. დისკუსიამ მონაწილეებს ექსპერტებთან უშუალო დიალოგისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.

ღონისძიებას ონლაინ შეუერთდა მოლდოვის მთავრობის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელების კოორდინაციის საკითხებში, როდიკა კრუდუ. მან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის გამოცდილება განიხილა და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. როდიკა კრუდუ ღონისძიებაში პირადი სტატუსით მონაწილეობდა.

ცალკე სესია აკადემიის კურსდამთავრებულებს დაეთმო: პოლიტიკის ნარკვევები თავად ავტორებმა წარადგინეს და ევროკავშირის გაფართოების შესახებ საკუთარი არგუმენტები და დასკვნები აუდიტორიას გაუზიარეს. მათი ნამუშევრები წარმოაჩენს, როგორ იქცა აკადემიაში მიღებული ცოდნა დამოუკიდებელ ანალიზად და საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის საფუძვლად.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ სემესტრული კურსის პარალელურად, პროექტის ფარგლებში აკადემიის სამი გამოშვება ჩატარდა, რომელსაც ჯამში 384 კურსდამთავრებული ჰყავდა.

საქმიანობაში სულ მცირე 17 ექსპერტი ჩაერთო, მათ შორის წამყვანი ევროპელი ექსპერტები და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე ქართველი მკვლევრები. პროექტმა სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა პროფესიონალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან გააერთიანა. მის აკადემიურ შედეგებს შორისაა კურსდამთავრებულთა პოლიტიკის ნარკვევების კრებული და ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად მომზადებული სტატიები.

დასკვნით დღეს მონაწილეებმა „აკადემიის ხმების“ სესიაზე სასწავლო გამოცდილებაც შეაჯამეს. ღონისძიება სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.

ჟან მონეს მოდულს „ევროკავშირის გაფართოება: წარსულის გაკვეთილები მომავალი გადაწყვეტილებებისთვის“ (EnlargEU) ევროპის უნივერსიტეტი 2023–2026 წლებში ევროკავშირის თანადაფინანსებით ახორციელებდა. პროექტის აკადემიური კოორდინატორია თათია დოლიძე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური