GE

აკრძალვები სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს – რა შეზღუდვები იმოქმედებს შიდა და გარე მობილობის დროს ახალი ბრძანებით

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.

ბრძანებას დაემატა სხვადასხვა პუნქტები, რომელიც ერთის მხრივ ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მეორეს მხრივ მობილობის მსურველ სტუდენტებზე.

სახელმწიფო უნივერსიტეტებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ეკრძალებათ მობილობის ან შიდა მობილობის გამოცხადება იმ პროგრამებზე (ფაკულტეტებზე), რომლებიც არ არის მთავრობის #212 დადგენილებაში. თუ სტუდენტს სურს სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა ფაკულტეტზე (შიდა მობილობა) ან სხვა უნივერსიტეტიდან გადასვლა (გარე მობილობა), ამას ვეღარ შეძლებს ნებისმიერ პროგრამაზე და გადასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მთავრობის მიერ დაშვებულ კონკრეტულ სპეციალობებზე.

„სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ უფლება გამოაცხადონ მობილობა/შიდა მობილობა 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილების პირველი მუხლით”, – წერია ახალ ბრძანებაში.

რაც ნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი მილევად რეჟიმში მყოფ საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტს ვეღარ მიიღებს ვერც შიდა და ვერც გარე მობილობის პრინციპით.

კიდევ ერთ ცვლილება და შეზღუდვა უნივერსიტეტებისთვის ეხებათ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმის ამოქმედების პარალელურად, ანუ წელს ჩაირიცხნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

როგორც გივი მიქანაძის 30 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული, “2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხულ სტუდენტს შიდა მობილობის უფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სასწავლო წლისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამაზე თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში.

2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, ითვლება შესაბამისი სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოქმედება”.

ეს კი ნიშნავს, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ანუ ფაკულტეტის შეცვლის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პროგრამაზე თავისუფალი ადგილია და ეს ადგილი ჯდება უნივერსიტეტის მიერ იმ წლისთვის დამტკიცებულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში (კვოტაში). ხოლო თუ სტუდენტი 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხა და სტატუსი აქვს შეჩერებული, ის მაინც ითვლება ამ ლიმიტირებულ ადგილებში და მასზე აღარ ვრცელდება ძველი წესის პრივილეგიები, რომლებიც კვოტების მიღმა ადგილების ათვისებას ეხებოდა. ადრე, როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტში აკადემიურ შვებულებას იღებდა ან სტატუსს იჩერებდა (მაგალითად, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო), მისი ადგილი დროებით თავისუფლდებოდა. უნივერსიტეტს შეეძლო ამ ადგილზე მობილობით სხვა სტუდენტი მიეღო. ახლა ამას ვეღარ შეძლებს.

თუ პირი უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2026-2027 სასწავლო წლიდან, ანუ არის ახალი ნაკადი და სტატუსი შეიჩერა, ის მაინც ითვლება უნივერსიტეტის მიერ იმ წლისთვის მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობაში (კვოტაში). უნივერსიტეტი მის ადგილს „გათავისუფლებულად“ ვეღარ მიიჩნევს და ადგილს ვერ შეავსებს.

კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც მობილობის შესახებ ბრძანებას დაემატა ასე ჟღერს: „პირს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და გათვალისწინებულ 12 თვის ვადაში, 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, მოიპოვა მობილობის უფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილების პირველი მუხლით, თუმცა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არ იქნა წარდგენილი ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის პროექტში, უფლება აქვს, ისარგებლოს 2026–2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით. ამ უფლებით სარგებლობისათვის მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, მობილობაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში“.

რაც ნიშნავს ერთგვარ გამონაკლისს კონკრეტული კატეგორიის სტუდენტებისთვის და ეხებათ იმ პირებს, ვისაც შეწყვეტილი ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი, 2026-2027 წლის შემოდგომაზე სცადეს მობილობა სახელმწიფო უნივერსიტეტის ისეთ პროგრამაზე, რომელიც არ შედიოდა მთავრობის ზემოთ ხსენებულ №212 დადგენილებაში და უნივერსიტეტმა მათი გადაყვანის ბრძანება ვეღარ წარადგინა. ასეთი სტუდენტებისთვის შემოღებულია ერთგვარი გამოსავალი და მათ შეუძლიათ ისარგებლონ 2026-2027 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით. რისთვისაც მათ მობილობის რეგისტრაციის ვადებში წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS).

ამავე თემაზე:

რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტებს რომელი პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ – ცვლილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური