GE

რა შეიცვალა აბიტურიენტთა ისტორიის გამოცდის ტესტის სტრუქტურასა და პროგრამაში? – გამოცდების ცენტრში 2024 წლის აბიტურიენტებს უპასუხეს

“ისტორიაში პროგრამა არ არის გართულებული. მე მგონი, პირიქით, შეიძლება, გამარტივებულიც კი არის. მაგალითად, ისეთი დიდი საკითხი, როგორიც იყო პრეისტორიული ხანა, საერთოდ ამოვიღეთ. მაგალითად რუსეთ-იაპონიის ომები ამოვიღეთ, სხვა ჩავამატეთ… გართულება ჩვენი პრინციპი არ არის და ყველა ის საკითხი, რაც შევიტანეთ, სკოლაში ისწავლება”, – ასე უპასუხა 2024 წლის აბიტურიენტის მიერ დასმულ კითხვას ისტორიის გამოცდის შესაძლო გართულებაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.

22 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, სადაც გამოცდების ცენტრმა აბიტურიენტებს სხვადასხვა საგნის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, მისაღები გამოცდების პროგრამისა და ტესტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ძალიან აქტიურები იყვნენ ისტორიის საგნის ჩაბარების მსურველი აბიტურიენტები.

“პროგრამა შარშანდელთან შედარებით შეიცვალა. რაღაც საკითხები ამოღებულია და რაღაც საკითხები დაემატა. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ შედარება რა იყო და ახლა რა არის, ეს თქვენ არ გჭირდებათ. თქვენთვის მთავარია, რომ იხელმძღვანელოთ პროგრამით, რომელსაც აწერია 2024 წლის. კითხვები და დავალებები იქნება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც პროგრამაშია შეტანილი. მეორე საკითხია საიდან ვისწავლოთ: ისწავლეთ სკოლის სახელმძღვანელოებიდან, არაფერი ზედმეტი ლიტერატურა საჭირო არ არის. გჭირდებათ მე-11 და მე-12 სკალასების სკოლის სახელმძღვანელოებით და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სახელმძღვანელოთი სწავლობთ.  არ შეგხვდებათ ისეთი რაღაც, რაც თქვენს სახელმძღვანელოში არ იყო”, – განუცხადა აბიტურიენტებს იოსტორიის საგნის ჯგუფის წარმომადგენელმა მიხეილ ბახტაძემ.

მან არაერთგზის დაამშვიდა აბიტურიენტები, ისტორიის საგამოცდო ტესტი ზუსტად იგივე უნარებს შეამოწმებს რასაც აქამდე ამოწმებდა და სირთულითაც დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც შარშან იყო.

აბიტურიენტების მხრიდან კითხვები დაისვა ტესტის სტრუქტურისა და არსებული დავალებებით მიღებული ქულების ოდენობის შესახებ, რა დროსაც მიხეილ ბახტაძემ განმარტა, რომ 2024 წლის ტესტიდან მათ ამოღებული აქვთ ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ქრონოლოგიური დალაგება, თუმცა გაზრდილია დახურული დავალებების წილი და რუკის ანალიზიც დახურული კითხვებით იქნება შესასრულებელი.

“ტესტში ახალი დავალება არაფერი არ არის. ჩვენ ამოვიღეთ 1 დავალება, ეს არის სორტირება, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებდა და პრინციპში ამ ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება ჩვენ სხვა დავალებითაც შეგვიძლია… და ამოვიღეთ კიდევ ორი დავალება, რომელიც როგორც ითქვა იშტამპებოდა, რადგან მოდიოდა ავტომატური პასუხები. იმის ხარჯზე, რომ ეს დავალებები ამოვიღეთ, დახურული დავალებები გაიზარდა, უბრალოდ არ იფიქროთ, რომ ეს დახურული დავალებები არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც მარტო ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს. ყველა იმ უნარს, რომელსაც აქამდე ეს ტესტი ამოწმებდა, ზუსტად იგივენაირად შეამოწმებს. პირიქით, ჩვენ შარშან რომ ახალი დავალება შევიტანეთ, რომელსაც ასეც დაერქვა, ახალი დავალება – ის დავალებაა, რომელიც როგორც წინა ტესტირებებშიც ჩანდა და მერე გამოცდამაც გვიჩვენა, ყველაზე კარგად ამოწმებს კრიტიკულ აზროვნებასაც, არგუმენტაციასაც … ანუ ტესტი ზუსტად იმ უნარებს შეამოწმებს რასაც ამოწმებდა და ჩვენ ვფიქრობთ რომ სირთულითაც ზუსტად იგივენაირი იქნება როგორიც შარშან იყო”, – აღნიშნა ცენტრის წარმომადგენელმა.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა შეიცვალა ისტორიის საგნის ტესტში, რამ განაპირობა და როგორი მოლოდინები აქვთ აბიტურიენტთა სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით მიხეილ ბახტაძემ განაცხადა: “არ მითქვამს, რომ ტესტი შეიცვალა. ცვლილება შევიდა საგამოცდო პროგრამაში. რაც შეეხება რატომ შევიდა: პროგრამაში ჩვენ ყოველწლიურად ვცვლით ხოლმე საკითხებს იმიტომ, რომ რაღაც საკითხები უბრალოდ ამოიწურება და ახალ საკითხებს ვთავაზობთ. პროგრამის 84% არ იცვლება, რაღაც საკითხები არის, რომელსაც ყოველწლიურად ვამატებთ და ვაკლებთ. საერთოდ, საკითხების მოცულობა ამით არ იზრდება, რამდენ საკითხსაც მოვაკლებთ, იმდენივეს დავამატებთ. მეტი არაფერი, ტექნიკური საკითხია. წყაროს ანალიზში არაფერი არ შეცვლილა. რუკის ანალიზს რაც შეეხება, ჩვენ რომ შევადარეთ ღია კითხვები და დახურული ბევრად მეტი იყო ღია, ამიტომ გავზარდეთ დახურული კითხვების რაოდენობა”.

შეხვედრის შემდეგ ჩვენ აბიტურიენტებსაც ვკითხეთ, რა გაიგეს ისტორიის საგნის გარშემო და როგორია მათი მოლოდინი.

“ქრონოლოგია ამოიღეს. 35 დახურული დავალება იქნება, ილუსტრაციებიც ამოიღეს. რუკაში 5 ან ექვსი კითხვა მოგვივა და დახურული კითხვები იქნება ღიას ნაცვლად. 2024 წლის პროგრამა 11-12 კლასის წიგნებით უნდა გავიაროთ, აი, ეს გავიგეთ. ვფიქრობთ, რომ გამარტივდა, მაგრამ რადგან ჯერ არ გვაქვს ტესტის ნიმუში, გადაჭრითაც ვერ ვიტყვით რომ უფრო მარტივი იქნება”, – ამბობენ აბიტურიენტები.

რაც შეეხება ისტორიის ტესტში მოცემულ დავალებათა ქულების გადანაწილებას, როგორც დღეს, 27 ნოემბერს, გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ქულათა გადანაწილება ასეთი იქნება:

  • 35 დახურული ტიპის დავალება – თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1; სულ – 35 ქულა;
  • ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) – თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ – 6 ქულა;
  • ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) – მაქსიმალური ქულაა 5;
  • ისტორიული წყაროს ანალიზი (ღია დავალება) – მაქსიმალური ქულაა 14.

“აბიტურიენტებს მინდა გირჩიოთ, რომ არ იჩქაროთ გამოცდაზე მუშაობისას – მერწმუნეთ, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო – 2 საათი და 40 წუთი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდად და წყნარად იმუშაოთ. ასევე, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის დასმული ესა თუ ის კითხვა – მაგალითად, იმ დავალებაში, სადაც გამოსაცდელს ვთხოვთ დაასახელოს მიზეზი ან შედეგი, ყოველთვისაა დაკონკრეტებული, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს – პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ სხვა სახის. გარდა ამისა: როცა დავალების პირობაში გთხოვენ დაასახელოთ მსგავსი ანალოგიური მოვლენა, ყოველთვის მითითებულია გარკვეული საზღვრები (ან საუკუნეები, ან ვთქვათ, გეოგრაფიული რეგიონი). შესაბამისად, აუცილებელია დავალების პირობის ყურადღებით წაკითხვა და პასუხის კონკრეტულად იმ კითხვაზე გაცემა, რასაც ტესტში გეკითხებიან“, – განმარტა აბიტურიენტებისთვის მიხეილ ბახტაძემ.

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ შეახსენა აბიტურიენტებს, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 40 წუთი.

ასევე იხილეთ:

2024 წლის აბიტურიენტებს უცხოური ენის თხზულების დავალებაში აღარ ექნებათ მოთხოვნა – „დაეთანხმეთ ან უარყავით“

გამოქვეყნდა აბიტურიენტთა 2024 წლის საგამოცდო პროგრამები და ინფორმაცია ტესტური დავალებების შესახებ

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური